ლეგიონის უქმეები: სეზონი ხურდება, ქართველებმა გატანა დაიწყეს

AutoSharing Option
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და საქმეში ქართველ ლეგიონერთა ნაწილიც ჩაერთო.

დავიწყოთ რუსული პრემიერლიგით, რომლის პირველი ტურიც დღეს დასრულდება "კრასნოდარისა" და "რუბინის" მატჩით. დანარჩენ სასტარტო შეხვედრებში კი მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, მასპინძელთა შემადგენლობაში კი შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ.

მოსკოვის "სპარტაკმა" ვლადიკავკაზში "ალანიას" 2:1 სძლია, თუმცა ჯანო ანანიძე დედაქალაქელთა 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა.

ლევან ყენიას "ზენიტმა" საკუთარ მოედანზე 2:0 აჯობა "ამკარს". სანკტპეტერბურგელთა რიგებში სულ ახლახან გადასულ ქართველ ნახევარმცველს
ახალი კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც უკვე მეორე ტურის შეხვედრები მიილია. უკვე გაცნობეთ, რომ პარასკევს "კრივბასმა" "ჩერნომორეცს" ჯაბა კანკავას გოლით მოუგო (იხილეთ ვიდეო).

ჩვენი თანამემამულეები ყურადღების ცენტრში ამის შემდეგაც მოხვდნენ.

ქართველთა დაპირისპირება არ შედგა ლვოვში, სადაც "კარპატიმ" "ილიჩევეცს" უმასპინძლა და 1:5 განადგურდა. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია მურთაზ დაუშვილს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სამაგიეროდ, სტუმართა შორის თავი გამოიჩინეს თორნიკე ოქრიაშვილმა და დავით თარგამაძემ - ორივემ საგოლე პასი შეასრულა. ოქრიაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, თარგამაძე კი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

კიევურ დერბიში "არსენალი" "დინამოს" კი გაუძალიანდა, მაგრამ მეტოქის მაღალმა კლასმა მაინც თავისი გაიტანა და სანდრო კობახიძის გუნდი 0:1 დამარცხდა. "არსენალის" ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო - მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

"ზარიამ" დონეცკში "მეტალურგს" 2:1 მოუგო. ჯაბა ლიპარტია "ზარიას" ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

მოლდოვაში კიშინიოვური დერბი გაიმართა. "ზიმბრუმ" პირველი ტაიმი ლევან კორღალიძის ორი ზუსტი თერთმეტმეტრიანით მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და 2:3 დამარცხდა.

ფინეთში "ინტერ ტურკუმ" სტუმრად "კუოპიო" 6:0 გაანადგურა. ამ ექვსიდან ერთი გოლი ირაკლი სირბილაძის ანგარიშზეა. მან შეხვედრის 73-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯაბა კანკავა: მწვრთნელს ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია
გიორგი ალავერდაშვილის სუპერდებიუტი - დუბლი და საგოლე გადაცემა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ირაკლი სირბილაძე რა მაგარი ბიჭია,დროა გამოიძახონ ნაკრებში,სანამ ფინეთის მოქალაქეობა მიიღო !!!
Qartveli!
13:26 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული