ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის არაერთ ლიგაში სეზონი უკვე დაიწყო და ჩვენი რუბრიკაც ძველი სახით გვიბრუნდება.

სხვათა შორის, გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ წარმატებული გამოდგა და მათი ასპარეზობის შესახებ თანმიმდევრულად გიამბობთ.

თავიდანვე გეტყვით, რომ "ქართული გოლებიც" მრავლად გავიდა. თუ არ ვცდებით, მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში ჩვენს ლეგიონს ასეთი შედეგიანი შაბათ-კვირა არ ჰქონია.

აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ, თუმცა პირველად მაინც გერმანიაში მომხდარ ამბებზე გეტყვით, სადაც, სამწუხაროდ, ქართველები მხოლოდ მეორე ბუნდესლიგასღა შემორჩნენ.

ცუდია, რომ ლევან კობიაშვილის შესახებ საუბარი მხოლოდ 2013 წლი
დან მოგვიწევს, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ "ჰერტას" დისკვალიფიკაციამოხდილი ქართველი კაპიტანი მოედანს კარგი კონდიციებით დაუბრუნდება.

მანამდე კი მთელი ყურადღება "ბოხუმისკენ" უნდა მივაპყროთ, სადაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნიკოლოზ გელაშვილს გამოცდილი ალექსანდრე იაშვილი შეუერთდა.

Sportall.Geმეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბოხუმმა" დრეზდენის "დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. დრეზდენელები 28-ე წუთზე დაწინაურდნენ, იაშვილმა კი 52-ე და 85-ე წუთებზე საგოლე გადაცემები შეასრულა და თავისი ახალი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო (იხილეთ ვიდეო).

"შპორტალისგან" ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა 1,5 ქულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

დიდია იმის შანსი, რომ 6 აგვისტოს "კიკერმა" იაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანოს. გელაშვილმა კი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი.

აქვე გეტყვით, რომ "ჰერტა" შინ "პადერბორნს" 2:2 დაუზავდა, რაც ნამდვილად არ არის სეზონის იდეალური დასაწყისი.

რუსულ პრემიერლიგაში უკვე მესამე ტური სრულდება. ტურის ბოლო მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება - გია გრიგალავას "ვოლგა" "რუბინს" უმასპინძლებს.

"კრასნოდარმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ნუკრი რევიშვილი, რომელსაც აქამდე ძირითად შემადგენლობაში ყოფნის პრობლემა არ ჰქონია, ამჯერად "კრასნოდარის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

კრასნოდარელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

უქმეების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ჯანო ანანიძის გოლია (იხილეთ ვიდეო). ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ მას მოედანზე გასვლა მოუწევდა, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" ახალი თავკაცი, ესპანელი უნაი ემერი მას "დინამოსთან" დერბიში ენდო, მოედანზე 61-ე წუთზე შეუშვა და ჯანომ 75-ეზე თავი გამოიჩინა - ეს მესამე გოლი იყო, "სპარტაკმა" კი პრინციპული მეტოქე 4:0 გაანადგურა.

Sportall.Geუკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "ზარიამ" სტუმრად "გოვერლას" ჯაბა ლიპარტიას გოლით სძლია (იხილეთ ვიდეო).

ქართველ შემტევს თანაგუნდელებმა მატჩის 84-ე წუთზე პენალტის შესრულება მიანდეს და მანაც ზუსტად დაარტყა - "ზარიამ" 1:0 მოიგო, ლიპარტია კი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

სანდრო კობახიძემ კიევის "არსენალს" ქულა გადაურჩინა - "დნეპრთან" საშინაო მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებულ მეორე წუთზე გაათანაბრა (იხილეთ ვიდეო). შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"კრივბასმა" კიევის "დინამო" მიიღო, გმირულად ებრძოლა, თუმცა 86-ე წუთზე მიღებული გოლით მაინც დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ჯაბა კანკავამ და უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშეს.

ნამდვილი გმირობა კი "კარპატიმ" ჩაიდინა. ლვოველები 49-ე წუთისთვის მოედანზე უკვე ცხრა კაცის შემადგენლობით იყვნენ, მაგრამ საკუთარ მოედანზე "ტავრია" მაინც დაამარცხეს - 2:0.

"კარპატიმ" ერთი გოლი სწორედ ცხრა ფეხბურთელით გაიტანა. გაძევებულთა შორის ერთ-ერთი კი მურთაზ დაუშვილია, რომელიც მოედანზე 45-ე წუთზე შევიდა, ორ წუთში კი ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

"ილიჩევეცმა" ზაპოროჟიეში "მეტალურგი" 3:0 გაანადგურა. სტუმრებმა ერთი გოლი დავით თარგამაძის პასით გაიტანეს. თარგამაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკე ოქრიაშვილმა კი "ილიჩევეცის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

დანიაში "ორჰუსმა" "ბრონდბიუ" მიიღო და 3:1 დაამარცხა. 35-ე წუთზე ანგარიში დავით დევდარიანმა გახსნა. იგი 54-ე წუთზე შეცვალეს. დავით სხირტლაძე კი "ორჰუსის" 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

რუმინულ "გაზ მეთანში" დაბრუნებულმა აკაკი ხუბუტიამ "გლორიასთან" გასვლითი მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა, სრულად ჩაატარა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში ითამაშა "ბელინცონას" ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ივანიშვილმა, რომელიც "ვოლენთან" გასვლით მატჩში (0:0) 55-ე წუთიდან ჩაერთო.

ჩემპიონატი დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ტურის ცენტრალური შეხვედრა "ინტერსა" და "ყარაბახს" შორის გაიმართა. "ინტერს" 88-ე წუთზე ქულა ბაჩანა ცხადაძემ გადაურჩინა. მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში, ცხადაძის გარდა, გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და გიორგი ადამიამ ითამაშეს.

ერთბაშად ორი ქართული გოლი გავიდა "ქიაფაზისა" და "თურანის" დაპირისპირებაში. ანგარიში ქიაფაზელმა ირაკლი ბერაიამ გახსნა, 36-ე წუთზე კი "თურანის" ახალწვეულმა გოგი ფიფიამ ანგარიში გაათანაბრა. მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. "ქიაფაზის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი ბერაია და მისი ტყუპისცალი ძმა გოგა. ეს უკანასკნელი 74-ე წუთზე შეცვალეს, 75-ე წუთიდან კი "ქიაფაზის" შემადგენლობაში გიორგი სეფიაშვილი გამოჩნდა.

"თურანში" მოთამაშე ფიფიაც ძირითადში გაამწესეს და 88-ე წუთზე შეცვალეს. მისმა თანაგუნდელმა ლევან ჩხეტიანმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ქართული გოლები ფინეთში, მოლდოვასა და ლატვიაშიც გავიდა. ფინეთში "ინტერ ტურკუმ" სტუმრად ჰაკა-ს 2:0 სძლია. 71-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრებში პირველად გამოძახებულმა ირაკლი სირბილაძემ გახსნა.

მოლდოვაში "ზიმბრუ" გასვლაზე "აკადემიას" 2:2 დაუზავდა. ლევან კორღალიძემ თავი პენალტით გამოიჩინა. ლატვიაში კი "დაუგავამ" ასევე სტუმრად 5:0 გაანადგურა "მეტა". თითო გოლი მამუკა ღონღაძისა და ბიძინა ცინცაძის ანგარიშზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ვიდეოებიდან ერთი რაც გამიხარდა ეს არის რომ იაშვილი ისევ საუცხოო ფორმაშია, რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატი დიდი ჭაობია და იქ გოლის გატანა ძალზე არ უნდა გვახარებდეს. ძალიან მაინტერესებს იაშვილის თამაშის ფრაგმენტები თუ ნახა "გენიოსმა მწვრთნემა" ქეცბაიამ
dato-dato
16:25 06-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული