ეს ამბავი იმიტომ გვაინტერესებს, რომ ორივე გუნდს ქართველი სპეციალისტები, კახა ცხადაძე ("ინტერი") და გიორგი ჩიხრაძე ("სიმურგი") წვრთნიან.
ცხადაძემ აზერბაიჯანში იმ დროისთვის უკვე დაშლილი თბილისის "ამერის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ასისტენტად წაიყვანა.
ერთად სამი წელი იმუშავეს, მაგრამ 2012 წელს გიორგის ზაქათალას "სიმურგის" გაწვრთნა შესთავაზეს და ჩიხრაძემაც მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა.
აზერბაიჯანში ჩიხრაძემ მშვენიერ შედეგს მიაღწია: შარშან გასავარდნად განწირული არც ისე მდიდარი "სიმურგი" წლეულს ლიდერებს ეომება და სატურნირო ცხრილში
ჩვენმა მეზობლებმა ბოლო წლებში ფეხბურთი რომ განავითარეს, მიმდინარე ევროთასებზე ბაქოს "ნეფთჩის" გამოსვლაც ადასტურებს და 44 წლის ქართველი სპეციალისტის წარმატებული საქმიანობაც სასიხარულოა.
გიორგი ჩიხრაძეს ინტერვიუ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ჩამოვართვით.
- ზაქათალის "სიმურგი" შედეგები ძნელი ასახსნელია, გუნდი ბევრად უარესად არის დაკომპლექტებული, ვიდრე თქვენს მიერ ჩამოტოვებული გუნდების უმრავლესობა.
- "ინტერში" რომ ვმუშაობდი, ზაქათალელთა პრეზიდენტს შევუთანხმდი, რომ "სიმურგს" ახალი სეზონიდან ჩავიბარებდი. მაგრამ შარშან მეორე წრეში გუნდი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გასავარდნთა ზონაში მყარად დამკვიდრდა და რაც მთავარია, მოთამაშეები დემორალიზებულები იყვნენ - ჩემს მისვლამდე ზედიზედ 6 შეხვედრა წააგეს, გოლი ვერ გაქონდათ...
მოკლედ, გუნდს ძალიან უჭირდა და უფრო ადრე მიმიწვიეს. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სეზონი მე-9 ადგილზე დავასრულეთ, რაც მართლაც პატარა სასწაული იყო.
მაგრამ, ტრაბახში არ ჩამომართვათ და "სიმურგის" ახლანდელი მე-2 ადგილი არანაკლებ სასწაულია და აზერბაიჯანში მართლაც ყველას უკვირს. ეს გუნდში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა და სწორმა გეზმა განაპირობეს.
ბევრი მოთამაშე ჩვენს მოთხოვნებს აშკარად ვერ აკმაყოფილებდა და აბსოლუტურად ყველა ლეგიონერი და რამდენიმე ადგილობრივი გავუშვი, სულ 13 მოთამაშე.
- მაშინ აზერბაიჯანული მედიაში ცინიკური სტატიები გამოჩნდა, ჩიხრაძე ახლა სიტუაციით ისარგებლებს და ქართველებს ჩამოიყვანსო.
- (იცინის) ასეთი მოლოდინი მართლაც ჰქონდათ, ეტყობა, ქართველებს უთავისუფლებს გზასო. მაგრამ სეზონი დაიწყო და არც ერთი ქართველი არ ამიყვანია.
- ისე, მართლაც გასაკვირია: "სიმურგში" ჩვენებურებს რატომ არ იწვევთ?
- ვერ ვიტყვი, რომ ქართველების აყვანას ვეწინააღმდეგები. თუ ჩვენს მოთხოვნებს დააკამყოფილებენ, სიამოვნებით ავიყვან. რამდენიმე მოთამაშის მიწვევა მსურდა კიდეც, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზოგს კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებდა, ზოგსაც ფინანსურად ვერ შევწვდით.
სამწუხაროდ, "სიმურგი" დიდი ფინანსებით არ გამოირჩევა. ახლაც სამ კონკრეტულ პოზიციაზე გვსურდა მოთამაშეების დამატება, მაგრამ კვლავ იგივე პრობლემას წავაწყდით. ამიტომ, 2 ლეგიონერი და ერთი ადგილობრივი მივიწვიეთ.
...იმას ვამბობდი, ერთი ქართველიც რომ არ ამიყვანია, მიხვდნენ, რომ გუნდის საჭიროებიდან გამოვდიოდი და არა ანგარებიანი მოსაზრებებით.
საერთოდ, "ჩემი ფეხბურთელები" არასოდეს მყოლია - ასეთი რამ ხომ გუნდზე ცუდად მოქმედებს. მე ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, სხვა არჩევანი არც მქონდა.
- რატომ არ გქონდათ?
- იმიტომ, რომ "სიმურგი" წამყვან აზერბაიჯანულ კლუბებს ბიუჯეტით ბევრად ჩამორჩება და დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. ლიდერებს სახელიანი ფეხბურთელების ჩამოყვანაში ვერ შევეჯიბრებით. ლიდერებისთვის კონკურენციის გასაწევად, ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა ჩამოგვეყალიბებინა და მოსამზადებელი ეტაპი კარგად გამოგვეყენებინა.
ასეც მოხდა, საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ, 33 ქულით მეორე ადგილზე ვართ და არ შეიძლება, ეს ამბავი არ მახარებდეს.
- ვითომ, "სიმურგი" სამეულში მოხვედრა რეალურია?
- ჯერ ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, სამეულზე ჯერ არ ვფიქრობთ. ბიუჯეტი დიდი ამბიციის უფლებას არ გვაძლევს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც შენს კონკურენტებს ბევრად ძლიერი შემსრულებლების დამატების საშუალება გააჩნიათ.
ჯერ კი ვერ დავმშვიდდები, სანამ ექვსეულის საგზურს საბოლოდ არ გავიფორმებთ. პირველი ეტაპის 4 მატჩი კიდევ ჩასატარებელია და ჯერ თავი ქუდში არ გვაქვს: მე-7 ადგილზე მყოფი "აზალი" 11 ქულით ჩამოგვრჩება, რაც ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს უტოვებს.
ასე რომ, მეორე ეტაპიც კარგად უნდა გავაგრძელოთ. საამისოდ, მოსამზადებელი ეტაპი კარგად უნდა გამოვიყენოთ.
- ბოლო წლებში, "სიმურგი" სეზონისთვის თბილისში ემზადებოდა. ახლაც იგივე აპირებთ?
- წლეულს ეს ტრადიცია დავარღვიეთ და თურქეთში გავემგზავრებით. ანთალიაში მშვენიერი კლიმატი და სავარჯიშო პირობებია და რაც მთავარია, ძლიერ მეტოქეებთან თამაშების საშუალება გვექნება.
- მართალია, რომ ქართველების გაწვრთნილი "ინტერისა" და "სიმურგის" პირველ-მეორე ადგილზე წამოსკუპება, აზერბაიჯანში ვიღაცებს აღიზიანებს?
- მე ასე არ ვიტყოდი. მეზობლებში ყოველთვის არის კონკურენციის მომენტი, ვინ ვის სჯობია. ნუ გაგიკვირდებათ, მათაც სურთ, აზერბაიჯანელი სპეციალისტების გუნდებმა რომ გვაჯობონ.
საქართველოშიც ასე არის, ყველა ადგილობრივს სურს დაამტკიცოს, რომ ჩამოსულ მწვრთნელზე მცოდნე და მაგარია. ეს სპორტული აზარტიც არის და კონკურენციაც, არ მიკვირს და არც მაღიზიანებს, ჩვეულებრივი ამბავია.
- საინტერესოა, თქვენი თვალით დანახული კონკურენტები: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი ბაქოს "ნეფთჩი" და ბაქოს "ინტერი" - რომელი უკეთესი კლუბია?
- "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ყველაზე ტრადიციული კლუბია და აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის მისი გაძლიერება და წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას გარდა, ახლა ყველაზე მდიდარი კლუბიც გახდა და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეების დამატების საშუალება გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამით "ნეფთჩი" აზერბაიჯანში გამორჩეულია.
მაგრამ "ინტერი" კარგად ორგანიზებული კლუბი და გუნდია. ცხადაძესთან რომ ვმეგობრობ, ეს არ მალაპარაკებს, კახა აზრიანად მუშაობს და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა.
მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი გუნდია და ჩემპიონობისთვის მათ შორის სრულფასოვანი "ომი" გაიმართება. თუმცა, სხვა ძლიერი კონკურენტებიც ჰყავთ, "ყარაბახი", "ხაზარი", "გაბალა", იმედია, ჩვენც ღირსეულად ვიბრძოლებთ. მაგრამ, ახლა ისეთი არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია, წინასწარ ვერ გაიგებ, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.
- "ნეფთჩის" ბიუჯეტი მართლა 50 მილიონი დოლარია?
- ზუსტად არ ვიცი, ვის რამხელა ბიუჯეტი აქვს. ისე, არა მგონია, ბაქოელებს ამხელა თანხა ჰქონდეთ, მაგრამ ფინანსურად ნამდვილად არ უჭირთ და ბევრად ნაკლები ბიუჯეტიც არ ექნებათ.
გიორგი ჩიხრაძე: აზარტიც, კონკურენციაც... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანში ქართველი ლეგიონერები ლიდერობენ
გიორგი ჩიხრაძე: მაქსიმალისტი ვარ, სენსაციების არ მჯერა
გიორგი ჩიხრაძე: ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს
რატომ ვერ იწვევს გიორგი ჩიხრაძე ზაქათალას "სიმურგში" ქართველებს