ლევან კობიაშვილი გერმანულ რეკორდს უახლოვდება, "ჰერტა" იძირება

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტამ" ისეთი მატჩი წააგო, რომელშიც დამარცხების უფლება არ ჰქონდა. დედაქალაქელებმა შინ "ფრაიბურგთან" 1:2 დათმეს და ისედაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს.

"ჰერტას" კვლავაც ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების დიდი საფრთხე. ლევან კობიაშვილის გუნდი ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პლეი ოფის ზონაში მყოფ "კიოლნს" ორი ქულით ჩამორჩება, "აუგსბურგს" კი - სამით.

კობიაშვილი ამჯერადაც "ჰერტას" კაპიტანი იყო და კვლავ მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. "შპორტალმა" მას 3,5 დაუწერა. ბერლინელთა შემადგენლობიდან ამაზე უკეთესი შეფასება, 3-იანი, მხოლოდ მეკარე თომას კრაფტმა
მიიღო.

რაც შეეხება კობის სარეკორდო სვლას, მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებული უკვე 334 მატჩია, ლეგიონერთა შორის კი ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი ბრაზილიელი ზე რობერტოა 336 შეხვედრით. კობიაშვილს მისი რეკორდის დამხობა ამ სეზონშივე შეუძლია, მაგრამ თუ "ჰერტა" ბუნდესლიგიდან გავარდა, ლევანის რეკორდს მალევე გააუმჯობესებს ბრემენის "ვერდერის" პერუელი ფორვარდი კლაუდიო პისარო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმი" სტუმრად 0:2 დამარცხდა აახენის "ალემანიასთან". ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" კი საკუთარ მოედანზე დრეზდენის "დინამო" 2:0 დაამარცხა. გელაშვილის გერმანიაში გადასვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ იგი განაცხადში შეიყვანეს და არ ათამაშეს. იმედია, იგი მოედანსაც მალე დაუბრუნდება და გოლის გემოსაც გაიხსენებს.

"კარლსრუეს" კაპიტანი იაშვილი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. "შპორტალმა" მას 2-იანი დაუწერა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მოედანზე მყოფთა შორის საუკეთესო შეფასებაა.

შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორს" სულ ცოტა დააკლდა ხმაურიანი სენსაციის ავტორობამდე. თურქეთის თასის მეოთხედფინალში ქართველთა გუნდი "ფენერბახჩეს" ესტუმრა და პირველი ტაიმი 2:0 მოუგო, თუმცა სტამბულელებმა ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, ბოლო წუთზე კი ანგარიში გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს.

დამატებით 30 წუთში გოლი აღარ გასულა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიაზე მიდგა, სადაც "ფენერბახჩემ" ხუთივე პენალტი გამოიყენა, "ქაისერიმ" კი ერთი დარტყმა გააცუდა.

ამ მარცხით "ქაისერისფორმა" ევროპის ლიგაზე გასვლის ბოლო შანსი დაკარგა. ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა და 90-ე წუთზე გააფრთხილეს. პენალტების სერიაში კი მონაწილეობა არ მიუღია.

იტალიის სერია A-ში კახა კალაძის "ჯენოამ" "ჩეზენას" უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გენუელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. იმ დროისთვის "ჯენოა" 1:0-ს იგებდა. კალაძემ 28-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო. იტალიის 20-გუნდიან ჩემპიონატში "ჯენოა" 35 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ "ლეჩეს" 4 ქულით უსწრებს. ასე რომ, დარჩენილ ტურებში კალაძესა და მის თანაგუნდელებს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევთ.

რუსეთში თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალში გავიდა ყაზანის "რუბინი", რომელმაც შინ "როსტოვს" 2:0 სძლია. საბა კვირკველია ამჯერადაც "რუბინის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მოსკოვში "დინამოსთან" 1:2 მარცხით გათამაშებას გამოეთიშა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", რომლის შემადგენლობაშიც შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ.

უკრაინის თასზე კი, სადაც ასევე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იმართება, ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. კიევის "არსენალი" შინ დამატებით დროში 0:1 დამარცხდა "ვოლინთან". სანდრო კობახიძე "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 97-ე წუთზე შეცვალეს, 95-ეზე კი გააფრთხილეს.

ასევე შინ, ასევე დამატებით დროში და ანალოგიური ანგარიშით წააგო ლუგანსკის "ზარიამ" დონეცკის "მეტალურგთან". ჯაბა ლიპარტია "ზარიას" რიგებში მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც უკრაინის თასის ნახევარფინალში გააღწია, მურთაზ დაუშვილია. მისმა "კარპატიმ" შინ ოდესის "ჩერნომორეცს" 2:1 მოუგო, ლვოველთა ქართველმა ნახევარმცველმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

ავსტრიის თასის მეოთხედფინალში სენსაციურად დამარცხდა გრაცის "შტურმი", რომელმაც შინ ქვედალიგელ "ჰარტბერგთან" 2:2 ითამაშა. დამატებით დროში კი კიდევ ორი ბურთი მიიღო. გიორგი ფოფხაძემ "შტურმის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "შტურმისთვის", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, მიმდინარე სეზონი აშკარად წარუმატებელი გამოდგა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში, ანუ რანგით მეორე დივიზიონში, გიორგი ივანიშვილის "ბელინცონამ" სტუმრად 3:2 სძლია "არაუს". ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა.

დანიაში "ორჰუსმა" "კოპენჰაგენს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა. "ორჰუსის" შემადგენლობაში ამჯერად არ გამოჩენილა დავით სხირტლაძე, რომელმაც მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. არადა, ბოლო პერიოდში იგი ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა. სხირტლაძის თანაგუნდელი დავით დევდარიანი კვლავაც ტრავმირებულია.

ჰოლანდიის ერედივიზიეში გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" 12 აპრილს "ვენლოს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული