ნიკა გელაშვილმა "ბოხუმის" სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
ნიკოლოზ გელაშვილმა რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ "ბოხუმის" სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა ამან მის გუნდს ვერაფერი უშველა.

"ბოხუმი" სტუმრად 0:3 განადგურდა ფრანკფურტის "აინტრახტთან", ქართველი ფორვარდი კი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

"ბოხუმს" ჯერ კიდევ არ ემუქრება მეორე ბუნდესლიგიდან დაქვეითების საფრთხე, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, სეზონის ფინიშზე, შესაძლოა, ამის საშიშროების წინაშეც დადგეს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანმა" "მონაკოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა, რატომღაც, არ მიუღია. იგი განაცხადშიც არ
ყოფილა. "ლე მანი" კვლავ გასავარდნ ზონაშია.

რუსეთის პრემიერლიგაში ნალჩიკის "სპარტაკმა" ტომსკის "ტომს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. "სპარტაკის" შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია დავით სირაძეს, რუსეთის მოქალაქე გუჯა რუხაიამ კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ნალჩიკელები ბოლო ადგილზე არიან და პრემიერლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ.

ფინეთის ლიგის თასს ნახევარფინალში გამოეთიშა ტურკუს "ინტერი". მისმა ქართველმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ჰიკ-ს გოლი გაუტანა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ჰიკ-მა იმარჯვა.

მოლდოვაში ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" შინ "კოსტულენი" 4:1 გაანადგურა, ლევან კორღალიძის "ზიმბრუმ" კი საკუთარ მოედანზე "სფინტულ გეორგეს" 2:0 სძლია. ორივე ქართველი მოედანზე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული