დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველ თავდამსხმელს დავით სირაძეს რუსულმა საიტმა Championat.com-მა ინტერვიუ ჩამოართვა. დათომ თავის კარიერაზე, საქართველოს ნაკრებსა და ამჟამინდელ კლუბზე, ნალჩიკის "სპარტაკზე" ისაუბრა.

ნალჩიკელთა გუნდი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგა გასული სეზონის შემდეგ დატოვა, ამჟამად პირველ ლიგის სატურნირო ცხრილის მეექვსე საფეხურს იკავებს.

- დავით, თქვენ ზურგს უდიდესი გამოცდილება გიმაგრებთ. რისი თქმა შეგიძლიათ განვლილ პერიოდზე თვალის გადავლებისას?
- უკვე 31 წლის ვარ. ნალჩიკში უკვე მეხუთე წელია ვთამაშობ და ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიური გახდა.

მანამდე კი საკმაო ხანს სამშობლოშიც ვთამაშობდი, ეროვნულ ნაკრებშიც და გერმანიაშიც.

ბედს
არ ვუჩივი, მაგრამ გული ერთზე მაინც მწყდება: შემეძლო მეტი გამეკეთებინა როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ისე იმ გუნდებისთვის, სადაც მითამაშია.

- საქართველოს ეროვნულ გუნდში თქვენი დებიუტი შორეულ 2004 წელს, რუმინეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა. მას შემდეგ 30-მდე თამაში ჩაატარეთ და 8 გოლი გაიტანეთ.
- დიახ, ნაკრებში ჯერ კიდევ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა - ალან ჟირესმა მიმიწვია. ჩემთვის ბედნიერება იყო ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე და სხვები იყვნენ.

ჩვენ ყოველთვის კარგი და მეგობრული გუნდი გვყავდა, მაგრამ ვერცერთხელ შევძელით მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ჯგუფებიდან გასვლა.

ამჟამად მომავლის გუნდის შენება მიმდინარეობს - ნდობას უფრო ახალგაზრდებს უცხადებენ იმ იმედით, რომ ნაკრები ბოლოს და ბოლოს გამოვა ჩრდილიდან და რომელიმე დიდი შეჯიბრის ჯგუფურ სტადიაზე გააღწევს. ამის პოტენციალიც არსებობს და შანსიც რეალურია.

- ამას გარდა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშის ხუთწლიანი გამოცდილება გაქვთ, სადაც ოთხი კლუბი გამოიცვალეთ.
- სხვადასხვა წელს ვთამაშობდი "უნიონში", "აინტრახტში", "აუესა" და "პადერბორნში". იქ დიდი გამოცდილება მივიღე, თუმცა მაშინ სხვა ამპლუაში ვთამაშობდი - უფრო თავდამსხმელის უკან ვირჯებოდი. ასისტენტობის მიუხედავად, 15-20 გოლის გატანას მაინც ვახერხებდი.

- შეიძლება რუსეთის პირველ ლიგასა და მეორე ბუნდესლიგას შორის პარალელების გავლება?
- პრინციპში, ოსტატობის დონე თითქმის თანაბარია, ოღონდ გერმანული პირველობის მატჩებში მოედანზე მთლიანად იხარჯები. იქ უფრო მეტი აქცენტი ფიზიკაზე კეთდება და უფრო ხისტადაც თამაშობენ. მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რათა უაზრო ტრავმები თავიდან აირიდო.

- პირველი წრე უკან დარჩა... როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე გუნდის თამაშსა და შედეგს?
- ახლა მეექვსე ადგილზე ვართ, რაც იმის ბრალია, რომ სეზონს მძიმედ შევეწყვეთ. გუნდში ახლები მოვიდნენ, რომლებიც მართალია, გამოცდილები არიან, მაგრამ შეუთამაშებლობამ თავი მაინც იჩინა. ვერ ვიყენებდით უამრავ საგოლე მომენტს, ვკარგავდით დაუგეგმავ ქულებს ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე აშკარად სუსტები იყვნენ.

მეორე წრიდან ყველანაირად ვეცდებით, რომ უფრო სტაბილურად და შედეგიანად ვითამაშოთ. მთავარი მიზანი კი პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაა.

- ამას წინათ ერთ-ერთმა სპეციალისტმა თქვა, ნალჩიკის "სპარტაკი", რომელიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, პირველ ლიგას ჯეროვნად არ აფასებს და მთლიანადაც არ იხარჯებაო.
- პირველ ლიგაში პირველად ვთამაშობ. აქ დონე, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება პრემიერლიგისას. რაც შეეხება შემადგენლობას, ჩვენ ლიგაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტურნირს სათანადოდ არ ვაფასებთ. თითოეულ მატჩში მონდომებულები გამოვდივართ, მიუხედავად იმისა, მეტოქე ლიდერია თუ აუტსაიდერი.

აქ თითქმის ყველა გუნდი თანაბარი ძალისაა და ჩვენ ყველა მათგანს სათანადო პატივისცემით ვეპყრობით.

- რომელ განვლილ მატჩს მიაკუთვნებთ აქტივს და რომელს პასივს?
- წარმატებული თამაში გამოგვივიდა "ურალთან", "როტორთან", "ტორპედოსთან". სხვა მოგებულ შეხვედრებშიც კარგად გამოვიყურებოდით... აი, რაც შეეხება "ნეფტეხიმიკთან" და "პეტროტრესტთან" საშინაო მატჩებს, მათთან დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ.

საერთო ჯამში, ყველაფერი წინაა და მჯერა, უკეთესი შედეგები გვექნება.

- სეზონის ამოცანა უცვლელია - პრემიერლიგაში გადასვლა?
- ნამდვილად, მიზანი მხოლოდ პრემიერლიგაში გადასვლაა!

- ბოლო თამაშში "ბალტიკასთან" დადებითი შედეგის მისაღწევად რა დაგაკლდათ?
- კალინინგრადში ცუდად არ გვითამაშია. კარის აღების უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზებასთან პრობლემები გვქონდა. იმედი მაქვს, ეს დროებითი იყო...

- "სპარტაკს" შემდეგი თამაშიც რთული აქვს - სტუმრად ნიჟნეკამსკში, "ნეფტეხიმიკთან".
- ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან მატჩისთვის მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით და ყოველ შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავდივართ, მიუხედავად იმისა, სტუმრად ვთამაშობთ თუ შინ. თანაც, ყოველთვის შემტევ სტილს ვანიჭებთ უპირატესობას.

- გასულ სეზონს თქვენთვის წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. რატომ იყო, რომ გუნდის განაცხადში არცთუ ხშირად ხვდებოდით?
- როდესაც მწვრთნელი მიხვდა, რომ გუნდს პრემიერლიგაში დარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, თამაშის საშუალება უფრო ახალგაზრდებს მისცა. სათამაშო კუთხით პრობლემა მე არასდროს მქონია. არ ვფიქრობ, რომ მაშინ სათანადო დონეზე არ ვიყავი, თუმცა მწვრთნელი უკეთ ხედავს, ამა თუ იმ სიტუაციაში ვინ სად უნდა იყოს.

ასევე იხილეთ:

დავით სირაძემ "ენისეის" გაუტანა, მაგრამ ნალჩიკის "სპარტაკს" ვერ უშველა
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული