აქ უკვე აღარ აქვს იმას მნიშვნელობა, ყენიას გულშემატკივარი ხარ თუ არა, რადგან ის არასდროს ყოფილა მოედანზე უბრალო ჯარისკაცი, ის ყოველთვის მაღალი ტექნოლოგიის იარაღი იყო წარმატებისთვის.
ყენიას სანახავად ქომაგი თბილისის "ლოკომოტივზე" მატჩებზე დადიოდა. საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელმა დედაქალაქში გულშემატკივარი სტადიონზე მიიყვანოს - ეს დიდი საქმეა, ვინძლო უფრო მეტიც, ვიდრე საჩემპიონო ოქრო თუ ნაირგვარი თასები.
მედლები კარგია, მაგრამ მაინც სტატისტიკაში გადის; ხოლო ის, რასაც ყენია ქართულ სტადიონებზე აკეთებდა, სულ სხვა რამეა
ფეხბურთის ხიბლიც ამაშია - მთავარი შედეგია, მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც ხანდახან შედეგზე უფრო სანატრელი და ამაფორიაქებელია.
ყენიას გზა საინტერესო, უცნაური და დრამატული გამოდგა უკრაინაში წასვლამდე. თბილისის "ლოკომოტივიდან" ფეხბურთელი გელზენკირხენის "შალკეში" გადავიდა - დიდი ნახტომი გამოვიდა.
ყენიამ მანამდე თავი სანაკრებო შეხვედრებშიც გამოიჩინა, კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას საქართველომ თბილისში შოტლანდიას რომ მოუგო, ამ ფეხბურთელის დიაპაზონიც კარგად გამოჩნდა.
ბუნდესლიგა კი რთულია. დავით თარგამაძესაც მოუწია დიდი ნახტომის გაკეთება, საქართველოდან "ფრაიბურგში" მივიდა, "A-იუგენდლიგაში" ჩინებულად ითამაშა, მაგრამ მისთვის მაინც ნაადრევი გამოდგა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა.
თარგამაძემაც გერმანიის მერე უკრაინას მიაშურა და ეროვნული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
გინდა თუ არ გინდა, ძველ კავშირებსა და ურთიერთობებს ვერ გაანულებ. საქართველო და უკრაინა ადრე ერთ ქვეყანაში შედიოდნენ, ერთად ყოფნის სამოცდაათიოდე წელი კი ცოტა არ არის. კახა კალაძემაც უკრაინიდან დაიწყო გზა ევროპული ფეხბურთისკენ. უკრაინა ქართული ფეხბურთისთვის კარგ პარტნიორად იქცა. ყენიასაც "შალკედან" იქ მოუწია წასვლა და ფეხზე დადგომა.
2012 წელი ყენიასთვის თითქოს გარდამტეხი აღმოჩნდა. "შალკესთან" კონტრაქტი დაუმთავრდა. მერე იყო მისი ხმაურიანი განცხადება, სანამ თემურ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, საქართველოს ეროვნულ გუნდში არ ვითამაშებო (იხილეთ ვრცლად).
ყენიამ ამის მერე ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, შემდეგ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მივიდა, წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ "ზენიტისა" და ყენიას გზები გაიყარა.
ეს ყოველივე ემოციების გარეშე ვერ მოხდებოდა. ყენია თითქოს ორომტრიალში მოჰყვა, "შალკეში" ტრავმიანობის გამო ორ წელიწადზე მეტი გაუცდა და ისევ სირთულეები - ცხოვრება ხშირად მკაცრად ექცევა ადამიანს, თუმცა ამავე დროს, აკაჟებს მას ამ ორომტრიალით.
გერმანული მედიის მიერ "მწვალებელ მაგათად" შერაცხული "შალკეს" მწვრთნელი ფეხბურთელებს შეკრების დროს ტრიბუნაზე აღმა-დაღმა დაარბენინებდა, - ეს თვითონ ყენიამაც მითხრა.
ალბათ გახსოვთ, რა არაჩვეულებრივი გოლი გაუტანა ფელიქს მაგათმა დინო ძოფს 1983 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში და ასეთ ფეხბურთელს მწვრთნელობაში გერმანელებმა "მწვალებელი" დაარქვეს - ყენია საქართველოდან სულ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდა.
"შალკე" და გერმანია ყენიამ უკვე უკან მოიტოვა. ქეცბაიასთან ურთიერთობაც დალაგდა. საქართველოს ნაკრებს ახლა ძალიან სჭირდება ყენია. ეს ის არის, რაც ასე აკლია ქეცბაიას გუნდს - ტრივიალურად რომ ვთქვათ, თავისუფალი მხატვარი.
ყენია საოცარ პასებს არიგებს უკრაინის ჩემპიონატში, კაცის მოტყუებასაც არ ერიდება; მის არსენალშია ტექნიკა და აზროვნება. მას ახლა ყველაზე უფრო დრო და მყარი ჯანმრთელობა სჭირდება, რომ "კარპატიცა" და უკრაინაც უკან მოიტოვოს, ცალკე დატოვოს, როგორც "შალკე".
ყენია კარგა ხანი იყო ცალკე უბურთოდ და უმოედნოდ. ბევრს არ სჯეროდა მისი ბოლომდე გამოჯანმრთელების და იმის, რომ ოდესმე ისევ შეძლებდა ფეხბურთის თამაშს.
ყენიამ უკვე ბევრ რამეს გაუძლო; უკვე იცის, თუ რას ნიშნავს, როცა ცალკე რჩები სიძნელეებთან. "მწვალებელი" მაგათი და რუსული "ზენიტი" მისთვის ფეხბურთისა და ცხოვრების აუცილებელი ნაწილი იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ყენია არის გენია! - ქართველი პლეიმეიკერი უკრაინას იპყრობს
ლევან ყენია: კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოვუმატებ
გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები