ლევან კობიაშვილის რეკორდს საფრთხე დაემუქრა

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის რეკორდს საფრთხე კიდევ ერთხელ დაემუქრა. ბერლინის "ჰერტას" ქართველი კაპიტანი ლევერკუზენის "ბაიერთან" მატჩის 65-ე წუთზე გააძევეს და ამის გამო ბუნდესლიგის შემდეგი ტურის გამოტოვება მოუწევს.

იმისთვის, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატაროს, საჭიროა, რომ კობიაშვილმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ითამაშოს. ბუნდესლიგის დასრულებამდე კი სულ სამი ტურია დარჩენილი.

დღეისთვის მოქმედი რეკორდსმენის, ბრაზილიელი ზე რობერტოს ანგარიშზე 336 მატჩია, ლევანის აქტივში კი 335 შეხვედრაა. ამ სეზონში გამოცდილი ქართველი უკვე მეორედ გააძევეს.

საიმისოდ, რომ კობის რეკორდი პერუელმა კლაუდიო პისარომ მომავალ სეზონშივე არ
დაამხოს, საჭიროა, რომ "ჰერტამ" და ლევანმა შემდეგი სეზონიც პირველ ბუნდესლიგაში გაატარონ. "ჰერტა" ერთი ქულით ჩამორჩება მე-16 ადგილზე მყოფ "კიოლნს", მე-16 პოზიცია კი მეორე ბუნდესლიგის მესამე კლუბთან პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. ასე რომ, დედაქალაქელებს უძლიერესთა შორის დასარჩენად მძიმე ბრძოლები ელით.

აღსანიშნავია, რომ კობიაშვილის გაძევების მომენტში "ჰერტა" 1:2-ს აგებდა. ლევანი 65-ე წუთზე შვეიცარიელ ერენ დერდიოკს ეუხეშა და ამისთვის გააძევეს. "ბაიერმა" ამ ეპიზოდში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რასაც "ჰერტას" ორი გოლი მოჰყვა. ოტო რეჰაგელის გუნდმა გამარჯვება მაინც ვერ შეინარჩუნა და 3:3-ს დასჯერდა.

მეორე ბუნდესლიგაში ქართული გოლი არ გასულა, თუმცა ორივე ქართველმა ფორვარდმა საგოლე პასი მიითვალა. ალექსანდრე იაშვილის შედეგიანმა გადაცემამ "კარლსრუე" მარცხისგან ვერ იხსნა. სამაგიეროდ, "ბოხუმისა" და "მიუნხენ 1860"-ის მატჩის 93-ე წუთზე ბოხუმელმა კევინ ფოგტმა თავის გუნდს ქულა ნიკოლოზ გელაშვილის პასით მოუტანა.

მას შემდეგ, რაც სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა, ნიკას "ბოხუმის" მაისურით აღარ გაუტანია, მაგრამ შესაძლოა, მას თავდაჯერება ამ შედეგიანმა გადაცემამ დაუბრუნოს.

იტალიაში მატჩები "ლივორნოს" ფეხბურთელის, პიერმარიო მოროზინის გარდაცვალების გამო გადაიდო და სწორედ ამიტომ კახა კალაძემ "სან სიროზე" "მილანის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა. "ჯენოას" ქართველი მცველი თავის ყოფილ კლუბს უახლოეს პერიოდში დაუპირისპირდება, რაც საკმაოდ საინტერესო მოვლენა იქნება.

მართლმადიდებლური ქვეყნების უმრავლესობაში აღდგომის დღეს მატჩები არ გამართულა და ამიტომაც იქ ტური ორშაბათამდე, ზოგან კი სამშაბათამდე გაგრძელდა.

ჯანო ანანიძეს ამჯერად შედარებით მეტი სათამაშო დრო დაუთმეს და ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბის იმედები სრულად გაამართლა. მოსკოველებმა ყაზანის "რუბინს" 2:0 სძლიეს, მათი პირველი გოლი კი ჯანოს მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა.

ამ შეხვედრაში "ქართული დერბი" ვერ შედგა, რადგან საბა კვირკველია ამჯერადაც "რუბინის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ანანიძემ მოედანზე ბოლო 29 წუთი დაჰყო.

"როსტოვი"-"კრასნოდარის" შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა, სტუმართა სამივე ქართველმა - ნუკრი რევიშვილმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ოთარ მარცვალაძემ სრულად ითამაშა. "ვოლგას" შემადგენლობაში მატჩი ასევე შეუცვლელად ჩაატარა გია გრიგალავამ. დავით სირაძე კი ნალჩიკის "სპარტაკს" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა მან მინდორზე მხოლოდ ბოლო 7 წუთი გაატარა.

უკრაინული ამბებიდან მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მარიუპულის "ილიჩევეცის" შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა. უკრაინის პრემიერლიგის ქართული შვიდეულიდან გასულ უქმეებზე თამაშის საშუალება შვიდივეს მიეცა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გააძევეს "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე. ასე რომ, კობიაშვილი ერთადერთი ქართველი არაა, ვინც გასულ უქმეებზე წითელი ბარათი მიიღო.

ერთადერთი ჩვენებური, რომელმაც მეტ-ნაკლებად ძლიერ ევროპულ ლიგაში გოლი გაიტანა, ვლადიმერ დვალიშვილია. ვარშავის "პოლონიას" ქართველმა თავდამსხმელმა თავი "კრაკოვიასთან" საშინაო მატჩში გამოიჩინა - მე-5 წუთზე მან ანგარიში პენალტით გახსნა, "პოლონიამ" კი 2:1 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული