გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
- "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, არ დაუმალავს, რომ თბილისის "დინამოსგან" აქვს წინადადება. "ინტერი" თუ ევროპის ლიგაზე გავიდა, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- ჯერჯერობით სეზონი არ დამთავრებულა. თანაც, ჩვენი მთავარი მწვრთნელი თავის პოსტს ინარჩუნებს.
- ცხადაძესთან უკვე გქონდათ საუბარი?
- აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის შემდეგ ცხადაძე აღელვებული გახლდათ. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. მისი კარგად მესმის, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ
- ნუთუ თბილისის "დინამო" ფინანსურად ბაქოს "ინტერზე" მაღლა დგას?
- შედარებაც არ შეიძლება. საერთოდაც, ქართულ ფეხბურთში ფინანსურ მდგომარეობას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. რაც მთავარია, "დინამო" უფრო ცნობილი და ძლიერი გუნდია, ვიდრე - "ინტერი". ამიტომაც ცხადაძის სურვილს კაცი გაგებით უნდა მოეკიდოს.
- ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ცხადაძის წასვლას შეგუებული ხართ...
- არა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია ისეთია, რომ შეუცვლელი არავინაა.
- ახალ მწვრთნელს უკვე ეძებთ?
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოვიპოვებთ თუ არა ევროპის ლიგის საგზურს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჯერჯერობით "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ცხადაძე გახლავთ, რომელსაც ჩვენს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი აქედან წასვლაც, ცოტა არ იყოს, არარეალურად მიმაჩნია.
- ვთქვათ, ცხადაძე მაინც წავიდა "დინამოში"; ამ შემთხვევაში, კონტრაქტის დარღვევისათვის მისგან კომპენსაციას მოითხოვთ?
- ასეთი კითხვები აქტუალურად არ მიმაჩნია. ან კიდევ, საერთოდ, რომელ კომპენსაციაზეა ლაპარაკი? ცხადაძემ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი "ინტერში": სადებიუტო სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა ჩვენი გუნდი, მომდევნო წელს კი "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა.
ამ ყველაფრისათვის ცხადაძეს მადლობა ეკუთვნის, ანუ მასთან ფინანსურ საკითხებზე არც ვისაუბრებ და არც იმას ვეტყვი, რომ ფული უკან დააბრუნე და აქედან გაგიშვებთ-მეთქი...
"ცხადაძის სურვილს ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"