უჩა ლობჟანიძე: საქართველოს ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ

AutoSharing Option
უკრაინული "კრივბასისა" და საქართველოს ნაკრების მცველს უჩა ლობჟანიძეს დონეცკის "შახტართან" (0:1) შეხვედრის შემდეგ უკრაინულმა საიტმა sport-express.ua-მ ინტერვიუ ჩამოართვა.

ლობჟანიძის გუნდს, რომელიც დონეცკელებთან თავიდან რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა, მეორე ტაიმში ორი მოთამაშე გაუძევეს და მატჩი 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა.

- უჩა, "შახტართან" მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება. რას იტყოდი ამ შეხვედრაზე?

- ესეთ ძლიერ გუნდებთან მატჩი ყოველთვის რთულია. მსგავს მეტოქეებთან შეხვედრაში თითქოს გამძლეობაზე გამოცდას აბარებ.

"შახტარი" თვითონაც თამაშობს და სხვასაც აძლევს თამაშის საშუალებას. მასთან დაპირისპირება საინტერესოა, მაგრამ გამარჯვება ძალიან რთულია.

- მიუხედავად ამისა,
"კრივბასმა" დონეცკიდან კინაღამ ქულა წამოიღო...

- ეჰ, ცოტა არ იყოს, არ გაგვიმართლა. კონცენტრაცია ოდნავ დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. როგორ დაგვისხლტა ფერნანდინიო, დღემდე ვერ გამიგია.

- "შახტართან" რიცხვობრივ უმცირესობაში თამაში რთული იყო?
- თავიდან იოლი იყო, ჩვენ ხომ მეტნი ვიყავით მოედანზე (იღიმის)... შემდეგ კი... რას ვიზამთ.

ეთამაშები ჩემპიონს, თანაც, საკუთარ მოედანზე, მისი მწვრთნელის დაბადების დღეს და კიდევ, ერთი მოთამაშით მეტი ჰყავს.

არ შეიძლება დაგვადანაშაულონ იმაში, რომ მატჩის ბოლოს მხოლოდ მეტოქეს ვიგერიებდით. ჩვენს მდგომარეობაში "შახტარის" წინააღმდეგ სხვაგვარად თამაში შეუძლებელი იყო. შეტევაში რომ წავსულიყავით, საკუთარ კარში 4 ან 5 ბურთს მივიღებდით.

- როგორ შეაფასებდი შენი გუნდის თამაშს ჩემპიონატის დასაწყისში?
- სტარტი არცთუ ცუდი გამოდგა. 6 ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. წინ რთული მატჩებია, მაგრამ გვსურს დავამტკიცოთ, რომ ჩვენი წარმატებული სტარტი შემთხვევითობა არ არის.

- გასულ სეზონში ბევრი აღნიშნავდა, რომ "კრივბასის" მოთამაშეები მოედანზე დისციპლინით არ გამოირჩეოდნენ...
- სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ჩემს თავზე კი ვიტყვი, რომ მოედანზე ზოგჯერ ემოციები მძლევს. მით უმეტეს, რომ ქართველი ვარ და იცით, რომ ამ ხალხს ცხელი სისხლი აქვს (იღიმის)...

- გაფრთხილების მიღება უკვე ამ ჩემპიონატშიც მოასწარი...
- საკუთარი თავის კონტროლს ყოველთვის ვერ ახერხებ. ამის გამო მსაჯებისგან ვისჯებით. დამიჯერეთ, რომ თითოეული მსგავსი სასჯელის შემდეგ ძალიან ვნერვიულობ. ამით ხომ ჩემს გუნდს ცუდ სამსახურს ვუწევ.

ოდესელებთან მატჩში ისევ ემოციებმა იმძლავრა... მანამდე იყო მომენტი, როდესაც არბიტრს ჩემი გაძევებაც შეეძლო. "ჩერნომორეცის" მოთამაშემ პაშაევის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და რაღაცის ლაპარაკი დაიწყო. თავი ვერ შევიკავე და ხელი ვკარი, რაც, როგორც ჩანს, ყელში მოხვდა.

- დიახ, ეს ეპიზოდი სატელევიზიო კამერამაც დააფიქსირა...
- მართლა? რა უხერხულია... მთელმა ქვეყანამ ნახა. ჩემს ოდესელ კოლეგას ვთხოვ, ნაწყენი არ დამრჩეს. მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო. ის ისეთივე მოთამაშეა, როგორიც მე, ფეხბურთის თამაშით ცხოვრების სარჩოს მოვიპოვებთ.

თუ საქართველოში მესტუმრება, სუფრას გავუშლი, საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. მეტოქეები კი მხოლოდ თამაშში ვართ.

- ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ხშირად გიწვევენ...
- ნაკრებში ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ. ეროვნულ ნაკრებში თამაში თითოეული ქართველისთვის დიდი პატივია.

ყოველი გამოძახება ძალიან სასიამოვნოა და იმედი მაქვს, რომ ნაკრების მწვრთნელები ამჯერადაც მიხმობენ. მიმაჩნია, რომ "კრივბასში" თამაშით ვამტკიცებ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული