კობახიძის კიევის "არსენალმა" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის, დონეცკის "შახტარის" 15-მატჩიანი მოგებათა (!) სერია შეწყვიტა. ამ საქმეში თავისი წვლილი სანდრომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+3) შეიტანა - მისი შორეული დარტყმა ძალიან ლამაზი გამოდგა (იხილეთ ვიდეო).
"არსენალის" ბელორუსმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ კუჩუკმა მატჩის შემდეგ განაცხადა:
"ძირითადი შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა, კობახიძე კი სანაკრებო შეხვედრიდან ახალი დაბრუნებული იყო და შეცვლაზე (76-ე წუთზე) ამიტომ შემოვიყვანე. ის მოედანზე გავიდა და
მატჩის შემდეგ კობახიძეს ინტერვიუ უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჩამოართვა.
"ჩვენ თავს კარგად ვიცავდით და ურიგოდ არ ვუტევდით. ყოჩაღ ბიჭებს, რომლებმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. იმიტომ მოვიგეთ, რომ მომენტების გამოყენება შევძელით.
ყველაფერი რა კარგად გამოვიდა? ჩვენც კმაყოფილები დავრჩით და ეს წაგება "შახტარსაც" გამოაფხიზლებს. დონეცკელები მოედანს ხასიათწამხდრები ტოვებდნენ. მათ მალე ჩემპიონთა ლიგაში დანიურ კლუბთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით, სადაც წარმატებას ვუსურვებ და ვუგულშემატკივრებ.
სხვათა შორის, გაზრდილ პრემიას მივიღებთ თუ არა, ამაზე არაფერი ვიცი. ამ შემთხვევაში ფული მეორეხარისხოვანია. პირველად კი გამარჯვება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, "დნიპროს" ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ მომილოცა", - ამბობს კობახიძე.
16 ტურის შემდეგ სანდრო კობახიძეს 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
* * *
კვლავ გაგვახარა ლევან ყენიამ: ლვოვის "კარპატის" შემტევმა ნახევარმცველმა ბოლო 4 მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა. ლევანი ლუცკის "ვოლინთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, რამდენჯერმე თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ დატოვა, 65-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 (იხილეთ ვიდეო).
წინა ტურში ხარკოვის "მეტალისტთან" ლვოველთა ბოსნიელი ლეგიონერი სემირ შტილიჩი მთავარმა არბიტრმა შეურაცხყოფისთვის გააძევა და მან ლუცკელებთან შეხვედრა გამოტოვა. ის პლეიმეიკერის პოზიციაზე თამაშობდა. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ნიკალაი კოსტოვი იძულებული გახდა, ყენია მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეეწია და არც უნანია.
"ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა "კარპატი" სამი მატჩით დისკვალიფიცირებული შტილიჩის გარეშე - ის გუნდის მთავარი შემოქმედია და სწორედ ბოსნიელს უკავშირდებოდა ბოლო შეხვედრებში ლვოველთა თამაშის ხარისხის გაუმჯობესება.
როგორც აღმოჩნდა, შტილიჩს ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა. მოედნის ცენტრში მისი ადგილი ლევან ყენიამ დაიკავა, რომელმაც როლს თავი მშვენივრად გაართვა.
ყენია მეორე ტაიმში გუნდს ნამდვილ ლიდერად მოევლინა. ის თანაგუნდელებს არა მხოლოდ ზუსტი გადაცემებით ამარაგებდა, არამედ მოედნის ცენტრში წამოიწყო კომბინაციური ფეხბურთი. როდესაც გუნდი ბურთს კარგავდა, აქტიურად ცდილობდა მოწინააღმდეგეთა პრესინგს.
ქართველმა ამ შეხვედრაში გასაოცარი შრომისუნარიანობა აჩვენა. ამიტომ ლოგიკურიც იყო, მეორე გოლი სწორედ ყენიამ რომ გაიტანა", - წერს "უა-ფუტბოლი".
"ყენიამ გვაიძულა, თავისი აქტიურობითა და შემოქმედებითი თამაშით მთლიანად დაგვევიწყებინა შტილიჩის დანაკლისი. შეუძლებელია, არ დაეთანხმო კოსტოვს, რომ "კარპატი" მატჩიდან მატჩამდე უმატებს", - ეს უკვე "ფოოტბალ.უას" შეფასებაა.
რაღა თქმა უნდა, ყენიას ასეთი პროგრესი მეტად პოზიტიური ფაქტია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძე: უკრაინაში ჩვენგან ამას არავინ ელოდა
სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]
ლევან ყენია: ფორმის შენარჩუნებაში Playstation-ზე თამაში მეხმარებოდა
სანდრო კობახიძე: ეგვიპტესთან მატჩში ყენია-ანანიძის არყოფნა დაგვეტყო