გია გრიგალავა სამი წლით "კრილია სოვეტოვში"

AutoSharing Option
ავსტრიის ქალაქ ფაჰაუში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება. ბოლო საკონტროლო შეხვედრა ნიჟნინოვგოროდელებმა 29 ივნისს "ზალცბურგის" ფარმ-კლუბ "ლიფერინგთან" გამართეს და 4:2 გაიმარჯვეს.

ექვსთვიანი შესვენების შემდეგ "ვოლგას" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გია გრიგალავა, მაგრამ ამ გუნდის ფორმით, სავარაუდოდ, ბოლო მატჩი ჩაატარა.

"ლელო" ჯერ კიდევ 26 ივნისს წერდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობდა - გრიგალავას გადაყვანით სამარის "კრილია სოვეტოვის" მთავარი მწვრთნელი, გაჯი გაჯიევი ჯერ კიდევ 2012 წელს დაინტერესდა.

მაგრამ მაშინ გიამ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მიტოვება არ ისურვა
- სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ახალ კლუბზე ვერ გაცვალა.

მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მოლაპარაკება განახლდა, "კრილიას" რუსეთის პრემიერლიგაში წარმატებული გამოსვლის ამბიცია გაუჩნდა, რადგან მისი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა და ქართველმა მცველმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტა - სამარელებისგან განსხვავებით, "ვოლგას" ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და გუნდი კვლავ პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

23 წლის ქართველს ისიც აიმედებს, რომ სამარულ კლუბში ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილია და ცხადია, ქართველთან ერთად, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს.

გიას "ვოლგასთან" კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება, რაც ახალ გუნდში გადასვლაში ხელს უშლიდა, მაგრამ გრიგალავას ოჯახში გვითხრეს, რომ ნიჟნინოვგოროდელები "კრილია სოვეტოვის" ხელმძღვანელებს საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მოთამაშეს სამარაში უკეთესი პირობები შესთავაზეს, ვიდრე "ვოლგაში" ჰქონდა.

ასე რომ, გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში გია გრიგალავა "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელი გახდება - წინასწარი შეთანხმებით, ის სამარელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული