რამდენიმე ქართველმა თავის კლუბში საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა, ბევრი მათგანის საკლუბო კარიერა კი დღეისთვის არცთუ სახარბიელოა.
იმედია, სეზონის მეორე ნახევარი ქართული ლეგიონისთვის უფრო წარმატებული გამოდგება.
ლევან კობიაშვილი
ჰერტა (გერმანია)
0 მატჩი
ლევანს მიმდინარე სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, რისი მიზეზიც კარგად ვიცით - გასული სეზონის მიწურულს მომხდარი ინციდენტის გამო, რომელშიც კობიაშვილის მონაწილეობა ეჭვებს ბადებს, ვეტერან ქართველს 2012 წლის ბოლომდე
შესაბამისად, მისი სასჯელის ვადა უკვე ამოწურულია და მეორე ბუნდესლიგის მეორე წრიდან კობის თამაშის საშუალება მიეცემა.
"ჰერტას" სამწვრთნელო შტაბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ლევანს, წესით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს.
ალექსანდრე იაშვილი
ბოხუმი (გერმანია)
18 მატჩი
ვეტერანი ქართველი ფორვარდი გასულ ზაფხულს "კარლსრუედან" "ბოხუმში" გადავიდა და ახალი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ფეხიც მოიკიდა, თუმცა მისი მაისურით მეორე ბუნდესლიგაში ჯერ საგოლე ანგარიში არ გაუხსნია.
ერთი ბურთი იაშვილმა გერმანიის თასზე გაიტანა.
ნიკოლოზ გელაშვილი
ბოხუმი (გერმანია)
8 მატჩი, 1 გოლი
"ბოხუმის" ძირითადში ჯერჯერობით ვერ მკვიდრდება. უმეტესად, შეცვლებზე თამაშობდა, სასტარტო თერთმეტეულში კი მხოლოდ ერთხელ მოხვდა.
"ბოხუმის" წამყვანი ფორვარდი სლოვენიელი ზლატკო დედიჩია, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე კი კონკურენცია, უმთავრესად, ქართველებს შორისაა გაჩაღებული.
ლევან მჭედლიძე
ემპოლი (იტალია)
8 მატჩი
ბოლო წლების უსიამოვნო ტენდენცია გრძელდება - ტრავმების გამო მჭედლიძე კვლავ ცოტას თამაშობს. იმედია, სეზონის მეორე ნახევარში უფრო ხშირად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.
ირაკლი შეყილაძე
ემპოლი (იტალია)
5 მატჩი
20 წლის ფორვარდი მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა და ჯამში მხოლოდ 65 წუთი ითამაშა, მაგრამ შეყილაძეს შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ ახლო მომავალში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ასაკიდან გამომდინარე, მას ყველაფერი წინ აქვს.
გიორგი მაკარიძე
ლე მანი (საფრანგეთი)
0 მატჩი
გასულ სეზონში "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო, მაგრამ ტრავმამ საქმეები აურია და გამოჯანმრთელების შემდეგ პოზიციები დათმო.
მიმდინარე ჩემპიონატში მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია და შესაძლოა, მაკარიძემ ახლო მომავალში კლუბი შეიცვალოს.
გურამ კაშია
ვიტესი (ჰოლანდია)
18 მატჩი, 2 გოლი
"ვიტესის" ქართველი კაპიტანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერი გახდა და ვფიქრობთ, ეს წოდება სრულიად დაიმსახურა.
კაშია სეზონს სტაბილურად ატარებს და ჰოლანდიაში კარგი პრესა აქვს. იგი "ვიტესის" ნამდვილი ლიდერია. შეგახსენებთ, არნემული კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ჩემპიონობის შანსიც კი აქვს.
გიორგი ჭანტურია
ვიტესი (ჰოლანდია)
1 მატჩი
საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო მიზეზების გამო "ვიტესის" შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბოლო პერიოდში გუნდის 18-კაციან განაცხადშიც კი აღარ ჩნდებოდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჭანტურიამ კლუბი შეიცვალა.
ბარსელონამოვლილი თავდამსხმელი კარიერას ვლადიკავკაზის "ალანიაში" გააგრძელებს.
ვაკო ყაზაიშვილი
ვიტესი (ჰოლანდია)
0 მატჩი
ამ სეზონში "ვიტესის" მთავარ გუნდში არ გამოჩენილა, მაგრამ არნემელთა რიგებში რჩება და შესაძლოა, სეზონის მეორე ნახევარში მაინც მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.
ზურაბ ხიზანიშვილი
ქაისერისფორი (თურქეთი)
13 მატჩი
"ქაისერისფორში" მისი პოზიციები მყარია. რამდენიმე მატჩი გაუცდა, მაგრამ ამის მიზეზი ტრავმა იყო. მისი ეროვნულ ნაკრებში გამოჩენა უკვე ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ, გამოცდილ ქართველ მცველს შეუძლია, მთლიანად საკლუბო კარიერაზე იყოს კონცენტრირებული.
ვლადიმერ დვალიშვილი
პოლონია (პოლონეთი)
15 მატჩი, 7 გოლი
დვალიშვილს დიდი ხანია, საქართველოს ნაკრების მაისურით თავი არ გამოუჩენია. სამაგიეროდ, კარგად მისდის საკლუბო საქმეები. ლადო "პოლონიას" ერთ-ერთი ლიდერი და მისი საუკეთესო ბომბარდირია.
თუ კლუბი არ შეიცვალა, იგი პოლონეთის ჩემპიონობის საუკეთესო სნაიპერობისთვის ბრძოლასაც გააგრძელებს.
ნიკა ძალამიძე
იაგელონია (პოლონეთი)
15 მატჩი, 4 გოლი
არანაკლებ წარმატებით ასპარეზობს პოლონეთში მოასპარეზე მეორე ქართველიც. ძალამიძე "იაგელონიას" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მისი შედეგიანი თამაში კი მხოლოდ პოლონეთში კი არა, საქართველოშიც დაფასდა - იგი ჩვენი ქვეყნის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
დავით დევდარიანი
ორჰუსი (დანია)
14 მატჩი, 3 გოლი
სეზონს სტაბილურად და საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებს. რამდენიმე მატჩში თავდამსხმელის პოზიციაზე გაამწესეს და თავი იქაც რიგიანად წარმოაჩინა.
დავით სხირტლაძე
ორჰუსი (დანია)
8 მატჩი, 1 გოლი
ტრავმის გამო არაერთი შეხვედრა გაუცდა, ჯანმრთელად ყოფნის პერიოდში კი ხშირად ახერხებდა "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას.
მათე ვაწაძე
ორჰუსი (დანია)
9 მატჩი, 2 გოლი
დანიას გორის "დილაში" წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიაშურა. მისი დონის ფორვარდისთვის არცთუ მაღალი დონის ლიგაში 9 მატჩში გატანილი 2 გოლი დამაკმაყოფილებელი შედეგი არ უნდა იყოს. სავარაუდოა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციის შემდეგ ვაწაძე უფრო პროდუქტიულად ათამაშდება.
აკაკი ხუბუტია
გაზ მეთანი (რუმინეთი)
7 მატჩი
სეზონის სტარტზე "გაზ მეთანის" ძირითადში ხშირად ხვდებოდა, ბოლო დროს კი თამაშის საშუალება აღარ ეძლეოდა. საქართველოს ნაკრების მცველს სულ მალე ახალ კლუბში ვიხილავთ.
ირაკლი სირბილაძე
ინტერ ტურკუ (ფინეთი)
33 მატჩი, 17 გოლი
ფინეთის ჩემპიონატი, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, სირბილაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა - მისი გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახდა. თავად ირაკლი კი ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელია.
ეს წარმატება მისთვის კარგ ტრამპლინად უნდა იქცეს. შესაძლოა, მალე იგი უფრო ძლიერ ლიგაში აღმოჩნდეს.
გიორგი ნერგაძე
მოროკა სვოლოვსი (სამხრეთ აფრიკა)
16 მატჩი
სამხრეთ აფრიკის ლიგაში, რომელიც შავ კონტინენტზე აშკარად ერთ-ერთი გამორჩეულია, ქართველი მცველი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
"მოროკა", რომელიც წინა სეზონში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ნერგაძის გარეშე წარმოუდგენელია.
აზერბაიჯანი
ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამეზობლოში. აზერბაიჯანულ პრემიერლიგას ბაქოს "ინტერი" ლიდერობს, რომლის თავკაციც კახა ცხადაძეა, მეორეადგილოსან "სიმურგს" კი სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, აზერბაიჯანში მოასპარეზე ჩვენებურთაგან ყველაზე გამორჩეული "ინტერის" ფორვარდი ბაჩანა ცხადაძეა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში გამართულ 16 მატჩში გატანილი 6 გოლია.
რაც შეეხება სხვა ინტერელებს, გიორგი ადამიას თავის გამოჩენის საშუალება ტრავმამ არ მისცა, გიორგი ლომაია და ილია კანდელაკი კი ძირითადში სისტემატურად თამაშობენ.
"ინტერის" შემადგენლობაში ეპიზოდურად ჩნდებოდნენ სათადარიგო მეკარე რევაზ თევდორაძე და ვალერი აბრამიძე.
გიორგი ფოფხაძემ "ბაქის" რიგებში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება "თურანის" წევრ ქართველებს, მათი მონაგარი ასეთია:
გოგი ფიფია: 10 მატჩი, 2 გოლი
ირაკლი ბერაია: 12 მატჩი
ნუგზარ კვირტია: 7 მატჩი
ბალტიისპირეთი
ბალტიისპირეთის ქვეყნებში რამდენიმე ქართველი ასპარეზობს, რომელთაგანაც ორი ფორვარდი უნდა გამოვარჩიოთ - ლატვიური "დაუგავას" წევრი მამუკა ღონღაძე და გიორგი ალავერდაშვილი ლიტვური "ბანგადან".
ღონღაძე 18 გოლით ლატვიის დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ალავერდაშვილმა კი ლიტვაში მხოლოდ 15 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
შედეგად, ორივე მათგანის ფასმა საგრძნობლად აიწია - ალავერდაშვილი კარიერას რუმინულ "პანდურიიში" გააგრძელებს და მალე, სავარაუდოდ, ღონღაძესაც ვიხილავთ "დაუგავაზე" ბევრად ძლიერ კლუბში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"