დავით დევდარიანი: გორის "დილა" კარგი გუნდი ყოფილა

AutoSharing Option
ქართული კლუბებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი ფეხბურთის ბევრ აღზრდილს უთამაშია - საბერძნეთის პაოკ რომ გვესტუმრა, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ომარ თეთრაძემ ითამაშა, საბერძნეთის ნაკრებს მისივე ბავშვობის სამშობლოში ანდრო ნინიადისი ჩამოჰყვა, აზერბაიჯანულ კლუბებს - გიორგი ჭინჭარაული და ალეკო გოგობერიშვილი.

ფეხბურთში ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ დანიურ "ორჰუსი" ამ კუთხით ერთგვარად რეკორდსმენია, რადგან მის განაცხადში ორი ქართველი იყო - "დილასთან" დავით დევდარიანმა ითამაშა, დავით სხირტლაძე კი მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"ორჰუსის" 24 წლის ქართველ პლეიმეიკერს, დავით დევდარიანს მატჩზე, გორის "დილასა" და
დანიელების იმეგაცრუებაზე ველაპარაკეთ.

- შენი აზრით, "დილასთან" ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში რა შეცდომა დაუშვით?
- ძნელი სათქმელია, თითქოს, სერიოზულადაც ვემზადებოდით, მაგრამ საბოლოოდ, "დილამ" დამსახურებულად გვაჯობა. არადა, აქ პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც შევქმენით და დავწინაურდით. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ორგანიზებულობა გვაკლდა და ამიტომაც დავმარცხდით.

წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ ის მაინც მახარებს, რომ ქართულმა გუნდმა გამოგვაგდო - გორის "დილას" წარმატება მინდა ვუსურვო.

- საკუთარი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ თამაში გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- არა, რატომ, ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია, პირიქით, გამიხარდა, საქართველოში რომ უნდა ჩამოვსულიყავი.

- მეორე ტაიმში სიცხემ უფრო იმოქმედა, თუ გორელთა აქტიურმა თამაშმა?
- ასეთ სიცხეს დანიელები შეუჩვევლები არიან და ეს წაგების ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ არა მგონია, ასეთ ამინდში თამაში ქართველებს გვიყვარდეს. გორელები აზრიანად და მწვავედ გვიტევდნენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს ვიცნობდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორც გუნდი რას წარმოადგენდა. "დილამ" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მიხარია, საქართველოში ასეთი ძლიერი კლუბი რომ ჩამოყალიბდა.

- დანიაში შეხვედრაზე ჩამოსული ნაკრებსი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თუ გელაპარაკა?
- ჩამოსული იყო, მაგრამ არ გვისაუბრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული