ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა, რომელიმე ძლიერი ევროპული ლიგის კლუბში ვიხილოთ. ამის შესახებ 30 წლის თავდამსხმელმა "ლელოს" განუცხადა.

სირბილაძისთვის 2012 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა: 12 ნოემბერს, ჰელსინკიში ფინეთის უმაღლესი ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე სირბილაძემ სპეციალური პრიზი მიიღო და გალა-წარმოდგენის მთავარი გმირი გახდა.

გარდა იმისა, რომ "ინტერის" ქართველი ლეგიონერი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ვეიკაუსლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარეს.

ირაკლიმ ჯერ კიდევ შარშან აჩვენა მშვენიერი შედეგი - ტურკუს კლუბში პირველ 8 შეხვედრაში 8 გოლი მიითვალა, წლეულს კი ვეიკაუსლიგის ბომბარდირთა დავაში თავიდანვე დაწინაურდა და საბოლოოდ სეზონში ყველაზე მეტი
- 17 გოლი გაიტანა.

ამ ორი ტიტულის გარდა, სირბილაძემ სანაკრებო მიწვევითაც გაიხარა: თემურ ქეცბაიამ 15 აგვისტოს, ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული ნაკრებში პირველად ათამაშა ტანმაღალი თავდამსხმელი, რომელსაც მანამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ენდობოდნენ - მერე შესარჩევი ციკლის შეხვედრებიც ჩაატარა.

30 წლის ფორვარდი იმდოვნებს, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშებს. ლოგიკური გამოდგა ვარაუდი, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ სირბილაძეს საინტერესო მიწვევები ექნებოდა:

- ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი სეზონი რომელიმე სხვა ლიგაში დავიწყო. საკმაოდ ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების ძლიერი ლიგების კლუბები დაინტერესდნენ.

Sportall.Ge- როგორც შევიტყვეთ, განსაკუთრებით, სკანდინავიელები აქტიურობენ.
- შვედეთის, დანიის ან ნორვეგიის კლუბში გადასვლას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით.

"ინტერთან" კონტრაქტი მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს მიმთავრდება და ორი ვარიანტია: შეიძლება ახლა წავიდე, ან კონტრაქტის დასრულებას დაველოდო და მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით სადაც მინდა, იქ წავალ.

- მაგრამ წასასვლელად ახლა საუკეთესო დრო გაქვს: ლიგის ბომბარდირი გახდი, ფინეთში საუკეთესო თავდამსხმელად გაღიარეს, ნაკრებში მიგიწვიეს...
- გეთანხმებით და მეც არ მსურს, რომ ეს ერთი წელი დავკარგო. რა ტიტულის მოპოვებაც თავდამსხმელს შემეძლო, ფინეთში უკვე მოვიპოვე, მაგრამ კონტრაქტის გასაწყვეტად თანხა არის გადასახდელი და ამაზე ვარ დამოკიდებული - კლუბი თუ გადაიხდის, ახლავე გადავიდოდი. და თუ ეს ვერ მოახერხა, კიდევ ერთი წელი დავრჩები.

- დასრულებული სეზონი შენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ამაში ხელი რა ფაქტორებმა შეგიწყვეს?
- ეს შრომის, მწვრთნელისა და თანაგუნდელების დამსახურებაა. და კიდევ: სეზონისთვის ფიზიკურად ავთო ბერიძემ ძალიან კარგად მომამზადა.

- ამ კაცს ყველა აქებს, არადა, ფეხბურთს არ აკარებენ.
- არ აფასებენ და ვიღაცების ჩამოყვანაში დიდ ფულს იხდიან. არადა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ბერიძის მსგავსი მცოდნე სპეციალისტი ბევრი არ მინახავს, მისნაირები კი ევროპაში ბევრ გუნდს არ ჰყავს.

Sportall.Ge- შენი აზრით, საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში რომელი ადგილის დაკავება შეუძლია?
- მესამე ადგილი რეალური მგონია. ანუ დარჩენილ შეხვედრაში ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ავიღოთ, ფინეთს სახლში უნდა მოვუგოთ. საფრანგეთთან და ესპანეთთან მატჩებზე კი არ ვიცი, რა მოხდება. უმძიმესი შეხვედრები გველის.

- დაბოლოს: რა იყო 2012 წელს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა?
- ძალიან კარგი წელი იყო. ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი, კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა იყო.

ქეცბაიას ინტერესმა დიდი სტიმული მომცა. ეს უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო, ვიდრე პირადი ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები და სტატისტიკა: ჩვენი შეტევის გასაჭირი თვალნათელია
ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული