რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას

AutoSharing Option
შოთა არველაძე "ქაისერისფორის" თავკაცი აღარ არის.

გუნდს მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგი ჰქონდა, რის გამოც კლუბის და არველაძის გზები გაიყარა.

"ქაისერისფორში" ახლა მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა - ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

რას აპირებს არველაძე? რა იყო "ქაისერისფორის" ცუდი სტარტის მიზეზი ამ სეზონში? რას ურჩევს არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას?

შოთას თურქეთში 3 ოქტომბერს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით...

- "ქაისერში" რომ მიხვედი, თითქოს ყველაფერი კარგად წაგივიდა; მომდევნო სეზონიც არ გამოგივიდა ურიგო, ახლა კი... მაინც რა მოხდა, რატომ დაიწყო ცუდად ეს სეზონი გუნდმა?
-
ამ კითხვას ამომწურავი პასუხი რომ გავცე, დრო მჭირდება, ყველაფრის გაანალიზებას უცბად ვერ შევძლებ. რაც შეეხება წასვლის მიზეზს, მიმაჩნია, რომ გუნდისთვის ჩემპიონატის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია - მოტივაცია პრესიდან, ტელევიზიებიდან, გულშემატკივრებიდან.

ეს ყველაფერი დიდი გუნდებისკენ არის გადატანილი და ხელის შემშლელი ფაქტორია, როცა ამას მოკლებული ხარ.

- სიტუაციის გამოსწორების შანსი გადაწურული იყო? იქნებ ჯობდა, რომ დაგეცადა რამდენიმე ტური და მერე მიგეღო გადაწყვეტილება...
- გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ... ახლა სანაკრებო პაუზა დაიწყება და ჩავთვალე, რადგან შედეგზე პასუხისმგებელი მე ვიყავი, გუნდი უნდა დამეტოვებინა...

- რას აპირებ? როგორც შევიტყვე, უკვე დაგიკავშირდა რამდენიმე კლუბი...
- ჯერ არაფერს არ ვაპირებ, უნდა დავისვენო. მერე კი ვნახოთ...

- საქართველოში დაბრუნება და რომელიმე აქაური გუნდის გაწვრთნა - ამ ეტაპზე ასეთ ვარიანტს გამორიცხავ?
- საქართველოში მუშაობას არასდროს მივიჩნევდი სათაკილოდ. ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

- კონკრეტულ კითხვას დაგისვამ: "პანათინაიკოსი" მართლა არის დაინტერესებული შენი გადაბირებით?
- ამ საკითხზე საუბარი არ მსურს.

- რა შეგძინა "ქაისერისფორში" გატარებულმა წლებმა, რა გამოცდილება მიიღე? როგორ ფიქრობ, მაინც სად დაუშვი შეცდომა?
- ამ გუნდში მუშაობით ძალიან ბევრი რამ შევიძინე. პირველ სეზონში სამი ქულა დამაკლდა ევროტურნირის საგზურისთვის, მომდევნო სეზონში კი ხუთი; ხოლო თასის ფინალში გასვლა, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგვგლიჯეს და ამის შემდეგ გადის ექვსი კვირა და მე უკვე აღარ ვარ ამ გუნდის მწვრთნელი - ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი არაფრისგან არ არის დაზღვეული.

სხვათა გარდა, ესეც მასწავლა "ქაისერში" გატარებულმა პერიოდმა და ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ დღეს უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე გუშინ.

"ქაისერში" 25 თვე ვიმუშავე და კლუბმა 50 000 000 ლირა მოგება ნახა. ავაწყვეთ აკადემია, რომელიც უკვე საკმაოდ გამართულად მუშაობს. შევიძინე იმის გამოცდილება, რომ მცირე ბიუჯეტით შევქმნა კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდი.

- საქართველოში კი ცვლილებებია. ყოველთვის იყავი საზოგადოებრივად აქტიური და საინტერესოა, რას იტყოდი ამ ცვლილებებზე, რა რჩევას მისცემდი ახალ ხელისუფლებას ფეხბურთთან მიმართებაში?
- პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ადამიანურ, შეძლებისდაგვარად დემოკრატიულ არჩევნებს, რაშიც, ალბათ, ყოველთვის მოვიკოჭლებდით.

ხალხი მიხვდა, რომ მის მაგივრად არავინ დაიცავს მის უფლებებს და რომ შენს მაგივრად სხვა არ იშრომებს.

რაც შეეხება კითხვას, მე მაინც მგონია, რომ სპორტში მეცადინეობა უფასო უნდა იყოს და შესაძლებელია, რომ სპორტშიც იყოს ვაუჩერული სისტემა, როგორც ეს სკოლებშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე "ქაისერისფორიდან" წამოვიდა!
შოთა არველაძე: რაც მე აქ ვარ, "ქაისერმა" 20 მილიონი იშოვა
რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული