ინგლისში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩემპიონობაა გარდაუვალი, გერმანიაში "ბაიერნმა" მორიგი ტიტულის მოგება უკვე იზეიმა, ესპანეთში "ბარსელონა" "რეალს" 13 ქულით უსწრებს და ამხელა უპირატესობას არ გაანიავებს, იტალიაში "იუვენტუსის" ლიდერობას არაფერი ემუქრება, საფრანგეთში კი "პარი სენ ჟერმენს" 7-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა იმის გათვალისწინებით, რომ მისი პირველი მდევარი საოცრად არასტაბილური "მარსელია".
ჰოლანდიაში კი ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის. ლიდერ "აიაქსს" და მეოთხეზე მყოფ "ფეიენოორდს" შორის სხვაობა სულ 4
აიაქსი
ამ მომენტისთვის, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი სწორედ "აიაქსს" აქვს. ჰოლანდიის 31-გზის ჩემპიონმა ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო და ის დამაჯერებლად მიიწევს ზედიზედ მესამე ტიტულისკენ.
ფრანკ დე ბურის შეგირდები უახლოეს მდევრებს სამი ქულით კი უსწრებენ, მაგრამ ამსტერდამულ გუნდს არც ისე იოლი კალენდარი აქვს. მომდევნო ტურში გაიმართება მატჩი, რომელიც შესაძლოა საჩემპიონო გამოდგეს - "პსვ ეინდჰოვენი" "აიაქსს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პირველ ადგილზე გადავა.
პსვ-ის შემდეგ "აიაქსი" კარგ ფორმაში მყოფ "ჰერენვენს" უმასპინძლებს, რასაც ბრედაში სტუმრობა მოჰყვება.
ბოლოსწინა ტურში ამსტერდამელები უკვე გავარდნილ "ვილემ II"-თან გაისეირნებენ, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად "გრონინგენს" შეხვდებიან.
როგორც ხედავთ, დარჩენილი 5 მატჩიდან დე ბურის გუნდს სამი უწევს სტუმრად და სამივე მატჩი საკმაოდ რთული უნდა გამოდგეს.
დარჩენილი მატჩები:
პსვ ეინდჰოვენი (სტუმრად) - 14 აპრილი
ჰერენვენი (შინ) - 19 აპრილი
ბრედა (სტუმრად) - 27 აპრილი
ვილემ II (შინ) - 5 მაისი
გრონინგენი (სტუმრად) - 12 მაისი
პსვ ეინდჰოვენი
დიკ ადვოკაატის გუნდს მცირე ჩავარდნა აქვს - "ეინდჰოვენმა" ბოლო 4 შეხვედრაში 7 ქულა აიღო და პირველი ადგილი "აიაქსს" დაუთმო, თუმცა მომდევნო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ისევ პირველ პოზიციაზე გადავა.
პსვ-ს ასევე საკმაოდ არასასიამოვნო კალენდარი აქვს და გარდა ამისა, გუნდი ჰოლანდიის თასის ფინალშია გასული, სადაც "ალკმაარს" უნდა შეხვდეს (9 მაისს). ეს მატჩი კი ბოლო ტურის წინ უნდა გაიმართოს.
ყველაზე რთული მატჩი ("აიაქსთან" გასამართი მატჩის გარდა), "ფილიპსელებს" სწორედ ბოლო ტურში აქვთ, როდესაც ენსხედეში "ტვენტეს" უნდა ეწვიონ.
არ დაგვავიწყდეს იმავე "ალკმაართან" 31-ე ტურში გასამართი მატჩიც - შოთა არველაძის ყოფილი გუნდი მე-14 ადგილზეა და მას ქულები ჰაერივით ესაჭიროება.
დარჩენილი მატჩები:
აიაქსი (შინ) - 14 აპრილი
ალკმაარი (სტუმრად) - 20 აპრილი
გრონინგენი (შინ) - 27 აპრილი
ნაიმეგენი (შინ) - 5 მაისი
ტვენტე (სტუმრად) - 12 მაისი
ვიტესი
"ვიტესი" ბრწყინვალე ფორმაშია. მერაბ ჟორდანიას გუნდმა ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, ვილფრედ ბონიმ კი ამ შეხვედრებში 11 გოლი გაიტანა!
საერთოდ, ივუარელი ფორვარდის ანგარიშზე 29 გოლია (26 შეხვედრაში!) და ის გუნდის წარმატების მთავარი მიზეზია.
ბონის გარდა, შესანიშნავ სეზონს ატარებს გურამ კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია.
14 მაისს, ბოლო ტურიდან ორი დღის შემდეგ, "ვიტესი" 121 წლის ხდება, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხანდაზმული ასაკისა, გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი არასდროს გამხდარა. არნემელებს წელს ამის საუკეთესო შანსი აქვთ. ფრედ რუტენის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და დარჩენილი მატჩების კალენდარიც ოპტიმიზმის საბაბს იძლევა.
ყველაზე რთული შეხვედრა "ვიტესს" 31-ე ტურში, როტერდამში ელის. დარჩენილი ოთხი მეტოქიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე "ვაალვაიკია", რომელიც მე-13 ადგილს იკავებს. ამ გუნდის გარდა, რუტენის შეგირდები მე-16 (როდა), მე-17 (ვენლო) და მე-18 (ვილემ II) ადგილზე მყოფ გუნდებს ხვდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ "აიაქსს" და "პსვ ეინდჰოვენს" საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ, ხოლო "ვიტესს" უმეტესად აუტსაიდერებთან უწევს დაპირისპირება, ჟორნადია-კაშიას გუნდს საკმაოდ კარგი შანსები აქვს.
დარჩენილი მატჩები:
როდა (სტუმრად) - 13 აპრილი
ფეიენოორდი (სტუმრად) - 21 აპრილი
ვილემ II (შინ) - 28 აპრილი
ვაალვაიკი (სტუმრად) - 5 მაისი
"ვენლო" (შინ) - 12 მაისი
ფეიენოორდი
ჰოლანდიის ერთ-ერთი გრანდი, "დიდი სამეულის" წევრი "ფეიენოორდი", ერედივიზიეს ჩემპიონი 1999 წლის შემდეგ არ გამხდარა და საერთოდ, ბოლო 20 წელიწადში გუნდი მხოლოდ ერთხელ გახდა ჩემპიონი.
ჩაგდებული სეზონის შემდეგ (როდესაც გუნდი კინაღამ გავარდა და პსვ-სთან 0:10 წააგო), "ფეიენოორდი" გონს მოეგო და შარშან მეორე ადგილიც დაიკავა.
როტერდამელებმა ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგეს და მხოლოდ "ჰერენვენთან" წააგეს.
კალენდარი "ფეიენოორდსაც" საკმაოდ იოლი აქვს და თუ რონალდ კუმანის შეგირდებმა დარჩენილი მატჩები მოიგეს (რაც წარმოუდგენელი სულაც არ არის), დიდი ალბათობით, ასე ნანატრ საჩემპიონო ტიტულსაც დაიბრუნებენ.
დარჩენილი მატჩები:
ვაალვაიკი (სტუმრად) - 14 აპრილი
ვიტესი (შინ) - 21 აპრილი
ჰერაკლესი (შინ) - 28 აპრილი
დენ ჰააგი (სტუმრად) - 5 მაისი
ბრედა (შინ) - 12 მაისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გურამ კაშიას გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები იწვევენ