სერგეი ფელდმანი: გიორგი დარასელიასთვის ავტორიტეტები არ არსებობენ

AutoSharing Option
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიასა და გუნდში მიწვეულ ქართველ ფეხბურთელებზე: ლაშა სალუქვაძეზე, გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძეზე ისაუბრა.

"სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტმა ფელდმანს ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების აგენტ მამუკა ჯუღელთან ურთიერთობაზეც ჰკითხა.

- რუსეთის პირველი ლიგის საშემოდგომო ნაწილის ფინიში "სკა-ენერგიას" წარუმატებელი გამოუვიდა - ექვსიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. დეკემბერში გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - ალექსანდრე გრიგორიანის ნაცვლად გუნდი გიორგი დარასელიამ ჩაიბარა. დარასელია იმიტომ მოიწვიეთ, რომ საქართველოში "დილასთან" ერთად მან ზედიზედ 11 მატჩი მოიგო?
- დარასელიას წლებია,
ვიცნობ. ჩვენი გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ისრაელში ვთამაშობდი. ამასთან, მის სამწვრთნელო კარიერას თვალყურს ვადევნებდი.

- ასეა თუ ისე, მისი სამწვრთნელო რეკორდი იმედისმომცემია - "სკა-ენერგიას" ასევე 11 თამაში აქვს წინ...
- მე მეზღაპრე არ ვარ, რეალისტი ვარ. სიბრიყვე იქნებოდა იმის თქმა, რომ რადგან მან საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ 11 მატჩი მოიგო, იმავეს აუცილებლად გაიმეორებს ჩვენთან ერთად.

- როგორი მწვრთნელია დარასელია?
- საკმაოდ მკაცრია, თუმცა ფეხბურთელებთან და კლუბის თანამშრომლებთან ურთიერთობაში იმაზე უფრო მოქნილია, ვიდრე, მაგალითად, ყოფილი მწვრთნელი სერგეი გორლუკოვიჩი იყო. მომწონს, რომ გუნდში დისციპლინა სუფევს. შორეული აღმოსავლეთის კლუბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- კონკრეტულად ვინ მოიწვია გუნდში დარასელია?
- ეს კლუბის საბჭომ გადაწყვიტა, რომელმაც თავიდან ორი კანდიდატურა წამოაყენა. მე დარასელია ავირჩიე.

- გუნდს ისრაელში შეკრებაზე სამი საკმაოდ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გაჰყვება. ლაშა სალუქვაძე - "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ორგზის ჩემპიონი, ოთარ მარცვალაძე, რომელიც "ვოლგასა" და "კრასნოდარში" გამოდიოდა და გოჩა ხოჯავა, რომელიც "ვოლგას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. როგორ მოახერხეთ მათი გადაბირება?
- ჩვენ გვაქვს მიზანი - პრემიერლიგის საგზურის მოპოვება. მოლაპარაკებები ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ ისინი შეკრებაზე წამოვიდოდნენ და სავარაუდოდ, გუნდში დარჩებიან.

აღვნიშნავ, რომ გიორგი დარასელიასთვის ავტორიტეტები არ არსებობენ.

- ამ ფეხბურთელების მოწვევის ინიციატორი ვინ იყო?
- ჩვენი კლუბი. "დილაში", რომელსაც ადრე დარასელია წვრთნიდა, ხოჯავა და სალუქვაძე თამაშობდნენ. როცა მას "სკა-ენერგიას" მწვრთნელობა შესთავაზეს, მან უმალ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამ ფეხბურთელების კლუბში მიწვევა.

ფინანსური დეტალების განხილვის შემდეგ ფეხბურთელებს დავუკავშირდით და გადავწყვიტეთ, რომ ისინი ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში დაგვეხმარებიან.

- ანუ შესაძლებელია, მათთან ნახევარწლიანი კონტრაქტები გაფორმდეს?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგს მიაღწევს გუნდი.

- სამივე ქართველი ლეგიონერი ივან ჯუღელის კლიენტია და როგორ შეძელით ასეთი მსხვილი ფუნქციონერის შორეული აღმოსავლეთის ფეხბურთით დაინტერესება?
- ვინ?

- ივან ჯუღელი.
- ასეთს არავის ვიცნობ.

- რუსეთში მას ზოგჯერ ივანად მოიხსენიებენ, საქართველოში - მამუკად.
- მამუკას ვიცნობ. მასთან ლაშა სალუქვაძის, მარცვალაძისა და ხოჯავას თაობაზე მოლაპარაკება გვქონდა და შეთანხმებამდეც მივედით.

მამუკა - ერთ-ერთი იშვიათია იმ აგენტთაგან, რომლებიც ჩვენს პირობებზე დათანხმდებოდნენ. თუკი მივაღწევთ მიზანს, შემდეგ უკვე მასთან ფინანსურ პირობებსაც ჩამოვაყალიბებთ.

- მიზანი-მაქსიმუმი პრემიერლიგაში გასვლაა?
- რა თქმა უნდა. სისულელე იქნებოდა, 21-ე ტურის შემდეგ მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ქვედა ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდეს. ჩვენი კლუბი უმაღლეს ლიგაში არასდროს ყოფილა და იქ გადასვლის ასეთი შანსიც უწინ არასდროს ჰქონია.

ასევე იხილეთ:
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო

ლადო დვალიშვილი კარიერას რუსეთში გააგრძელებს?
სალუქვაძე, ხოჯავა, მარცვალაძე და გრიგალაშვილი "სკა-ენერგიაში" იკრიბებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული