ლუჩანო სპალეტი ლევან ყენიას პირისპირ უნდა დაელაპარაკოს

AutoSharing Option
21 წლის ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" კი მივიდა, მაგრამ კლუბმა ოფიციალურად ჯერ არ წარადგინა ის, როგორც ახალწვეული და საქმეც ერთ ადგილზე გაჩერდა - ყენია "ზენიტში" არის და არც არის.

ყენიას თემას რუსული მედიაც გამოეხმაურა. Спорт день за днем-მა მცირე სტატიაც გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. რუსები წერენ, რომ ყენია ამა წლის 7 ივნისიდან აღარ არის გელზენკირხენის "შალკეს" ფეხბურთელი; შემდეგ "ზენიტში" გადავიდა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ ვერ გახდა რუსეთის ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელიო.

ამ რუსული საიტის ჟურნალისტი ალექსანდრ მაკაროვი ირწმუნება, რომ ყველაფერი ყენიასა და "ზენიტის"
იტალიელი თავკაცის, ლუჩანო სპალეტის პირისპირ საუბრის შემდეგ გაირკვევა; ეს საუბარი კი უახლოეს დღეებში გაიმართებაო.

"ზენიტს" სეზონის წინ არაერთი შეკრება ჰქონდა. ბოლოს პორტუგალიაში იყო და სწორედ იქ შეუერთდა გუნდს ყენია გერმანიიდან. პორტუგალიაში ყენიამ და "ზენიტმა" 1+2 სისტემით შედგენილ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. რუსული მედია იტყობინება, რომ ეს მხოლოდ წინასწარი ხელშეკრულება იყო და საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის, ყენია ზენიტელი გახდება თუ არაო.

Спорт день за днем ამბობს, "ზენიტი" პორტუგალიიდან პეტერბურგში რომ დაბრუნდა და ქვედალიგელ "რუსს" ამხანაგურად გაეჯიბრა, ყენიამ თვალისმომჭრელად კი ითამაშა, მაგრამ მომდევნო საკონტროლო შეხვედრაში ესტონურ "ნარვოი -ტრანსთან" იმიტომ არ გამოჩენილა მოედანზე, რომ ქართველი ფეხბურთელის უახლოესმა გარემოცვამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო - სანამ სრულფასოვანი კონტრაქტი არ გაფორმდება, ყენიას არ უღირს "ზენიტთან" ვარჯიში და საკონტროლო მატჩებში თამაშიო.

არ არის გამორიცხული, რომ ყენია არ გახდეს "ზენიტის" ფეხბურთელი, ოღონდაც ეს მხოლოდ და მხოლოდ კლუბის გადაწყვეტილება იქნება - ასეთ დასკვნას აკეთებს ეს რუსული საიტი. ყენიას პეტერბურგში ყველაფერი მოსწონს, მაგრამ აშინებს ის, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერა გაიწელა. ჯერ კიდევ 10 ივლისს იყო ნავარაუდები სრულფასოვან ხელშეკრულებაზე ხელმოწერაო.

ლუჩანო სპალეტიმ ადრინდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ყენია კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა შემომთავაზაო. ყენიას კი რუსი ჟურნალისტისთვის უთქვამს, თავს კარგად ვგრძნობ, ოღონდაც ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად დრო მჭირდებაო.

რუსეთის ჩემპიონატში უკვე ორი ტური ჩატარდა ყენიას გარეშე. სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც ღიაა, ისევე, როგორც ყენიას საკითხი. ბევრი დრო აღარ დარჩა, ყენიას პეტერბურგული ამბავი მალე უნდა დასრულდეს.

საერთოდ, ტრანსფერი სათუთი საკითხია, მით უმეტეს ყენიასი, ვისაც ტრავმიანობის გამო ორწელიწადნახევარი გაუცდა.

საინტერესოა, რა საუბარი წავა სპალეტისა და ყენიას შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...
ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!
რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული