ქართველ ნახევარმცველთან უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა" უმალ ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სანდროს ჩემპიონატის ლიდერთან მოპოვებული გამარჯვებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.
- როგორ შეძლო "არსენალმა", გამხდარიყო სეზონის პირველი გუნდი, რომელმაც "შახტარის" დამარცხება შეძლო?
- დასამალი არაფერია, ძალიან კარგად ვიცავდით თავს და მწვავე კონტრშეტევებს ვახორციელებდით. ყოჩაღ ბიჭებს, რომლებმაც 90 წუთი გაძლეს და დონეცკელებს გატანის საშუალება არ მისცეს. ერთი სიტყვით, გამარჯვება საკუთარი მომენტების
- უკრაინის ჩემპიონებთან მატჩისთვის ისევე ემზადებოდით, როგორც რიგითი კალენდარული თამაშის წინ?
- განა შეიძლება "შახტართან" დაპირისპირებისთვისაც ისე განეწყო, როგორც რიგით მეტოქეებთან? ჩვენთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. "არსენალს" ბოლო დროს წარუმატებლობები დასჩემდა და ამის გამო რეაბილიტირება და ქულების მოპოვება ძალიან გვსურდა.
რა თქმა უნდა, მეტოქის შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებდით, თუმცა მიზნად მაინც მაქსიმუმს ვისახავდით. მიხარია, რომ საბოლოოდ ეს შევძელით.
- ასეთი ფანტასტიკურად ლამაზი გოლი აქამდეც გაგიტანიათ?
- კომპლიმენტისთვის გმადლობთ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, ჩემს კარიერაში მსგავსი ყოფილა თუ არა. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს გოლი ისეთი მაღალი კლასის გუნდს გავუტანე, როგორიც "შახტარია".
რა თქმა უნდა, ამ გოლს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- შეიძლება იმის თქმა, რომ ანგარიშში უპირატესობის ორ ბურთამდე გაზრდით, თქვენი გამარჯვების სამართლიანობის შესახებ ყველა კითხვას პასუხი გაეცით?
- თავს ნებას მივცემ, არ დაგეთანხმოთ. მინიმალური ანგარიშით რომ მოგვეგო, არც ამ შემთხვევაში იქნება მართებული იმის თქმა, რომ შემთხვევით გავიმარჯვეთ.
რა თქმა უნდა, რაც მეტია გატანილი გოლი, მით უკეთესი, მაგრამ მატჩის ბედის გადასაწყვეტად ზოგჯერ ერთიც კმარა.
- რას გკარნახობდათ ინტუიცია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე იჯექით?
- მწვრთნელმა რა ამოცანაც დამისახა, იმაზე ვიყავი კონცენტრირებული. მოედანზე გასვლის შემთხვევაში შეტევაში იმპროვიზაციისთვის უნდა მიმემართა. გატანის სურვილი კი ყველა თამაშში მაქვს და ამიტომ რაიმე ინტუიციაზე საუბარი ზედმეტია.
- თქვენს გუნდს რომელი ტაიმი უფრო კარგი გამოუვიდა?
- ჩემი აზრით, პირველი. შესვენებამდე საკუთარ თამაშს ვთამაშობდით. მართალია, დაცვიდან ვმოქმედებდით, მაგრამ მაინც...
- დონეცკში კიევის "დინამოს" ქულების დაკარგვამ გაგაკვირვათ?
- რთული სათქმელია. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ამ ჩემპიონატში გასაკვირი აღარაფერია, რადგან კლასში დიდი განსხვავება აღარაა. საშუალო გუნდს ძალუძს ლიდერის დამარცხება.
მე ვერ ვიტყოდი, რომ კიეველები დღეს ცუდად თამაშობენ. "დინამო" კვლავაც ძლიერი გუნდია.
ვფიქრობ, გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობები კლუბში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება: მთავარი მწვრთნელის გამოცვლას, ახალი მოთამაშეების მოსვლას. შესაძლოა კიდევ იყოს რაღაცეები, რაც ჩვენ არ ვიცით.
რა თქმა უნდა, თუკი ბოლო ტურს ობიექტურად შევაფასებთ, დონეცკსა და კიევში დაფიქსირებული შედეგები ცოტა მოულოდნელი მოგვეჩვენება. განსაკუთრებით ეს "შახტარის" დამარცხებას ეხება, რომელსაც ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა.
მგონია, რომ ამას ჩვენგან არავინ მოელოდა.
- რთულია თქვენთან შედავება...
- ასეც კი ვიტყოდი - ჩვენს გარდა, არავის სჯეროდა, რომ "შახტარის" შეჩერებას შევძლებდით. ამიტომ საკუთარი თავის უნდა გწამდეს.
ვფიქრობ, "არსენალმა" მთელი უკრაინა გააკვირვა.
- მირჩა ლუჩესკუმ (შახტარის მთავარი მწვრთნელი, რედ.) მატჩის შემდეგ თქვა, შესაძლოა ეს წაგება ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ წაადგესო.
- (იცინის). ყველაფერი რა კარგად გამოსულა! ჩვენც კმაყოფილები დავრჩით და "შახტარიც" იხეირებს.
- მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მოედანი დაღონებულებმა დატოვეს?
- აშკარა იყო, ფეხბურთელები გასახდელისკენ ცოტა ნირწამხდარნი მიემართებოდნენ. თუმცა მათ ჩემპიონთა ლიგაში გაცილებით მნიშვნელოვანი თამაში ელით. წარმატებას ვუსურვებ, მე ვგულშემატკივრობ მათ.
- რით განსხვავდება ამ სეზონში "არსენალი" უწინდელისგან?
- ბევრი ამბობს, ახლა უფრო ცუდად გამოვიყურებით, მაგრამ ძნელია ამას დაეთანხმო. უბრალოდ, რაღაც წარუმატებელი სერია გვქონდა. ასეთი პერიოდები კი ყველა გუნდს აქვს ხოლმე.
გვინდა, ჩემპიონატის ამ სეზონში საკუთარი მაჩვენებლები გავაუმჯობესოთ, ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ და იქ წარმატებით ვიასპარეზოთ.
- "შახტართან" მოგებისთვის ხელმძღვანელობა გაზრდილ პრემიებს შეგპირდათ?
- არ ვიცი, რადგან ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ამ წუთას ჩვენთვის ფული მეორეხარისხოვანია.
- პირველმა ვინ მოგილოცათ "შახტართან" გამარჯვება და გატანილი გოლი?
- ჯაბა კანკავამ.
ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]
სანდრო კობახიძე: ეგვიპტესთან მატჩში ყენია-ანანიძის არყოფნა დაგვეტყო