ლადო დვალიშვილმა პოლონური ანგარიში გახსნა

AutoSharing Option
სათაურში გამოტანილი ამბის გარდა, ქართველ ლეგიონერთა მონაწილეობით გასულ უქმეებზე ღირშესანიშნავი არაფერი მომხდარა. გადამწყვეტი ვერც ლადო დვალიშვილის გოლი გამოდგა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ხანგრძლივი საგოლე პაუზა აქვს, ახალი კლუბის შემადგენლობაში საგოლე ანგარიში გახსნა.

დვალიშვილმა "ლოძის" კარი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე დალაშქრა, თუმცა ამ დროისთვის ვარშავის "პოლონიას" ორი გოლი ჰქონდა მიღებული და დვალიშვილის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა.

ლევან კობიაშვილმა ოტო რეჰაგელის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. სახელოვანმა გერმანელმა სპეციალისტმა ვეტერანი ქართველი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. "ჰერტა" უიმედოდ
დამარცხდა, კობი "შპორტალმა" 4-იანით შეაფასა, თუმცა მის არაერთ თანაგუნდელს უარესი ნიშანი ერგო.

"ბოხუმმა" კატასტროფული მარცხი იწვნია და თავი ვერც ნიკა გელაშვილმა გამოიჩინა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, ის არის, რომ ქართველი თავდამსხმელი ზედიზედ მეორე მატჩია, ძირითად შემადგენლობაში ხვდება და შეუცვლელად თამაშობს.

კახა კალაძის "ჯენოა" ზედიზედ მეოთხე მარცხს 96-ე (!) წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა, ზედიზედ მესამედ წააგო "ვიტესმა", "ქაისერისფორს" კი ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული