კახა ცხადაძე: ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერმა" აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბოლო ტურში ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წააგო. კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" ლიდერ ბაქოს "ნეფთჩის" 6 ქულით ჩამორჩება და 48 ქულით "ხაზართან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ ლენქორანელებთან შეხვედრაში "ინტერი" მოედანზე 9 კაცით დარჩა, 41-ე წუთზე ჯერ აზიზ გულიევი გააძევეს, 86-ე წუთზე კი ვალერი აბრამიძე და "ხაზარმა" მეორე გოლი მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანა.

"ლენქორანული კლუბი აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია და საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში "ხაზარს" 4 მატჩიდან 3 მოვუგეთ, ორჯერ კი მთავარი მწვრთნელი სწორედ ჩვენთან
წაგების შემდეგ მოხსნეს.

რეალურად, ჩემპიონობის შანსი გუნდს არ დარჩა, თასიდან გამოვაგდეთ და ახალ მწვრთნელს ჩვენთან მოგებას სთხოვდნენ. ის სამი წელი უმუშევარი იყო და "ინტერის" დასამარცხებლად აბსოლუტურად ყველა ხერხი იხმარა.

მსაჯმა 41-ე წუთზე აბსურდული პენალტი დაგვინიშნა და კაცი გაგვიგდო. ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, კარგადაც შევუტიეთ და აშკარა ჩანდა, გოლი მწიფდებოდა, როცა აბრამიძეც გააძევეს. ამით მსაჯმა ყველაფერი გვითხრა.

მატჩის შემდეგ "ხაზარის" მთავარ მწვრთნელს პირში ვუთხარი, რომ არა ასეთი უღირსი მსაჯობა, მოგების შანსი არ გქონდათ-მეთქი", - თქვა "ლელოსთან" საუბარში კახა ცხადაძემ.

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ ბაქოს "ინტერის" ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ "ინტერის" დატოვებას აპირებს?

"არ ვტრაბახობ, ეს ფაქტია: აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გვეკუთვნის, რადგან 19-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩავატარეთ. ეს იმ დროს, როდესაც "ინტერს" აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ყველაზე პატარა ბიუჯეტი და მოთამაშეთა არჩევის მწირი საშუალება აქვს.

თანაც, ახლა აზერბაიჯანში სამი უცხოელი მწვრთნელიღა დარჩა, რომელთაგან ორი ქართველი ვართ: მე და გიორგი ჩიხრაძე. აზერბაიჯანელებს ქართველები უყვართ, სითბოსა და პატივისცემას ყველა ქალაქში და ყველა ნაბიჯზე ვგრძნობთ, მაგრამ ვიღაცებს ჩვენი წარმატება მაინც აღიზიანებთ.

ესეც მშრალი სტატისტიკაა - ფინალური ექვსეულის ექვსი მატჩიდან ხუთ შეხვედრაში მოთამაშე მოედნიდან გაგვიგდეს.

არ დავმალავ, უკვე ორი თვეა, "ინტერმა" ახალი კონტრაქტი რომ შემომთავაზა, მაგრამ ხელმოწერაზე თავს ვიკავებ. რობოტი არ ვარ, ყველაფერს საზღვარი აქვს. ახლა მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მცირე ხნის წინ იძულებული გავხდი, ფანტასტიკურ წინადადებაზე მეთქვა უარი. მაგრამ სხვა არჩევანი არც მქონდა. კონტრაქტი არ არის ყველაფერი, დახევ და გადააგდებ, "ინტერის" მეპატრონესთან კი ადამიანური ვალდებულებები მქონდა და გუნდს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი.

მაგრამ უკვე მართლაც დასაფიქრებელია, ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც ჩანს საქართველოში შურიანი ხალხი არ დაილევა არასდროს... ცხადაძე იყო და არის სამაგალითო სპორცმენი და პიროვნება და ეს სპორტში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან ... მოღალატე ისა ვინც ხედავს რომ თანამემამულეე ატასგვარ სიცრუეს ავრცელებენ და იმიდ მაგივრად რო გვერდში დაუდგეთ პირიქით ვყვებით აზერების გაბოროტებულ შავ პიარს , რომელიც უკვე კაი ხანია გრძელდება...
danielle
20:15 04-04-2012
0
ნაკრებიდან ფულის გამო კი არ წავიდოდა ეს, არეული საქმეები რომ იყო და არის ფედერაციაში. კლუბებში ბევრად უფრო დალაგებულია სიტუაცია, არც აქაა იდეალური, მაგრამ ნაკრებებს კი სჯობს
dato
16:03 04-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული