ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია

AutoSharing Option
ბაქარ მირცხულავა 16 წლის იყო, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეხვედრაში ლისაბონის "ბენფიკას" სელექციონერებმა რომ შენიშნეს და ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს.

ქართველი ახალგაზრდა ერთი წლის შემდეგ პორტუგალიური გრანდის დუბლებში დააწინაურეს, სადაც ორი წელი შეუცვლელად ითამაშა და გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდა.

"ბენფიკას" დუბლებიდან იმ იმედით წამოვიდა, რომ კარიერას რომელიმე ევროპული გუნდში გააგრძელებდა, რის გამოც თბილისის "დინამოს" მიწვევაზე უარი თქვა, მაგრამ პორტუგალიური "მარიტიმუს" ვარიანტი ჩაიშალა და ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა.

მაგრამ ჯერ "ბენფიკამ" გათავისუფლების ფურცელი ორი თვით დაუგვიანა, შემდეგ კი ამ კლუბის დატოვებაც მოუხდა.

ბოლოს ის თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ...

Sportall.Ge"გასული სეზონი რომ დამთავრდა, "ტორპედოს" მწვრთნელს და გუნდის ხელმძღვანელობას გაშვება ვთხოვე. ვიცოდი, არ მათამაშებდნენ.

იქ ყოფნის პერიოდში თავი ფეხბურთელად არ მიგრძვ
ნია, ამის საშუალება არც მომცემია.

მერე შემპირდნენ, რომ უკრაინაში გუნდს გამიხერხებდნენ. 2 თვე იქ ვიყავი, მაგრამ ეს დრო ისე გავიდა, გუნდში სინჯზეც არ მიმიყვანეს და ქუთაისში დავბრუნდი.

ნახევარი წელი უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ბოლო თვენახევარი "დინამოს" დუბლებში ვვარჯიშობდი და ნელ-ნელა რაღაცას ვემსგავსებოდი.

დიდი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არა მგონია, რომ დავრჩე. მე რა პირობებიც მინდოდა, ბუბა ტყავაძეს ვუთხარი და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ეს, კარგად ვხვდები, რასაც ნიშნავს. ისეთი პირობები მითხრა, გაოცებული დავრჩი.

ჯერ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ იმედია, საინტერესო რამე გამოჩნდება, მეც მეშველება და ერთხელ და სამუდამოდ დავლაგდები",
- ამბობს მირცხულავა.

20 წლის მცველს კარგი სტატისტიკა აქვს. "ბენფიკას" დუბლებში ქართველებს შემთხვევით არ მიიწვევდნენ, მაგრამ საქართველოში არ სწყალობენ:

"ყველა ქართველ მწვრთნელს ჩემს ხასიათზე ჰქონდა გართულება და არა თამაშზე. მეუბნებოდნენ, უხეში და ფიცხი ხარო. ზოგიერთმა, თავში გაქვს ავარდნილი და ცოტა მიწაზე დაეშვიო და ასეთები.

ვფიქრობ
დი, ყველა ასე რომ მეუბნება, იქნებ რაღაც მართლა გადავმლაშე-მეთქი, მაგრამ "ბენფიკას" დუბლებში 3 წელი ყველაზე მეტი თამაში ჩავატარე, ვიცე-კაპიტნად ამირჩიეს და პირველ გუნდთან სისტემატურად ვვარჯიშობდი. ამ პერიოდში 3 მწვრთნელი გამოვიცვალე.

იქ თუ კარგი ფეხბურთელი და პიროვნება ვიყავი, დღემდე მიკვირს, ქართველმა მწვრთნელებმა რატომ ამითვალწუნეს? პორტუგალიელებისთვის არ მქონდა ცუდი ხასიათი?

ერთი ახსნა მაქვს: მლიქვნელობა არ მიყვარს და ალბათ, ამიტომ ამითვალწუნეს. რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ, მიყვარს პირდაპირობა და ბევრს ეს არ მოსწონს. ან რატომ არ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და ჩემი აზრი არ დავაფიქსირო?

ბავშვი ვიყავი, საქართველოდან რომ წავედი და პორტუგალიაში ასე გავიზარდე. მწვრთნელებთან რა პრობლემაც უნდა გვქონო
და, ვეუბნებოდი და სულ მიგებდნენ და მეხმარებოდნენ. აქ პრობლემას რომ იტყვი, მწვრთნელი არ მოგისმენს. ანუ ევროპაში მიღებული აქ ცუდ ტონად ითვლება.

"ბენფიკაში" მწვრთნელთან ვხუმრობდით. რამე დამჭირდებოდა? - დირექტორს და მწვრთნელს ვაკითხავდი, ვარჯიშის მერე რესტორანში ერთად მივდიოდით. გუნდი კი არა, ერთი ოჯახი ვიყავით. ასეთი გარემოს შექმნას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან სხვაგვარად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იყო.

აქ ფეხბურთელი მწვრთნელთან მისვლასა და ორ სიტყვის თქმასაც ერიდება, რადგან დიდი ალბათობაა, უზრდელის, უხასიათოსა და ქვეყნის ამომგდების სახელი მოგაკერონ და შემდეგ არ გათამაშოს ან საყვედური გითხრას...

ცხადია, ყველა მწვრთნელს არ ვგულისხმობ, რადგან ბევრი გულისხმიერი ადამიანი მინახავს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა ასეთია. მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ეს არის - არასწორი მიდგომები.

არადა, ძალიან ბევრს ნიშნავს, მწვრთნელი ფეხბურთელს როგორ მიუდგება. ჩემს ამბავს გავიხსენებ: პორტუგალიაში ჩასულს ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა. მწვრთნელმა იცოდა, რაც შემეძლო, მენდობოდა და მათამაშებდა. პირველი 6-7 მატჩი საერთოდ არ გამომივიდა.

მაგრამ ბოლომდე გვერდში დამიდგა, მენდო და 6-7 თამაშის მერე გავიხსენი. ძალიან დამეხმარა და მას შემდეგ აშკარად უკეთ და უკეთ ავთამაშდი.

პორტუგალიელები დღემდე მიკავშირდებიან და მამხნევებენ, მათ შორის, ძველი მწვრთნელებიც. რომ ვეუბნები, წელიწადზე მეტია, უგუნდოდ ვარ და არ ვთამაშობ-მეთქი, ჰგონიათ, რომ ვხუმრობ და სინამდვილეში ევროპის რომელიღაც კლუბში ვასპარეზობ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბაქარი შენ ძლიერი ხარ,გიცნობ და ვიცი..შენ გაიმარჯვებ,ორივემ ვიცით საქართველოში ფეხბურთს გამარჯვება არ უწერია,მანამ....ხო იცი არაა??წარმატებებს გისურვებ..
zizi
02:14 19-01-2013
0
დატუნა უფასოდ ტამაში როგორია ტან ნახევარი წელი თბილიში იყავი ნახევარი წელი უფულოდ და ნახავ როგორ გაგიჭირდება ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ბიჭს საქართველოში ფეხბურთს განვიტარება არ უცერია საქართველოში ტამაშს ფული და კაცი უნდა ერთი განახათ ამ ბავშვზე რას წერდა ბენფიკის მტავარი მწვრთნელი პორტუგალიაში თუ ენდობოდნენ საქართველო რა გახდა ასეტი
nevedimka
18:02 11-01-2013
0

სიახლეები პოპულარული