ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც არნემის "ვიტესის" პრეზიდენტი და მფლობელი მერაბ ჟორდანია გახდა, ამ პერიფერიულ ჰოლანდიურ კლუბს უკვე აქვს გარკვეული წარმატებები - წინა სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა და ამ ზაფხულს ევროპა ლიგის შესარჩევში ითამაშა.

ამ დროისთვის კი "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, უკან ჰყავს მოტოვებული პსვ, "აიაქსი" და "ფეიენოორდი".

ახლახან კი გაჩნდა ცნობა, რომ ჟორდანია მოლაპარაკებას აწარმოებს რუსულ გიგანტ-კომპანია "გაზპრომთან".

ეს ამბავი პირველად ჰოლანდიურ მედიაში გაჟღერდა, მერე კი რუსული გაზეთების და საიტების არცთუ მეორეხარისხოვანი თემა გახდა.

რატომ
უნდა აძლევდეს ხელს "გაზპრომს" არნემის "ვიტესის" სპონსორობა? "ვიტესი" არ არის ტიტულოვანი კლუბი, მხოლოდ სიძველით თუ მოიწონებს თავს - 1892 წელს არის შექმნილი. მაშ, რაშია საქმე?

"გაზპრომი" ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთი პარტნიორია, "ჩელსის" მფლობელი კი რომან აბრამოვიჩია, ვისთანაც მერაბ ჟორდანიას ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს.

ამბობენ, რომ სწორედ აბრამოვიჩის დახმარებით აღმოჩნდა ჟორდანია არნემული კლუბის სათავეში.

ამ ვერსიას გაგრძელებაც აქვს. ევროკომისიამ "გაზპრომი" მონოპოლიაში დაადანაშაულა და ამ გიგანტურ კომპანიას იმიჯის გამოკეთება სურს, "ვიტესის" სპონსორობა კომერციული თავლსაზრისით ამ ეტაპზე დიდად მომხიბვლელი ვერ იქნება "გაზპრომისთვის", სამაგიეროდ გაჩნდება სოციალური პროექტი შუაგულ ევროპაში.

"გაზპრომი" უკვე არის ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელი - სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" ძლევამოსილებას სწორედ ამ გიგანტის ფინანსური ზურგი განაპირობებს.

გარდა ამისა, "გაზპრომი" ასპონსორებს სერბულ "ცრვენა ზვეზდას".

აქ შესაძლოა პოლიტიკური მოტივიც იყოს, რუსეთი და სერბეთი ხომ მოკავშირეებად მიიჩნევიან, თუმცა ისიცაა, რომ "ცრვენა ზვეზდა" უსახელო გუნდად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

"გაზპრომი" შვიდი წლის განმავლობაში გელზენკირხენის "შალკეს" სპონსორი იყო და ყოველწლიურად ვესტფალიელებს 10 მილიონ ევროს უხდიდა.

როგორც რუსულ მედიაში ვარაუდობენ, თუ "ვიტესსა" და "გაზპრომს" შორის შეთანხმება მოხდება, არნემული კლუბი უფრო მეტს მიიღებს ყოველწლიურად. "ვიტესი" ახლა გენერალური სპონსორის გარეშეა დარჩენილი, გუნდის მაისურს არანაირი კომპანიის სახელი არ ამშვენებს.

რატომ უნდა გადაუხადოს "გაზპრომმა" არარუსულ კლუბს მილიონები, როცა შეუძლია, რომ რუსეთში გაზიფიკაციით აითვისოს რეგიონები და დამატებითი შემოსავალი მიიღოს?

ევროკომისიამ "გაზპრომის" საქმის გამოძიება 4 სექტემბრიდან დაიწყო და თუ ამ გიგანტს დაუმტკიცებენ მონოპოლიას, ჯარიმის სახით 6-დან 10 მილიარდამდე ევროს აჰკიდებენ.

ცხადია, "გაზპრომს" ის ურჩევნია, რომ ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილ ევროპულ ფეხბურთს დაეხმაროს, თანხა ჯერაც პერიფერიული ევროპული კლუბისთვის გამოიმეტოს და ევროკომისიის ვერდიქტზე რამენაირად იმოქმედოს. საკითხი პოლიტიზირებულია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებს ეკრძალებათ ევროკომისის გადაწყვეტილებების შესრულება რუსეთის მთავრობასთან შეთამხმების გარეშე.

ანუ, "გაზპრომი" მარტო არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაზზე მსოფლიო ფასი ეცემა.

რუსულ მედიაშიც ტვინის ჭყლეტა მიდის, რატომ უნდა აიკიდოს "გაზპრომმა" ჰოლანდიური, ჯერაც უსახელო კლუბი?

"მოსკოვსკი კომსომოლეცი" ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჰოლანდიური "ტვენტეს" რუს ფეხბურთელს, დმიტრი ბულიკინს დაუკავშირდა.

"ჰოლანდიაში მართლაც საუბრობენ "გაზპრომის" მიერ "ვიტესის" შესაძლო შეძენაზე, მიზეზად სხვადასხვა რამე სახელდება, ის კი ნაღდია, რომ "გაზპრომი" "ვიტესის" ყიდვას "ზენიტის" გასაძლიერებლად არ აპირებს. სხვათა შორის, "ვიტესის" მფლობელი კარგად იცნობს რუს ოლიგარქებს", - უთქვამს ბულიკინს.

ერთი სიტყვით, თბილისის "დინამოს" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟორდანია საკმაოდ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებშია ჩართული.

თუ "გაზპრომი" ფულს "ვიტესისკენაც" გაისვრის, თქმა რად უნდა, რომ ეს ჟორდანიას აქტივშიც ჩაიწერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ დაუკარ, მიდით მაფიოზებო და პუტინის მონებო .ხარჯეთ ფულები.
vep1963
13:13 24-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული