საბა კვირკველია "მარბელას თასის" ფინალშია

AutoSharing Option
9 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და მეშვიდე ადგილისთვის სამარის "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდება, რომელიც წინა მატჩში მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა.

მეტოქისა და საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით, ახლა კი მოკლედ შევეხოთ უშუალოდ "მარბელას თასზე" განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის უნდა იყოს, რომ ამ ტურნირის ფინალში გავიდა ყაზანის "რუბინი", რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი საბა კვირკველია იცავს. მან "ზესტაფონთან" მეოთხედფინალშიც ითამაშა და ნახევარფინალურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ფეროელების შემდეგ ყაზანელებმა პოლონური "ლეხი" შედარებით მოკრძალებული ანგარიშით, 3:1
დაამარცხეს. კვირკველია თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. იმედია, მას ფინალში თამაშის საშუალებაც მიეცემა და "რუბინის" ოფიციალურ მატჩებშიც ხშირად ვიხილავთ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კიევის "დინამომ" ჩინური "გუანჯოუ" 4:0 გაანადგურა და საკმაოდ დამაინტრიგებელი ფინალური წყვილიც მივიღეთ.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს "ლეხი" და "გუანჯოუ" დაუპირისპირდებიან, მეხუთე ადგილისთვის შეხვედრა კი მოსკოვის ცსკა-სა და "ზესტაფონის" მძლეველ რუმინულ "ტიმიშოარას" შორის გაიმართება. ყველა ეს შეხვედრა 9 თებერვალს ჩატარდება.

ლეგიონერების თემას აკაკი ხუბუტიათი გავაგრძელებთ, რომლის "სამსუნსფორმაც" სტუმრად "ქარაბუქსფორთან" 1:2 წააგო, თურქული სუპერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დარჩა და გავარდნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგო იყო.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის "ლე მანს" "ნანტისთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

დღეს ლევან კობიაშვილის "ჰერტა", რომელიც ბუნდესლიგაში ვერ ბრწყინავს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსსაც გაიჩენს. შეგახსენებთ, გერმანიის თასზე შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ერთი მატჩით ირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული