ამ საქმეში რისკი ჭრის! - შოთა არველაძის სამწვრთნელო ფილოსოფია

AutoSharing Option
შოთა არველაძეს მწვრთნელობა გუშინ არ დაუწყია. თავიდან "ალკმაარში" იყო მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, მერე კი დამოუკიდებლად დაიწყო გუნდების გაწვრთნა - ჯერ თურქული "ქაისერისფორი" ჩაიბარა, ახლა ისევ თურქული სუპერლიგის გუნდს, სტამბულის "ქასიმფაშას" თავკაცობს.

შოთა საკმაოდ არაორდინარული ფეხბურთელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ მინდორი და ბურთი არ იყო მისი თვალსაწიერი. ის ბევრად უფრო დაფიქრებული ფეხბურთელი გახლდათ სხვადასხვა რამეზე, ვიდრე მისი თაობის სხვა ნიჭიერი ქართველი მოთამაშეები.

შოთა საშუასეზონო შვებულებას თბილისში ატარებს და როცა ინტერვიუზე შევუთანხმდით, ისეთ თემებს გამოვედეთ, რომელთაც სატელეფონო საუბარში ისე ვერ მიმოიხილავ,
როგორც უშუალოდ შეხვედრის დროს.

ეს ინტერვიუ სამწვრთნელო აქცენტებს მოიცავს და ვფიქრობ, სპეციფიკურად საინტერესო უნდა იყოს როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე სპეციალისტებისთვისაც.

- ფეხბურთელობისას სულ აქტიურობდი ვარჯიშებზე, კამათობდი, შენსას ამტკიცებდი; როგორც გამოცდილი მოთამაშე, ახალბედებს რჩევებს აძლევდი. ამას მოჰყვა მომდევო ეტაპი - მწვრთნელობა, ანუ იმავე საქმეში კი დარჩი, ოღონდ სხვა პოზიციაზე. როგორ უყურებ მწვრთნელის გადასახედიდან ფეხბურთელის პროფესიას?
- ასე ვიტყოდი: მწვრთნელობამდე ფეხბურთელი უფრო სერიოზული მეგონა, ანუ ჩემი უწინდელი წარმოდგენით, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა საკუთარი პროფესიის, კონტრაქტის მიმართ.

ჩემთვის სიტყვა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე კონტრაქტი და ხშირად პასუხისმგებლობა სიტყვას უკავშირდება. გავხდი მწვრთნელი და თუ ადრე მეგონა, რომ ფეხბურთელები ისეთები იყვნენ, როგორიც მე წარმომედგინა, აღმოჩნდა, რომ ასეთი მხოლოდ ხუთი პროცენტია, დანარჩენები კი დინებას მიჰყვებიან. აღარ აქვს იმას მნიშვნელობა, ფეხბურთელს ხელფასი 20 ათასი აქვს თუ 100 ათასი, ყველანი ერთნაირად იქცევიან.

- მაინც რას გულისხმობ ერთნაირად მოქცევაში?
- არ იხარჯებიან ბოლომდე ვარჯიშზე, მათ წვრთნა გართობა ჰგონიათ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი ნახევარი საათით ადრე მაინც უნდა მოდიოდეს ვარჯიშზე.

"ქაისერისფორში" "კოფი-ბრეიკი" დავაწესე, ანუ ვარჯიში რომ გვქონდა 6 საათზე, ფეხბურთელი ერთი საათით ადრე უნდა მოსულიყო. "კოფი-ბრეიკი" ხუთის ნახევარზე დავნიშნე, მაგრამ ფეხბურთელების თავშეყრა მაინც პრობლემა იყო. არადა, "ქაისერისფორში" ყველაფერი კარგად იყო აწყობილ-დალაგებული, უკვე შემდგარ კლუბში მივედი სამუშაოდ.

ერთიცაა, მაგალითად, ოცი ფეხბურთელიდან ორს ჰყავს ცოლი და ვიცი, რომ ისინი სახლში ნორმალურად იკვებებიან, დანარჩენი თვრამეტი კი კარგად იკვებება თუ არა, არ ვიცი.

- როგორც უნდა იყოს, გუნდის შედეგსა და ავანჩავანზე მთავარი პასუხისმგებელი მაინც მწვრთნელია...
- რა თქმა უნდა, და მეც საქმეს ასე ვუდგები - ასი პროცენტიდან ასივეზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ფეხბურთელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ერთმა მოთამაშემ მითხრა, რას მერჩი, ყველა მატჩი ვითამაშეო. ვუპასუხე, მე გავაცდინე რომელიმე მატჩი-მეთქი? ფეხბურთელს კონტრაქტის მიხედვით კლუბი ყველა პირობას რომ უსრულებს, მწვრთნელს ასეთი რამე არ უნდა დააყვედროს. ეს პირველად მაშინ გავიგე, როცა მწვრთნელი გავხდი.

- ფეხბურთელობისას მოედანზე ბევრს ლაპარაკობდი ვარჯიშის დროს. მწვრთნელობისას უფრო მეტად უფუცხუნებ ფეხბურთელებს?
- პირიქით, რაც ფეხბურთელობის დროს ვიყავი ამ მხრივ, ახლა მკვეთრად განსხვავებული ვარ. ალექსანდრე ამისულაშვილი რომ მოგვყავდა "ქაისერისფორში", უკითხავს, შოთა ახლა იმაზე უფრო მეტს ეჯაჯღანება ფეხბურთელებს, ვიდრე მანამდეო? ამისულაშვილს საპირისპიროში ზურაბ ხიზანიშვილიც არწმუნებდა.

- განსაკუთრებული იუმორით ყოველთვის გამოირჩეოდი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი მწვრთნელობის დროს? რამდენად საჭიროა იუმორის გრძნობა ამ პროფესიაში?
- მწვრთნელობას სჭირდება სწორი სიტყვა. თუ მწვრთნელი ხარ, საკუთარი პრინციპები აუცილებლად უნდა გქონდეს.

იუმორი, პედაგოგიკა, სადისციპლინო სანქცია... ამ ყველაფერს სათითაოდ ნუ გამოვეკიდებით. არ მინდა, რომ მხოლოდ ვიმუშაო, მინდა, რომ ვიცხოვრო და ვიმუშაო.

ვნახოთ, შესაძლოა, ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი შეიცვალოს. თანდათან ვრწმუნდები, რომ გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს.

- გუნდის შედეგი ისეთი რამეა, მწვრთნელს ერთსა და იმავე მდგომარეობაში რომ ვერ ამყოფებს...
- ამერიკელი ჯონ ვუდენის წიგნს ვკითხულობ. ის კოლეჯების საკალათბურთო ლიგის ლეგენდარული მწვრთნელი იყო. ვუდენი ამბობს, რომ არასდროს უნდა უყურო ტაბლოს, რადგან ის გავიწყებს სწორ მუშაობას. ვფიქრობ, რომ გუნდის შექმნის პროცესი უნდა გააუმჯობესო, ეს უნდა იყოს მიმართულება.

- საფეხბურთო ფილოსოფია ცალკე საკითხია, ეს გემოვნებასაც მოიცავს. რაც მწვრთნელი გახდი, რამე შეიცვალა ამ მხრივ შოთა არველაძეში?
- ვფიქრობ, მწვრთნელობამ მკვეთრად შემცვალა. ანალიზის გაკეთება, მეტოქის შესწავლა - ამის მიხედვით ვაძლევ დავალებას ჩემს ფეხბურთელებს. სულ ის მინდა, ასე ვთქვათ, ფეხბურთი რომ ვითამაშო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს მონდომებაზე არ ყოფილა დამოკიდებული.

მინდა, რომ ჩემი გუნდის მცველმა ბურთი კი არ მოიცილოს, არამედ ალექსანდრე ჩივაძესავით ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელობისას თანდათან კარგად მივხვდი იმას, რომ ეს ფეხბურთელს აღარ უნდა დააძალო, ამით მწვრთნელი ფეხბურთელს შიშის ქვეშ აქცევს.

- რომელია სიმწიფის ასაკი მწვრთნელისთვის, ან არსებობს კი საერთოდ სიმწიფის ასაკი ამ პროფესიაში?
- გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პროფესიას სიმწიფის ასაკი არ აქვს. იმარჯვებს ის, ვინც რისკზე მიდის. ადრე გარისკავ, ადრე წაიქცევი... ეს ის საქმეა, სადაც რისკი ჭრის.

- "ბარსელონა" - დღეს ეს მოდელია სამაგალითო. შეიძლება ითქვას, საფეხბურთო მოდის კანონმდებელიც. ალბათ, შენც ამავე აზრისა ხარ...
- თბილისის "დინამოში" რომ ვიყავი, ჩვენი გუნდი შინაგანად სწორედ "ბარსელონას" ფეხბურთს თამაშობდა. შელიაც და ნემსაძეც ისე იდგნენ გუნდში, როგორც პიკე და მასკერანო. მოკლე პასებს ვთამაშობდით, ასე გვინდოდა, ასე გვსიამოვნებდა, მაგრამ ზოგი კოოპერატივს გვეძახდა, რას აკეთებთ, აქ კიროვის ბაღი ხომ არ გგონიათო. საშა ჩივაძე კი პირიქით, გიჟდებოდა ჩვენს ასეთ ფეხბურთზე...

- ფეხბურთს მხოლოდ "ბარსელონა" არ თამაშობს. კიდევ სად ხედავ საინტერესო მოდელს?
- ძალიან მომწონს მადრიდის "ატლეტიკო" და დიეგო სიმეონე, რომელიც ძალიან პრაგმატულად მოქმედებს. თუ სადმე მინდა წასვლა და ნახვა, რა როგორ კეთდება, სიმეონესთან წავიდოდი.

- "ბარსელონა", "ატლეტიკო", სიმეონე - ისე ხომ არ გამოდის, რომ ლუის ვან გაალისთვის ადგილი აღარ რჩება?
- ვან გაალს შეუძლია, რომ ვითომ არაფერში დაინახოს რაღაცა და აათამაშოს. ამას წინათ ვან გაალმა "ვიტესიდან" ჰოლანდიის ნაკრებში 20 წლის ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი წაიყვანა. მისგან ამას ცოტა თუ ელოდა, მაგრამ ფაქტია, ვან გაალმა ნაკრებში ექვსი მატჩიდან ყველა მოიგო.

ვან გაალს უნდა, ყველა ფეხბურთელს აგრძნობინოს, რომ საკუთარ პოზიციაზე შეუძლია ლიდერი გახდეს. ამის შანსს ის ყველას აძლევს, ყველა ფეხბურთელის დაჯერებას ცდილობს იმაში, რომ გუნდში ეს მოთამაშე ძალიან საჭიროა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართულ დერბიში ზურაბ ხიზანიშვილმა შოთა არველაძეს აჯობა
შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს
რატომ არ დათანხმდა შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული