ლევან კორღალიძემ გოლით დაიწყო, ირაკლი სირბილაძემ კი კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები ექვს-ექვსად დაიყვნენ, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები მეორე ეტაპზე სრულად გადაჰყვათ.

კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" შინ "რავანს" 1:0 სძლია. ამ მატჩში ბაქოელთა ღირსება 90 წუთის განმავლობაში დაიცვეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა, ბაჩანა ცხადაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

აზალ-მა "სუმგაითს" უმასპინძლა და ჰოკეის ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. ნუგზარ კვირტია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

"თურანმა", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე
გოგობერიშვილი
იცავს, შინ ლენქორანის "ხაზართან" 0:1 წააგო. გოგობერიშვილი მოედანზე თავიდან ბოლომდე იყო.

გიორგი ადამიას
"ყარაბახმა" ზაქათალის "სიმურგი" მიიღო და 1:0 სძლია. ადამია ძირითადში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

"ინტერი" და "ყარაბახი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ქართველთა დანარჩენი გუნდები კი ქვედა ექვსეულში მოხვდნენ. "ინტერი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "ნეფთჩის" 5 ქულით ჩამორჩება, "ყარაბახი" კი მეოთხეზეა და "ნეფთჩიმდე" 8 ქულა აშორებს.

აზალ-ს პრემიერლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს, "თურანი" კი უკანასკნელ ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ფინეთის ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე კი ირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა. მისმა "ინტერმა" სტუმრად "მარიეჰამნი" 3:0 გაანადგურა, სირბილაძემ კი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, 58-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე ბურთი გაიტანა.

მოლდავის ნაციონალ "ა" დივიზიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ქართველი პლეიმეიკერის, ლევან კორღალიძის კიშინიოვის "ნისტრუმ".

9 მარტს მისმა გუნდმა გასვლაზე "ცსკა-რაპიდთან" 2:1 გაიმარჯვა. თავისიანთა წარმატებას სათავე სწორედ კორღალიძემ დაუდო - 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მე-2 წუთზე მეტოქეს ბურთი აართვა და ანგარიში გახსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული