გერმანელი ქომაგი ნიკა გელაშვილზე: ამ ბიჭმა იცის ფეხბურთის თამაში!

AutoSharing Option
"ეს მაისურა, რომელსაც ჩემს ვაჟს, კობას ვჩუქნი, ჩემს კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს", - თქვა ნიკოლოზ გელაშვილმა მეორებუნდესლიგური დებიუტის შემდეგ.

შეგახსენებთ, "ბოხუმმა" მისი ეფექტური გოლით 2:1 დაამარცხა როსტოკის "ჰანზა". ნიკამ სტუმართა კარი მოედანზე შესვლიდან 8 წუთში, ბურთთან მეორე შეხებით დალაშქრა.

გერმანული მედიის გამოხმაურების შესახებ გუშინაც გიამბეთ, დღეს კი "ბოხუმის" გულშემატკივართა მოსაზრებებს გაგაცნობთ. გერმანულ სპორტულ ფორუმებზე 26 წლის გელაშვილს უკვე არაერთი თემა მიუძღვნეს.

"პირველივე მატჩმა გვიჩვენა, რომ "ბოხუმი" სერიოზულად გაძლიერდა! კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკა!"

"დებიუტიც ასეთი უნდა! ფეხბურთელმა, რომლის შესახებაც სულ
ცოტა ხნის წინ არაფერი ვიცოდით, ნახევარ ტაიმში დაგვიმტკიცა, რომ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეუძლია".

"ნახეთ გელაშვილის თამაშების მომენტები ავსტრიულ "შტურმსა" და ბელგიურ "ბრიუგესთან" და დარწმუნდებით, რომ საქმე მაღალი კლასის თავდამსხმელთან გვაქვს.
"შტურმისა" და "ბრიუგეს" დონის გუნდები მეორე ბუნდესლიგაში ალბათ არც არიან და თუკი ნიკამ მათთან შეძლო მაღალ დონეზე თამაში, რატომ უნდა გაუჭირდეს მეორე ბუნდესლიგასთან ადაპტაცია?"

"ქართველებს გერმანულ ფეხბურთთან ადაპტაცია არასდროს უჭირდათ და დარწმუნებული ვარ, გელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "ვილი" იქნება".

"გული მიგრძნობს, რომ ნიკა კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს. "ბოხუმის" ხელმძღვანელობამ მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა იღონოს და მჯერა, მომავალ სეზონში გელაშვილის გოლებით პირველ ბუნდესლიგაში გადავალთ".

"გელაშვილი პირველი ბუნდესლიგის ზოგ ფორვარდსაც კი სჯობია. საქართველოს ჩემპიონატზე არაფერი ვიცით, მაგრამ იქნებ ღირდეს, "ბოხუმმა" მასზე დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნოს. მგონია, რომ საქართველოდან სხვა საინტერესო ფეხბურთელების წამოყვანაც შეგვიძლია".

"მან პირველივე მატჩით უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა. ამ ბიჭმა იცის ფეხბურთის თამაში!"

დაგვეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ამხელა ავანსებია გაცემული. "ბოხუმი" რიგითი გერმანული კლუბია, მაგრამ ბოლო დროს ასეთი დონის ტრანსფერებიც სანატრელი გვაქვს.

ნიკას კარგი დასაწყისი გვაიმედებს, რომ იგი "ბოხუმისთვისაც" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივაც გაუჩნდება, რაც, უპირველესად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახეირებს.

დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ გელაშვილი არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომელსაც ქება და კარგი კონტრაქტი დათვურ სამსახურს უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანელი ქომაგების კომენტარების გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებდით.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ გერმანულმა "შპორტალმა" გელაშვილს 2,5 დაუწერა, ასეთი მაღალი შეფასება კი იმ მატჩში "ბოხუმის" შემადგენლობაში არავის დაუმსახურებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშის მიმოხილვა და გელაშვილის გოლი
არჩილ
17:26 07-02-2012
0
მაგარია
t.g.
16:31 07-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული