გურამ კაშია: ზოგიერთი ჭორის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა

AutoSharing Option
არც ისე პატარა ამბავია - ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მცველის, არნემის "ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ინტერვიუს უმთავრესი ნაწილი ეძღვნება მერაბ ჟორდანიას გუნდს, რომელიც "რეინის ჰოლივუდად" მონათლეს - 20 წელიწადია, კლუბს ასეთი მიზნებისთვის აღარ უბრძოლია, მაგრამ ქართველი პრეზიდენტის მისვლით ყველაფერი შეიცვალა. ერედივიზიეს ორი წლის წინანდელი აუტსაიდერის ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ "ვიტესი" ჰოლანდიას ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს.

კაშიამ საკუთარ პროგრესზეც ილაპარაკა და ცოტა ხნის წინანდელი განცხადება, რომ არნემიდან წასვლა სურდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა:

"ჰოლანდიაში ბევრი რამ ვისწავლე და
გავიზარდე. მაყურებლისგან არის წნეხი, ყველა მატჩი რომ მოვიგოთ. ამ დროს, გუნდის კაპიტნობა განსაკუთრებულად საპატიოა და საქართველოში ამით ამაყობენ...

ჩვენ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგებზე თამაშის შანსი გაგვაჩნია და გუნდთან ერთად წინსვლა გამახარებს. ჯერ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ სატრანსფერო პერიოდში კარგი წინადადება თუ გამოჩნდა, რატომაც არ წავალ?..

კლუბის ყველაზე დიდი შენაძენი იყო არა ბონი, კაშია ან იანსენი, არამედ, "ეინდჰოვენის" ყოფილი მწვრთნელი, ფრედ რუტენი. ის მოთამაშეებს თავდაჯერებულობას ჰმატებს. "ვიტესის" წარმატებები სწორედ მისი დამსახურებაა...

გუნდს "რეინას ჰოლივუდი" ჩემს ჩამოსვლამდე შეარქვეს. თავიდან მიზეზი ვერ გავიგე, მაგრამ ახლა ვხვდები - კლუბის გარშემო ხომ სულ ხმები და მითქმა-მოთქმაა. თუმცა ზოგიერთი ჭორის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა".


არნემელთა კაპიტანმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

"კლუბისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ჩემმა ნაკრებმა იბრძოლოს. არარეალურია მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჯგუფში, სადაც მეტოქეები ესპანეთი და საფრანგეთია. იქ მესამე ადგილიც არ იქნებოდა ურიგო. თუმცა, არა მგონია, ჩვენთან თამაში და 3 ქულის მოპოვება ვინმესთვის იოლი იყოს.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და ამ მატჩებში მიღებული გამოცდილება შემდეგ ციკლში ღირსეულ გამოსვლაში უნდა დაგვეხმაროს.

ძნელი ამოცანა იქნება, მაგრამ ჩემი ოცნებაა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვითამაშო. მთავარია, კვლავ ესპანეთთან და საფრანგეთთან არ მოვხვდეთ".

კაშიას სპორტული სულისკვეთება თბილისის ქუჩებში განუვითარდა. ის ძმასთან, შოთა კაშიასთან ერთად თამაშობდა, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია და საჩხერეს "ჩიხურაში" გამოდის.

"ჩვენ ყევლაფერზე განსხვავებული აზრი გვქონდა - მას "ბარსელონა" და "მანჩესტერი" უყვარდა, მე - "რეალი" და "არსენალი". ეზოში კი ერთ გუნდში არ ვთამაშობდით, რადგან ყოველთვის ჩემგან სულ მაქსიმუმს მოითხოვდა.

საბოლოოდ, შოთას დამოკიდებულებამ ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა".


და ბოლოს: ჰოლანდიური ინტერნეტ-გაზეთი "ვოეტბალპრიმერმა" ერედივიზიეს საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა გულშემატკივართა გამოკითხვით გადაწყვიტა.

ქართველი ლეგიონერი ერედივიზიეს საუკეთესო ცენტრალური მცველობის 7 სავარაუდო კანდიდატს შორის მოხვდა და 4 მაისის მონაცემებით, 38 პროცენტით ლიდერობს.

მას მეტოქეობას უწევენ ამსტერდამის "აიაქსის" მცველები ტობი ალდერვიერელდი და ნიკლას მოისანდერი, სტეფან დე ვრიი "ფეინოორდიდან", ვირგილ ვან დიიკი "გრონინგენიდან", მაიკ ვანდ დერ ჰოორნი "უტრეხტიდან" და დუგლასი "ტვენტედან".

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გურამ კაშია პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშიას ჰოლანდიაში საუკეთესოდ აღიარებისთვის მხარდაჭერა სჭირდება
გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა: "ჟორდანიასთან ჯერ არ მილაპარაკია"
გურამ კაშიას გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები იწვევენ
მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"
გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?
გურამ კაშიას გოლი ესპანეთში და შოთა არველაძის რეპეტიცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული