შოთასა და ცხადაძე-ადამსის მესამე დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
...ამ უქმეებზე თურქეთის ჩემპიონატის V ტურის მატჩები ჩატარდება და ჩვენ განსაკუთრებულ ინტერესს ერთი კონკრეტული შეხვედრა იწვევს: "ქაისერმა" "ტრაბზონს" უნდა უმასპინძლოს; შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ქაისერის" მთავარ მწვრთნელად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ფორვარდი და უპირველესი ბომბარდირი შოთა არველაძე დაინიშნა. თავის მართლაც შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არველაძე ორი სეზონი ჰოლანდიურ "ალკმაარში" მეორე მწვრთნელად მუშაობდა და ესოდენ საჭირო გამოცდილებას იქ ეუფლებოდა. და აი, დამოუკიდებელი სამწვრთნელო ასპარეზიც, სადაც ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტს მართლაც ჩინებული დებიუტი ჰქონდა: შოთა არველაძის ხელმძღვანელობით პროვინციულმა "ქაისერმა" ზედიზედ 3 მატჩი
მოიგო და მხოლოდ წინა ტურში დამარცხდა.
ახლა კი შოთა და მისი გუნდი მომავალი მატჩისათვის ემზადებიან, თანაც ქართველი მწვრთნელისათვის "ჩვეულებრივი" შეხვედრა ნამდვილად არ იქნება - მეტოქედ ხომ "ტრაბზონი" ეყოლებათ! ანუ, გუნდი, სადაც შოთა და არჩილ არველაძეებმა თავიანთი საერთაშორისო კარიერა დაიწყეს; უფრო მეტიც: "ტრაბზონის" არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად 1994-97 წლებია მიჩნეული, ანუ, ის დრო, როცა ამ გუნდში... ძმები არველაძეები თამაშობდნენ! და აი, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, შოთასა და "ტრაბზონის" გზები ისევ გადაიკვეთება, ოღონდ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი თავის ყოფილ გუნდს როგორც მეტოქე, ისე შეხვდება. თანაც შოთას ოპონენტი ხომ საქვეყნოდ ცნობილი თურქი სპეციალისტი შენოლ გიუნეში იქნება; მწვრთნელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის 13-15 წლის წინათ ძმები არველაძეების "ტრაბზონისა" და საერთოდ, თურქული ფეხბურთის ვარსკვლავებად ჩამოყალიბებაში. მოკლედ მართლაც დიდ ინტერესს იწვევს ყოფილი მასწავლებელ-შეგირდისა და დღესდღეობით კი, უკვე კოლეგების, უაღრესად გამოცდილი გიუნეშისა და ახალბედა არველაძის დაპირისპირება...

თუმცა ეს ხომ ფეხბურთია: "ხვალ" და "ზეგ" რა იქნება, ამას ვერავინ განსაზღვრავს; ისე, როგორც თურქული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების (2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება) შემოქმედი შენოლ გიუეში ვერასდროს იფიქრებდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშობლიურ "ტრაბზონში" დაბრუნებიდან ცოტა ხანში თავის ყოფილ და ერთ-ერთ საუკეთესო შეგირდს დაუპირისპირდებოდა!

თუმცა გიუნეშისათვის და არველაძისთვის თურქეთში მოღვაწეობაც და ურთიერთდაპირისპირებაც, მაინც "ჩვეულებრივ" ამბად უნდა მივიჩნიოთ: პირველი თავის სამშობლოშია, მეორეს კი საფეხბურთო კარიერის განსაკუთრებულად ლამაზი და შთამბეჭდავი ეტაპი სწორედ ამ ქვეყანაში აქვს გატარებული. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ 3 დღის წინანდელ და, ერთი შეხედვით, მართლაც ჩვეულებრივზე-ჩვეულებრივ დაპირისპირებაზე... აზერბაიჯანის ჩემპიონატში რომ იყო.

ჰო, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული რა უნდა ყოფილიყო: პროვინციული, მაგრამ ფინანსურად მეტად და მეტად ღონიერი და წელში გამართული "გაბალა" აზერბაიჯანის ჩემპიონს ბაქოს "ინტერს" მასპინძლობდა. ცნობისათვის: საქართველოს ჩემპიონატის 5 საუკეთესო გუნდის წლიური ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, ეს თანხა "გაბალას"... ნახევარი წლის ბიუჯეტი თუ იქნება!..

თუმცა, ქართული და აზერბაიჯანული კლუბების ფინანსური მდგომარეობის შედარება ამ ეტაპზე "ნაკლებად საინტერესოა" და ისევ იმ, ერთი შეხედვით, მართლაც ჩვეულებრივი, მაგრამ, ქართველებისათვის მაინც განსაკუთრებული შეხვედრის ირგვლივ ვისაუბროთ, "გაბალა" რომ შინ დამარცხდა ბაქოს "ინტერთან". განსაკუთრებული კი იმიტომაც იყო, რომ "ინტერი" აზერბაიჯანში ყველაზე "ქართული" გუნდია: მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე მუშაობს, მისი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე გახლავთ, ხოლო გიორგი ლომაია, დავით ოდიკაძე, ილია კანდელაკი, კახა მჟავანაძე და დავით ოდიკაძე წამყვან ფეხბურთელებად მიიჩნევიან.

თუმცა, ამ შეხვედრაში "ინტერის" გამარჯვებას "სხვა" დატვირთვაც ჰქონდა: "გაბალას" მთავარ მწვრთნელად ხომ ახლო წარსულში ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" მართლაც ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსი მუშაობს; ისე, მართლაც უცნაურია: საქართველოსა და ინგლისის ნაკრების კაპიტნები, კახა ცხადაძე და ტონი ადამსი ერთმანეთს აზერბაიჯანის ჩემპიონატში თუ დაუპირისპირდებოდნენ (უკვე, როგორც მწვრთნელის რანგში), ერთი ან მეორე, ამას როგორ წარმოიდგენდა? ოღონდ, ამით სულაც არ გვინდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონის დაკნინება: ბოლოს და ბოლოს, იმავე ადამსისა და ცხადაძის გარდა, ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოღვაწეობს ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ვინფრიდ შეფერი ("კარლსრუესა" და კამერუნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი), ხოლო "ხაზარის" თავკაცი რუმინელი მირჩა რედნიკია.

თუმცა, ჩვენთვის ბევრად საინტერესო მაინც ცხადაძე-ადამსის რიგით მესამე დაპირისპირება იყო, ბოლოს და ბოლოს, ქართველის გამარჯვებით რომ დასრულდა! პირველი ორი კი, სანაკრებო დონეზე იყო: ჯერ, 1996 წლის 9 ნოემბერს თბილისში, მერე კი 1997 წლის 30 აპრილს, ლონდონში, "უემბლიზე"; სამწუხაროდ, ორივე ეს მატჩი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა (ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 2:0); და აი, საქართველოსა და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნების მორიგი დაპირისპირების "ანგარიში" შეიცვალა: ცხადაძემ მწვრთნელის რანგში შეძლო სახელოვანი ოპონენტის დამარცხება!

ტონი ადამსს მართლაც გამორჩეული კარიერა ჰქონდა: 19 (!) წლის განმავლობაში "არსენალის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის კაპიტანი და სიმბოლო გახლდათ. ჯერ, ჯორჯ გრემის, შემდეგ კი არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, სამ-სამჯერ დაეუფლა ინგლისის ლიგის თასსა და სუპერთასს, ორჯერ - ასოციაციის თასს, ერთხელ - თასების მფლობელთა თასს. ტონი ადამსი ინგლისის ნაკრებში 13 წელიწადი ასპარეზობდა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. თუმცა, კახა ცხადაძისგან განსხვავებით (თბილისის "დინამოს", ბოლნისის "სიონს" და ბაქოს "ინტერს" ქვეყნის ჩემპიონობა რომ მოაპოვებინა), მწვრთნელი-ადამსი ჯერჯერობით მიღწევებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის: თავი ვერაფრით გამოიჩინა ვერც ლონდონის "უიკომბში" (ინგლისის მეორე დივიზიონში) და ვერც "პორტსმუთში".

ახლაც, "გაბალაშიც" დიდი ვერაფერი შედეგები აქვს: 12-გუნდიან ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ გუნდი 4 ქულით IX ადგილზეა. რაც შეეხება "ინტერს", კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გუნდს კვლავაც საჩემპიონო ამბიციები აქვს და აზერბაიჯანის ჩემპიონატის კვლავაც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად რჩება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული