რატი ალექსიძე: მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ

AutoSharing Option
რატი ალექსიძეზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა, მას მართლაც განსაკუთრებული, იშვიათი საფეხბურთო ბიოგრაფია ჰქონდა. იყო "დინამო" და ლონდონის "ჩელსი", გაწბილება, თითქმის ხელის ჩაქნევაც, მერე კი ყველაფრის თავიდან დაწყება.

მან ძალიან ბევრს ვერ მიაღწია, თუმცა ბევრისმნახველი ფეხბურთელი არის.

რატი ბოლო წლებში უნგრულ "დიორში" თამაშობდა და შესაძლოა, ისევ ამ გუნდში გააგრძელოს კარიერა.

ალექსიძე ახლა თბილისშია, თორნიკე რუხაძის ხსოვნის ტურნირზეც ითამაშა სხვა ლეგიონერებთან ერთად.

"კონტრაქტი დამიმთავრდა "დიორთან". შესვენებაა, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად მაინც ვვარჯიშობ. ფეხის ზედა კუნთი მქონდა გაწყვეტილი, უოპერაციოდ მოგვარდა ყველაფერი, თერაპია მაღალ დონზე
ჩამიტარდა უნგრეთში. ერთი სიტყვით, ყველაფერი ნორმალურადაა.

"დიორში" მწვრთნელი რომ შეიცვალა და აურელ ჩერტოი დანიშნეს, ასე ვთქვათ, თავისი ხალხი მოიყვანა. დაველაპარაკე და ავუხსენი, სკამზე ჯდომას ის მირჩევნია, ფეხბურთის თამაშს თავი საერთოდ რომ დავანებო-მეთქი. ლეგიონერები აითვალწუნა, გასახდელში შემოსვლისას დაიძახებდა, უნგრეთს გაუმარჯოსო.

კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, თუ გინდა, სხვა გუნდში გადადი, მერე კი დაბრუნდი ჩვენთან და კლუბში რომელიმე თანამდებობაზე დაგასაქმებთო.

წასვლას დარჩენა ვამჯობინე. აურელი დაითხოვეს და მწვრთნელად ისევ ატილა პინტერი დანიშნეს",
- მოკლედ გვითხრა თავისი უახლოესი ისტორიების შესახებ რატიმ და მერე ისიც ვკითხეთ, თუ რატომ ვერ ითამაშებს "დიორი" ევროსარბიელზე ამ სეზონში.

"მესამე ადგილზე გავედით და, წესითა და რიგით, ევროპალიგაზე უნდა გვეთამაშა, მაგრამ კლუბს ფინანსური დავა ჰქონდა ერთ-ერთ ფეხბურთელთან და ფიფამ ფეხბურთელის მხარე დაიჭირა, რის გამოც უეფამ ევროსარბიელზე არ დაგვიშვა".

რატი 33 წლის არის და ვკითხეთ, უნგრეთის ჩემპიონატში რამდენად ეხმარება გამოცდილება.

"უნგრეთში ისეთი დონე არ არის, რომ თამაში ძალიან გამიჭირდეს. რა თქმა უნდა, გამოცდილება თამაშს მიადვილებს, მაგრამ საკმაოდ ბევრს დავრბივარ კიდეც, ვარჯიშებისა თუ თამაშის დროს თავს ვიკლავ. სხვანაირად ვერ დაუმტკიცებ მწვრთნელს, რომ შენზე უკეთესი არავინ არ ჰყავს".

რას აპირებს ალექსიძე? ისევ უნგრეთი თუ სხვა არჩევანი?

"მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ ფეხბურთს. "დიორმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და ვნახოთ, შესაძლოა ორწლიან ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. უნგრეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, შევეჩვიე იქაურობას, გულშემატკივრებისგან დადებით განწყობას ვგრძნობ, კლუბის პრეზიდენტიც ყველანაირად ხელს მიწყობს. თუმცა ისიცაა, რომ საქართველო და ჩემი ახლობლები ძალიან მენატრებიან".

ალექსიძეს იმაზეც ვკითხეთ, თუ რა ფინანსური შესაძლებლობებია უნგრულ ფეხბურთში და რა გეგმები აქვს "დიორ ეტოს".

"უნგრულ ფეხბურთში ბევრი ფული არ არის, მაგრამ არც უჭირთ. "დიორის" საშინაო მატჩებზე 10-12 ათასი ქომაგი დადის. გვაქვს კარგი სტადიონი და ბაზა. ყველაფერი მაღალ დონეზეა.

ახლახან კლუბმა "აუდისთან" გააფორმა კონტრაქტი, "აუდიმაც" უკვე დაარიგა მანქანები. კლუბის ამბიციები გაიზრდება და მომავალ სეზონში ალბათ ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს".

რატი არცთუ პატარა პრობლემებს მოერია. თითქმის სამწლიანი ჩავარდნის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთელობას, დაამტკიცა, რომ ნებისყოფასა და ფეხბურთის სიყვარულს ძალიან ბევრი შეუძლია.

"მართლაც მქონდა ჩავარდნა და რთული პერიოდი, მაგრამ ეს უკვე უკან არის მოტოვებული. სამი შვილის მამა ვარ, ოჯახსა და ფეხბურთზე ვფიქრობ. ჩემი შვილები უყურებენ, თუ როგორ ვთამაშობ ფეხბურთს. ყველაფერი ეს ძალიან მსიამოვნებს".

რა თქმა უნდა, რატის ევროპის ჩემპიონატზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"ბავშვობიდან იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებს ვქომაგობ. ამ ჩემპიონატში მომეწონა საფრანგეთიც.

ჯერ მხოლოდ პირველი მატჩები იყო. მომდევნო შეხვედრებში უფრო კარგად გამოჩნდება, ვინ რისი მაქნისია და ვის აქვს ჩემპიონობის უკეთესი შანსი".

რატი ალექსიძე - უნგრეთი თუ სხვა ქვეყანა? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული