ლეგიონის უქმეები: კახა კალაძე ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის უქმეებიდან, ყველაზე ღირსშესანიშნავი, რაღა თქმა უნდა, ნიკა გელაშვილის შთამბეჭდავი გერმანული დებიუტი იყო, სხვა საინტერესო ამბებზე კი ქვემოთ წაიკითხავთ.

სერია A-ში კახა კალაძის "ჯენოამ" რომის "ლაციოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. გენუელები მე-9 ადგილზე არიან და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ, კალაძემ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

სერია B-ში "ემპოლი" შინ "კროტონეს" დაუზავდა - 1:1 და კვლავ სახიფათო ზონის სიახლოვეს ტრიალებს. "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძე 58-ე წუთიდან გამოჩნდა და მისმა გუნდმა ანგარიში ამის შემდეგ გაათანაბრა, ირაკლი შეყილაძე კი მასპინძელთა
განაცხადში არ ყოფილა.

პირველ ბუნდესლიგაში კვლავ წააგო ბერლინის "ჰერტამ", რომელიც საკუთარ მოედანზე "ჰანოვერთან" 0:1 დამარცხდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა გასავარდნ ზონას.

ერთადერთი, რაც პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, ის არის, რომ ლევან კობიაშვილი ამ შეხვედრაში "ჰერტას" კაპიტანი იყო. ვეტერანმა ქართველმა ამჯერადაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და "შპორტალმა" მისი გარჯა, 3,5-ით შეაფასა, რაც დედაქალაქელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

მეორე ბუნდესლიგაში მოიგო ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" - შინ "აუეს" 2:1 აჯობა და ბოლოდან ბოლოსწინა პოზიციამდე "აღზევდა". "კარლსრუეს" კაპიტანი იაშვილი, რომელსაც "შპორტალმა" 4-იანი დაუწერა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. საგოლე კომბინაციებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

გადავინაცვლოთ ჰოლანდიაში, სადაც "ვიტესმა" გურამ კაშიას გარეშე მოუგო "ბრედას". არნემელებმა შინ 1:0 გაიმარჯვეს, მათმა ქართველმა კაპიტანმა კი ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა. ჩვენებურთაგან ამ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ გიორგი ჭანტურიამ მიიღო, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. ვაკო ყაზაიშვილი განაცხადში არ ყოფილა. "ვიტესი" ერედივიზიეში მე-7-ეა და ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

თურქეთში "ქაისერისფორმა" "გენჩლერბირლიგისთან" საკუთარ მოედანზე 2:3 წააგო. შოთა არველაძის გუნდმა მესამე გოლი ბოლო წუთზე გაუშვა. ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "ქაისერი" მე-9 საფეხურზეა, აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორი" კი დღეს "ქარაბუქსფორს" სტუმრობს.

საბერძნეთში "ერგოტელისმა" შინ ოფის-თან 0:1 წააგო, ამ შეხვედრაში "ერგოტელისის" მცველ გიორგი შაშიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, იგი განაცხადშიც არ იყო.

კვიპროსზე "ანორთოსისი" სტუმრად "არისთან" 0:1 დამარცხდა და თუკი ორი კვირის წინ თანალიდერი იყო, დღეს ერთპიროვნულ ლიდერ "ომონიას" 5 ქულით ჩამორჩება. დავით კვირკველიამ მატჩს "ანორთოსისის" სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

დაბოლოს, კიდევ ერთი გოლის შესახებ, რომელიც ქართველმა ამხანაგურ მატჩში გაიტანა - "კრასნოდარმა" მოლდოვის ჩემპიონ "დაჩიას" 1:0 სძლია. კრასნოდარელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კიშინიოველთა კარი თავური დარტყმით დალაშქრა. მის გარდა, ამ მატჩში "კრასნოდარის" შემადგენლობაში ნუკრი რევიშვილმა და ოთარ მარცვალაძემაც ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული