ქართველი ფეხბურთელების უცხოური კლუბების ჩამონათვალი ხომ ისედაც არცთუ შთამბეჭდავია და რაც ყველაზე ცუდია, მათ დიდ ნაწილს იქ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ასე კი მათი კარიერის განვითარებასა და ნაკრების წარმატებაში შეტანილ წვლილზე საუბარი სრულიად უადგილოა.
რამდენიმე გამონაკლისი კვლავ გვყავს, მაგრამ გამონაკლისებით შედეგზე ფიქრი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ფაქტია, რომ ქართველ ლეგიონერებს მოკრძალებულ საზღვარგარეთულ კლუბებშიც კი უჭირთ ფეხის მოკიდება.
* * *
არნემის "ვიტესს" ჰოლანდიის ჩემპიონობის უმცირესი შანსიღა დარჩა.
გურამ კაშიას გუნდს შეეძლო, მეორე საფეხური უფრო გაემყარებინა, მაგრამ გასვლით მატჩში "როდასთან" სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3:3-ს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ არნემელებმა ბოლო ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე მიიღეს.
ერედივიზიეს დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ვიტესი" ლიდერ "აიაქსს" უკვე 5 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევრებს, პსვ-სა და "ფეიენოორდს" კი მხოლოდ თითო ქულით უსწრებს.
* * *
გოლია ლადო დვალიშვილის ანგარიშზე. საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" თავდამსხმელმა "ვისლასთან" პრინციპული შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
Video
ლადო დვალიშვილის გოლი ვისლას კარში
ლადო დვალიშვილის გოლი ვისლას კარში
"ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, "ლეხს", რომელსაც დედაქალაქელებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 7 ქულით უსწრებს. ექსტრაკლასას დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი.
* * *
თურქეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა შოთა არველაძის "ქაშიმფაშა", რომელიც მოულოდნელად, საკუთარ კედლებში აუტსაიდერ "აქისარ ბელედისფორთან" 0:1 დამარცხდა.
ამის მიუხედავად, არველაძის გუნდი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსს მაინც ინარჩუნებს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პრინციპული შეხვედრა წააგო კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა "ინტერმა".
ბაქოელებმა "ყარაბახთან" გასვლითი მატჩი 2:3 დათმეს, რის გამოც მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ.
"ინტერი" ლიდერ "ნეფთჩის" ოთხით, ხოლო "ყარაბახს" ერთი ქულით ჩამორჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"