ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმიდან" წამოსული 35 წლის ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში" ითამაშებს. რამდენიმე წლის წინათ აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ აზერბაიჯანში სერიოზულად მოჰკიდეს ფეხბურთის განვითარებას ხელი და დღეს იქაურ ლიგაში ძვირიანი ფეხბურთელები და მწვრთნელები მიჰყავთ.

გერმანიიდან აზერბაიჯანში - ეს უკვე ნამდვილი ამბავია. თუ ბერტი ფოგთსი, ჯონ ტოშაკი, ტონი ადამსი და იური სიომინი არ თაკილობენ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას, ცხადია, არც იაშვილის გადაწყვეტილება უნდა იყოს განსაკუთრებული. ფეხბურთში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება.

ამ რანგის ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანში ჯერ არ უთამაშია
და ძალიან საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება იაშვილის კარიერა ამ ქვეყანაში. თამაში ადვილი აღარსად არის, აზერბაიჯანული ფეხბურთი წინ მიდის, იაშვილის ბაქოს "ინტერში" მისვლაც ამის ერთ-ერთი დასტური უნდა იყოს.

იაშვილი ბაქოდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა თბილისში და ინტერვიუც ჩამოვართვით.

- როგორ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? რატომ გამოდგა აზერბაიჯანში გადასვლა შენთვის საინტერესო? სხვა შემოთავაზებები არ გქონდა ამ კონკრეტულ პერიოდში?
- კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩამდე თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინ ვისაუბრეთ მე და კახა ცხადაძემ. მან მკითხა, იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ბაქოს "ინტერში" მეთამაშა, როგორ წარმომედგინა ცხადაძის გაწვრთნილ გუნდში გადასვლა.

რაც შეეხება სხვა შემოთავაზებას, შემეძლო მეორე ბუნდესლიგის რომელიმე გუნდში მისვლა; დამიკავშირდნენ ამერიკიდანაც, მეიჯორ ლიგის "ჩიკაგო" მეპატიჟებოდა - კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, კონტრაქტს გამოგიგზავნი და ხელი მოაწერეო.

"ჩიკაგო" მართლაც საინტერესო ვარიანტი იყო, მაგრამ სამი შვილით ამერიკაში ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად. "ინტერში" იმიტომაც გადავედი, რომ გუნდის მწვრთნელი ცხადაძეა; მისი სურვილი იყო, გვერდში დავდგომოდი, პროფესიონალიზმის მაგალითი მიმეცა სხვა ფეხბურთელებისთვის.

არაერთხელ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან და უკრაინიდან და ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ უნდა მიმეღო გერმანიიდან წასვლის გადაწყვეტილება. გერმანიაში ახლაც შემეძლო დარჩენა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამჟამად აზერბაიჯანში წასვლა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა.

- გადაწყვეტილების მიღებისას, ალბათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსურმა ფაქტორმაც...
- რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება. რუსეთის გარდა, არაბეთშიც შემეძლო წასვლა და უფრო მეტ ფულსაც ავიღებდი. როცა არჩევანს აკეთებ, ყველაფერი მთლიანობაში უნდა განიხილო და მეც დამაინტერესა "ინტერის" საქმისადმი დამოკიდებულებამ.

- "ინტერში" უკვე ივარჯიშე? კლუბის პრეზიდენტთან გქონდა შეხვედრა?
- ჯერ სამედიცინო შემოწმება გავიარე და მერე ორი ვარჯიში ჩავატარე. ჩემი იქ ყოფნის დროს პრეზიდენტი ბაქოში არ იყო და მხოლოდ კლუბის დირექტორს ვესაუბრე.

- გერმანიაში კარგა ხანს იცხოვრე და როგორ ფიქრობ, ამის მერე აზერბაიჯანში ცხოვრებას, იქაურ სტადიონებსა და სიტუაციას ადვილად შეეგუები?
- გერმანიაში თორმეტი წელიწადი გავატარე; აქედან შვიდი წელი - ოჯახთან ერთად და ვფიქრობ, უკვე დროული იყო იქიდან აქეთ წამოსვლა.

რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ აზერბაიჯანში ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გერმანიაშია და გადაწყვეტილების მიღებისას ესეც გავითვალისწინე.

- ბაქოს "ინტერი", იქაური გულშემატკივრები როგორ შეხვდნენ შენს გადასვლას?
- პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ჯამში 439 მატჩი ვითამაშე, რაც გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერებში საუკეთესო შედეგია. 200 მატჩი ბუნდესლიგაში, 239 - მეორე ბუნდესლიგაში. ვფიქრობ, ასეთი ფეხბურთელის გუნდში მისვლა ბაქოს "ინტერისთვის პრესტიჟული იქნება.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებ თამაშს? 2014/15 წლების სეზონისთვისაც ფეხბურთელი იქნები?
- 2014/15 წლების სეზონისთვის უკვე 37 წლის ვიქნები. "ინტერთან" ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. წინა სეზონი საუკეთესო ნამდვილად არ იყო ჩემთვის, თუმცა 28 მატჩი ვითამაშე. ამაზე მეტი მატჩი "ბოხუმის" მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა.

ჯერაც ჯანზე ვარ. როგორც კი საკუთარ თავს შევატყობ, რომ ვარჯიში, თამაში და რეჟიმი ჩემთვის უკვე ძნელია, უმალვე დავანებებ თავს ფეხბურთელობას. მანამდე კი თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს.

კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის წინ რომ ვემზადებოდით, მაშინაც ვიგრძენი, მოედანზე გასვლა კვლავინდებურად სიამოვნებას მანიჭებდა. ასე რომ, ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ და მერე ვნახოთ...

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ბევრჯერ გვისაუბრია და ერთხელაც გკითხავ. ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრაც წააგო, ნაკრების ზოგი ფეხბურთელი კი უკვე ღიად აკრიტიკებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, თამაშის სტილს და იმ სიტუაციას, რაც ნაკრებშია. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?
- მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, უკვე თქვეს, რომ გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებენ. რაც ყველაზე საწყენი იყო ჩემთვის, უკვე ვთქვი, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ფეხბურთელობის შემდეგ რომ ისევ ფეხბურთში აპირებ დარჩენას, ადრე უკვე გვითხარი. კონკრეტულად თუ გაქვს გადაწყვეტილი, რა საქმიანობას შეუდგები?
- გადავწყვიტე, რომ გერმანიაში სპორტული მენეჯერის დიპლომი ავიღო. არ ვაპირებ მწვრთნელობას, ეს უკვე გარკვეულია. მენეჯერის დიპლომის კურსების გავლა ინტერნეტითაც შეიძლება, თუმცა გერმანიაში სამჯერ მაინც მომიწევს ჩასვლა გამოცდების ჩასაბარებლად.

მენეჯერობა დიპლომის აღებამდეც შემეძლო. "კარლსრუეს" მენეჯერი "ჰამბურგში" რომ გადავიდა, "კარლსრუეს" შესთავაზა, კლუბის ერთ-ერთ მენეჯერად იაშვილი აიყვანეთო, მაგრამ მე მაშინ მენეჯერობას ფეხბურთელობა ვამჯობინე.

სხვათა შორის, "კარლსრუემ" ახლა გუნდში ფეხბურთელად დაბრუნებაც შემომთავაზა, მაგრამ ამაზე თანხმობა ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.

- რატომ, რაიმე უთანხმოება გქონდა "კარლსრუეს" გუნდში?
- როცა "კარლსრუეს" კაპიტანი ვიყავი, გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა. ლეგიონერებს არ აქვთ უფლება, მესამე ბუნდესლიგაში რომ ითამაშონ, მაგრამ რადგან ათი წელი უკვე ნათამაშები მქონდა გერმანიაში, ამის უფლება მომეცა, თუმცა "კარლსრუეში" აღარ დავრჩი და ახლა რომ მივსულიყავი ამ გუნდში, მართალი არ ვიქნებოდი.

- გერმანია თუ საქართველო - ფეხბურთელობის შემდეგ უფრო სად აპირებ მუშაობას?
- მენეჯერობამდე ჯერ ერთწლიანი პაუზა მაქვს აღებული. ვფიქრობ, ჩემი მომავალი საქმიანობა მაინც უფრო გერმანიას უკავშირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს კაცი პროფესიონალია, საქციელში მართალია, ასე ნემსაძემ რომ ,,გადაიფიქრა", მასინ გამოგვეთქვა პრეტენზიები
0
ნუ აქაფდით რა. რასაც მინდა იმას დავწერ. მაქვს გამოხატვის უფლება. 36 წლის კაცი, თავის სამშობლოში უნდა ამთავრებდეს კარიერას. ეს არის და ეს. ასე იქცევა უცხოეილი ვარსკვლავები. რამდენ ახალგაზრდას დაარიგებდა ჭკუას? გამოცდილებას გაუზიარებდა.

არც ის მჯერა, იაშვილს ნდომოდა და არ აეყვანა ან დინამოს ან სხვა გუნდებს. უბრალოდ არ იკადრა საქართველოს ჩემპიონატი.

მესმის, რომ პროფესიონალია. ღმერთმა მაგრად ამყოფოს, მაგრამ ნუ მეტყვით, რომ ქართველი მამულიშვილი და პატრიოტი კაცია.
ჯონი samba
11:02 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული