საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველმა გაიხსენა, როგორ შეუცვალეს ამპლუა და რატომ ჰქონდა სამშობლოში მორაგბის პერსპექტივა.
"მიმდინარე სეზონში "ვოლგა" შარშანდელზე უფრო დამაჯერებლად თამაშობს. გულშემატკივარი უფრო შეთამაშებულ გუნდს ხედავს. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩებზე ითქმის.
იმედია, უიღბლობის სერიას დავასრულებთ, ბოლო ოთხეულს თავს დავაღწევთ და პირველლიგელებთან გადათამაშებას თავიდან ავიცილებთ. საერთოდ, საუკეთესო რვა გუნდს ბევრით არც ჩამოვრჩებით...
"ვოლგას" ფორმით პირველი გოლი ამ სეზონში, "ამკარის" კარში გავიტანე. არავის გაკვირვებია, საჯარიმო რომ შევასრულე, მარცხენა ფეხით დასარტყმელად მოსახერხებელი პოზიცია
... სკოლაში ამპლუით თავდამსხმელი ვიყავი. მიყვარდა ბურთის თრევა და პასს არავის ვაძლევდი. მერე მწვრთნელმა სასჯელივით გამომიწერა ჯერ ნახევარდაცაში დახევა, ბოლოს კი - დაცვაში. გამოდის, ის მართალი იყო.
ვარჯიშებზე შეტევაში ახლაც ხშირად ვერთვები, მაგრამ ჩემი ადგილი მაინც უკანა ხაზშია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე მეტად დაცვის ცენტრში თამაში მიყვარს, მაგრამ დისკომფორტს არც მარცხენა ფლანგზე ვგრძნობ.
...მამა (ალეკო გრიგალავა) ცნობილი მორაგბეა, სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საქართველოში რომ მეცხოვრა, შესაძლოა, მეც მის გზას გავყოლოდი. მაგრამ 8 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი ოჯახი ქუთაისიდან როსტოვში გადასახლდა, ამ ქალაქის საფეხბურთო ტრადიციები კი ყველასათვის კარგად არის ცნობილი", - ამბობს 23 წლის ქართველი მცველი.
თავიდან გრიგალავამ რუს გულშემატკივარს თავი პრემიერლიგაში საკმაოდ უხეში თამაშით გააცნო:
"იყო დრო, როდესაც ყვითელ-წითელ ბარათებს "ვაგროვებდი" და ამის გამო ბევრი შეხვედრა გამოვტოვე. ახლა ვცდილობ, მსაჯებთან ნაკლები ვილაპარაკო, წვრილმანების გამო კამათს უკვე ვერიდები - ამით მაინც ვერაფერს მივაღწევ".
გრიგალავა ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების სჯერა:
"რა თქმა უნდა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკი ძნელია. ჩვენი მეტოქეები ესპანეთი და საფრანგეთი არიან. პირველ მათგანს დღეისათვის კონკურენციას ვერავინ უწევს. ფრანგებს კი, იმედია, ნერვებს გვარიანად მოვუშლით.
მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ეროვნული გუნდის მომავალში და რომ ნაკრები უკეთ ათამაშდება. ჩვენთან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომლებიც სწრაფად იზრდებიან.
შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რომელსაც გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია".
გრიგალავა შეეხო თემას, რაც მალე აქტუალური გახდება. ჩვენი ინფორმაციით, გიას გადაყვანა რუსულ, ინგლისურ და გერმანულ კლუბებს სურთ. თუმცა, "ვოლგასთან" კონტრაქტი მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში ეწურება და ალბათ, 2013 წლის ზაფხულამდე მაინც დარჩება.
გია გრიგალავა: თავდასხმიდან დაცვაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა: რუსეთის ნაკრები უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ მე საქართველო ვარჩიე
გია გრიგალავა: შევეცდებით, გულშემატკივრები მომავალ მატჩებშიც გავახაროთ
გია გრიგალავამ რუსები გააოცა, ალექსანდრე ამისულაშვილმა ძველი დრო გაიხსენა
ლეგიონერები: გია გრიგალავამ საჯარიმოდან "გოლი-მშვენება" გაიტანა [VIDEO]