კახა კალაძე დაბრუნდა და გაიმარჯვა, ლევან კობიაშვილს კი საგოლე პასი არ დაუფასდა

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის განსაკუთრებული ნამდვილად არ ყოფილა. თავი მხოლოდ იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ რამდენიმე არცთუ ხელწამოსაკრავი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ჩვენებურები კვლავ ხვდებიან.

ევროპის ზოგ ქვეყანაში სეზონი ჯერ არ განახლებულა და იმედი დავიტოვოთ, რომ მალე, როცა საქმეში მეტი ქართველი ჩაერთვება, დადებითზე საწერი დღევანდელზე ბევრი გვექნება.

იტალიის სერია A-ში "ჯენოამ" შინ 3:2 აჯობა "ნაპოლის". მატჩის დასრულებამდე ათი წუთი რჩებოდა, როცა გენუელები სამბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ და თითქოს სამი ქულა ჯიბეში ედოთ, თუმცა სტუმრებმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს და კახა კალაძის
გუნდმა ხელსაყრელი შედეგი ნერვულ ვითარებაში შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. "ჯენოამ" სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა, თუმცა მაინც მყარად რჩება "ოქროს შუალედში". ამის მიუხედავად, კალაძის გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

სერია B-ში კი "ემპოლი" საკუთარ მოედანზე "ბრეშასთან" 0:2 დამარცხდა და ისედაც კრიტიკული სატურნირო მდგომარეობა უფრო გაირთულა - ქართველთა გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გააფთრებით იბრძვის. ლევან მჭედლიძე "ემპოლის" სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოდ დარჩა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა მომავალ უქმეებზე განახლდება, პირველ ბუნდესლიგაში კი ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" შინ 1:2 წააგო "ჰამბურგთან". 81-ე წუთზე პიერ ლასოგამ პრესტიჟის გოლი ქართველის გადაცემით გაიტანა. ამის მიუხედავად, "შპორტალმა" ლევანისთვის 5-იანზე მეტი ვერ გაიმეტა, რაც ბერლინელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი დაბალი შეფასებაა.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "ლე მანმა" "შატორუს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა კარი გიორგი მაკარიძემ დაიცვა. 20-გუნდიან ლიგა 2-ში "ლე მანი" მე-17 პოზიციაზეა. "ბასტიამ", რომლის განაცხადშიც ამირან სანაია არ ყოფილა, სტუმრად "კლერმონთან" 1:2 წააგო. "ბასტია" დღეისთვის მესამე ადგილზეა.

საბერძნეთში "ოლიმპიაკოსმა" "ერგოტელისი" მიიღო და 3:0 გაანადგურა. გიორგი შაშიაშვილი სტუმართა ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, იმ დროისთვის კი ანგარიში გახსნილი არ იყო. 16-გუნდიან სუპერლიგაში "ერგოტელისი" მე-9 ადგილზეა.

თურქეთში "სამსუნსპორი" შინ 2:4 დამარცხდა "ისტანბულთან". აკაკი ხუბუტია მასპინძელთა ძირითადში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. იმ მომენტში ანგარიში 0:3 იყო. საქართველოს ნაკრების მცველმა გაფრთხილება მიიღო. "სამსუნი" ბოლოსწინა საფეხურზეა.

დღეს შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი" "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.

კვიპროსზე "ანორთოსისი", რომლის წევრიც რამდენიმე დღის წინ დავით კვირკველია გახდა, შინ "ალკისთან" 0:0-ს დასჯერდა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა. თუკი ერთი კვირის წინ ფამაგუსტელები მეორე ადგილზე იყვნენ და ლიდერ "ომონიას" მხოლოდ გატანილ-მიღებული ბურთების შეფარდებით ჩამორჩებოდნენ, ამ დანაკარგით მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. კვირკველია სასტარტოში იყო და ბოლო წუთზე შეცვალეს.

ფინეთში ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. ირაკლი სირბილაძის "ინტერი" შინ ტპს-სთან 0:1 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.

ჰოლანდიური ლეგიონის ამბავი შაბათის "ლელოში" გაგაცანით, მაგრამ ერთხელაც შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" სტუმრად "ეინდჰოვენთან" 1:3 დამარცხდა და მატჩში მონაწილეობა გურამ კაშიამ და გიორგი ჭანტურიამ მიიღეს. კაპიტანი კაშია არნემელებს ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული