მათე ვაწაძე: აქ, დანიაში, ფეხბურთელი უფრო დაფასებულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი მათე ვაწაძე მძიმედ დაშავდა. ტრავმა მან 29 მარტს, დანიის ჩემპიონატში, "ნორსიელანდთან" შეხვედრაში მიიღო.

ვაწაძე სტრატეგიული მნიშვნელობის ფორვარდია საქართველოს ნაკრებისთვის, შოთა არველაძის შემდეგ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ხომ განსაკუთრებულად პრობლემატურია ჩვენი უპირველესი გუნდისთვის.

ვაწაძე "დინამო თბილისში" ჩამოყალიბდა საინტერესო ფეხბურთელად; შემდეგ რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის" ვოლგაში" გადავიდა; მერე საქართველოში დაბრუნდა და გორის "დილაში" თამაშით გამოიჩინა თავი როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ევროსარბიელზე.

წლეულს ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ვაწაძემ პირველი ნაკრებული გოლი გაიტანა და თემურ ქეცბაიამ ის საფრანგეთთან სასტარტო შემადგენლობაშიც
ათამაშა...

მათე ვაწაძეს დანიაში დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- როგორ არის შენი ჯანმრთელობა? რას ამბობენ დანიელი ექიმები?
- კოჭი რომ მოვიტეხე, ოპერაცია მალევე გამიკეთეს, თუმცა ჯერაც ვერ მეუბნებიან, რამდენ ხანს გასტანს სარეაბილიტაციო პროცესი.

ექვსი კვირის შემდეგ ხელმეორე გამოკვლევას ჩამიტარებენ და ალბათ მერე გახდება ცნობილი, თუ როდის შევძლებ ვარჯიშის დაწყებას.

- მაინც როგორ მოხდა ყველაფერი? რამ გამოიწვია ასეთი მძიმე ტრავმა?
- ჩვეულებრივი, სათამაშო ეპიზოდი იყო, ისეთი, როცა მეტოქე მცველს ვერაფერს დააბრალებ. საქმე იმაშია, რომ თოვდა, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე იყო და ორთაბრძოლის დროს ფეხი კარგად ვერ დავდგი, გამიცურდა და კოჭი გადამიტყდა, მყესებიც ჩამიწყდა.

ექვსი კვირის შემდეგ რომ გამსინჯავენ, სავარაუდოდ, კიდევ სამი თვე მომიწევს უქმად ყოფნა.

- საფრანგეთთან მატჩზეც გკითხავ. ზოგი მიიჩნევს, რომ მათე ვაწაძემ არცთუ ურიგოდ ითამაშა, ზოგი კი ამბობს, რომ ვაწაძეს უკეთესადაც შეეძლო თამაში - თავად რას იტყოდი ამ ყველაფერზე?
- საკუთარი თამაშის შეფასებისგან თავს შევიკავებ. რთულია შენი თამაში შეაფასო, როცა გუნდი მარცხდება.

ყველანი მონდომებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, საფრანგეთის ნაკრები ისეთი გუნდია, ჩვენზე ხუთი თავით მაღლა რომ დგას.

- დანიას და მანდაურ ფეხბურთს როგორ შეეწყვე? მაინც რითია უკეთესი დანიური ჩემპიონატი ჩვენსაზე?
- დანიაში უკეთესი პირობებია, აქ უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელად იგრძნო თავი, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ თავის პროფესიულ მოვალეობაზე იფიქროს. აქ ფეხბურთელი უფრო დაფასებულია, თორემ დონეს რაც შეეხება, სულაც არ არის ისეთი, რომ ქართველებმა ვერ შეძლონ ასე თამაში.

იმედია, საქართველოში მალე უფრო დაფასებული იქნება ფეხბურთელი, ეს ხომ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც უკეთესი იქნება.

- ფინანსური მხარე ამ ყველაფერში უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მათე ვაწაძე კი არ დაბრუნდა ისევ რუსეთში, ევროპაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. მაინც რითი იყო განპირობებული ასეთი არჩევანი? დანიაში უფრო მეტი პერსპექტივა დაინახე?
- რუსეთში უკვე მქონდა ნათამაშები და ვიცი, იქ რა როგორ არის. ჩემი აზრით, რუსეთის ჩემპიონატის ქვედა გუნდებში წასვლა აღარ ღირდა, რადგან ასეთი გუნდები უფრო თავდაცვაზე არიან ორიენტირებულნი და შესაბამისად, თავდამსხმელს უფრო უძნელდება თამაში. ამიტომაც ავირჩიე დანია და "ორჰუსი".

იმედია, ტრავმას, რაც შეიძლება, მალე მოვირჩენ და "ორჰუსსაც" გამოვადგები და საკუთარ თავსაც.

იქ, სადაც ფეხბურთელი უფრო დაფასებულია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცუდი ამბავი დანიიდან: მათე ვაწაძემ მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.კარგია,რომ ფეხბურთელები თავად ხვდებიან,რუსეთში წასვლა მხოლოდ ფულისთვის შეიძლება და არა ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის.
vaxvax
09:25 05-04-2013
0

სიახლეები პოპულარული