დავით კვირკველიას გოლი და ქართული დერბი პოლონეთში

AutoSharing Option
12 მარტს პოლონეთის ექსტრაკლასში "ქართული დერბი" შედგა. ლადო დვალიშვილის "პოლონიამ" ნიკა ძალამიძისა და მერაბ გიგაურის "იაგიელონიას" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.

მატჩში ქართული გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, შეხვედრაში ჩვენმა სამივე თანამემამულემ მიიღო მონაწილეობა. თუკი დვალიშვილი და ძალამიძე საკუთარი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობენ, გიგაურს მოედანზე გასვლა იშვიათად უწევს. იგი გუშინ ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, დანარჩენმა ორმა ჩვენებურმა კი შეუცვლელად ითამაშა.

"პოლონია" 37 ქულით III-V ადგილებს იყოფს და ლიდერ "ლეგიას" 5 ქულით ჩამორჩება. "იაგიელონია" კი 23 ქულით 12-ეა და უძლიერესთა
შორის დასარჩენად იბრძვის.

ქართული გოლი გავიდა კვიპროსზე - დავით კვირკველიამ "ანორთოსისის" მაისურით პირველად გაიტანა. მან ლარნაკას აეკ-თან გასვლით შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, მასპინძლებმა კი 34-ეზე გაათანაბრეს და ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა - 1:1.

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 48-ე ქულით მეოთხეა. ლიდერ აელ-ს 54 ქულა აქვს.

თუკი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" წინა მატჩისას სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯდა, ახლა, სამწუხაროდ, თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. მოსკოველებმა მახაჩყალაში "ანჟისთან" 0:0 ითამაშეს. "სპარტაკი" თანაქალაქელ "დინამოსთან" მესამე ადგილს ინაწილებს.

ნალჩიკის "სპარტაკი" შინ 1:2 დამარცხდა პერმის "ამკართან". მასპინძელთა შემადგენლობაში დავით სირაძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ტომსკში "ტომთან" 0:1 დამარცხდა. "ვოლგას" შემადგენლობაში გია გრიგალავამ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ალექსანდრე იაშვილმა "კარლსრუეს" ბოლო მატჩი გაფრთხილებათა ჭარბი რაოდენობის გამო გამოტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული