პოზიტიური ამბით დავიწყოთ - ჰოლანდიის ერედივიზიეში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი ჭანტურიამ გოლი გაიტანა. არნემის "ვიტესმა" სტუმრად "უტრეხტთან" 2:2 ითამაშა, ჭანტურიამ კი თავი 43-ე წუთზე გამოიჩინა. მისი გოლით ანგარიში 1:1 გახდა.
ჭანტურიაც და "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშიაც ძირითადში იყვნენ. კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. არანაკლებ კარგი ამბავი კი ის არის, რომ 83-ე წუთზე ჭანტურიას ნაცვლად მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი შევიდა, რომელსაც "ვიტესის" მთავარ
არნემელები 53 ქულით მე-7 ადგილზე არიან. 6 მაისს, ბოლო ტურში, "ვიტესი" ამსტერდამის "აიაქსს" მასპინძლობს.
რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვური დერბი გაიმართა - "სპარტაკისა" და "დინამოს" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია სპარტაკელ ჯანო ანანიძეს. არც საბა კვირკველია გამოჩენილა ყაზანის "რუბინისა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" შეხვედრის განაცხადში. ეს თამაში 2:2 დასრულდა. "სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, "რუბინი" კი, მაქსიმუმ, ევროპის ლიგას შეწვდეს.
"კრასნოდარი" პერმის "ამკარს" ეწვია და 2:2 ეთამაშა. სტუმართა რიგებში ნუკრი რევიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ოთარ მარცვალაძე კი კრასნოდარელთა განაცხადში არ შეუყვანიათ.
"ვოლგამ" "ტერეკს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო გია გრიგალავამ და ყვითელი ბარათი მიიღო.
ნალჩიკის "სპარტაკისა" და "როსტოვის" მატჩი 2:2 დასრულდა. ნალჩიკელთა შემადგენლობაში დავით სირაძე 69-ე წუთიდან გამოჩნდა, გუჯა რუხაია კი სათადარიგო იყო. ნალჩიკის "სპარტაკი" უკვე გავარდნილია, სხვა ქართველთა გუნდები კი სამშვიდობოზე არიან.
სრული ტური გაიმართა უკრაინულ პრემიერლიგაშიც - "ქართული დერბი" ლვოვში, სადაც ადგილობრივმა "კარპატიმ" დნეპროპეტროვსკის "კრივბასს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მურთაზ დაუშვილმა, სტუმართა შორის კი ასევე სრულად ჩაატარეს შეხვედრა უჩა ლობჟანიძემ და ჯაბა კანკავამ. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში გააფრთხილეს.
ალექსანდრე კობახიძემ კი მორიგი გოლი გაიტანა (იხილეთ ვიდეო). მისმა "არსენალმა" შინ "ვოლინი" 3:0 გაანადგურა, სანდრომ კი შეუცვლელად ითამაშა და 67-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს მისი მეშვიდე გოლია.
დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცი" "ობოლონს" ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა. ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო - თარგამაძე ბოლომდე, ოქრიაშვილი კი 70-ე წუთზე შეცვალეს.
ლუგანსკის "ზარიამ" კიევის "დინამოს" უმასპინძლა და საპატიო 0:0-ს მიაღწია. ჯაბა ლიპარტია "ზარიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველთა კლუბებიდან საუკეთესო შედეგი კიევის "არსენალს" აქვს, რომელიც მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. ყველაზე უარეს მდგომარეობაში კი "კარპატია" - დაუშვილის გუნდი პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის. უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და იგი 10 მაისს გაიმართება.
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" შინ "ლუნგბიუს" 2:1 სძლია, თუმცა ამ შეხვედრაში დავით სხირტლაძეს მონაწილეობა არ მიუღია. მან მატჩს მასპინძელთა სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.
საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში გაინაღდა ამირან სანაიას "ბასტიამ". სხვა საქმეა, რომ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა იგი ამ კლუბის წევრი მომავალ სეზონშიც. სანაიას გუნდმა ლიგა 2-ის გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "მეცი" 3:0 გაანადგურა, ქართველი მცველი კი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. ეს მიმდინარე ჩემპიონატში მისთვის მხოლოდ მეექვსე მატჩი იყო.
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" სტუმრად "იაროს" 1:0 მოუგო, თუმცა ამჯერად ირაკლი სირბილაძეს, რომელმაც თამაში თავიდან ბოლომდე ჩაატარა, თავი არ გამოუჩენია.
იტალიის სერია A-ში "ჯენოასა" და "კალიარის" შეხვედრამ კახა კალაძის გარეშე ჩაიარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"