უცნობი ქართველები: ლტოლვილის სტატუსი, როგორც დაბრკოლება

AutoSharing Option
უცხოეთში მიმოფანტულ ქართველებში კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ - 19 წლის ლაშა ომანიძე რუსეთის II დივიზიონის "რუსში" თამაშობს და როგორც ამტკიცებენ, პერსპექტიული ფეხბურთელია. მისით თურმე ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ.

რუსი სპეციალისტები ლაშას დიდი მომავლის ფეხბურთელად მიიჩნევენ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს შესაძლებლობების რეალიზაციაში ხელს უშლიდა ლტოლვილის მოწმობა, მაგრამ არა - სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

"მართალია, ომანიძე დღეს რუსეთის დაბალ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ არნემის "ვიტესის" სელექციონერებმა ზაფხულში გასინჯვაზე მიიწვიეს. იქ მან
სამ საკონტროლო შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელებს ლაშა ძალიან მოეწონათ, მაგრამ ლტოლვილის საბუთი ჰქონდა, რის გამოც ევროკავშირელებზე შეზღუდვებია და სწორედ ეს პრობლემა წარმოიქმნა.

თუმცა მას სხვა კლუბებიც იწვევენ და მჯერა, მალე ამ ბიჭს გაცილებით ძლიერ ლიგაში ვიხილავთ. ის არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, არამედ წესიერი და შეგნებული პიროვნებაა, ასეთს კი კლუბები თავადაც ეძებენ",
- ამბობს ფიფას აგენტი ბესიკ აბაშიძე.

ამას გარდა, გვითხრეს, რომ ლაშა ომანიძეს დაუკავშირდა თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე "ქაშიმფაშაც", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის; ზამთარში კი თურმე ყაზანის "რუბინში" ვარჯიშობდა.

მოკლედ, თემამ დაგვაინტერესა და ლაშას პეტერბურგში დავუკავშირდით.

"ჩემი მშობლები თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში 90-იან წლებში გადმოვიდნენ, მე კი მოსკოვში დავიბადე. მერე ისევ თბილისში ვცხოვრობდით
და მცირე ხნით "ავაზაში" ვვარჯიშობდი.

2003 წელს ჩემს ოჯახს კვლავ მოუხდა საქართველოს დატოვება და ისევ რუსეთში დავბრუნდით. სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტის" საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დავიწყე ვარჯიში. იქ შემნიშნეს და მიმიწვიეს ადგილობრივი "ლოკომოტივის" სელექციონერებმა. მერე "ნევაში" გადავედი.

ბოლო წელიწადნახევარია, სანკტ-პეტერბურგის "რუსში" ვთამაშობ. ცენტრალური ფორვარდი ვარ, მაგრამ თამაში ფლანგზეც შემიძლია.

ჩემი ამჟამინდელი კლუბი II ლიგის ჩრდილო-დასავლეთ ზონაში გამოდის. მეპატრონეს პირველ ლიგაში გადასვლა სურს, სამომავლოდ კი პრემიერლიგასაც უმიზნებს.

საერთოდ, დიდი ამბიციების მქონე პიროვნებაა და "რუსში" სოლიდურ თანხებს აბანდებს",
- ამბობს ომანიძე.

19 წლის ქართველი უცხოური კლუბების დაინტერესებაზეც გველაპარაკა:

"დიახ, "ვიტესში" ვიყავი გასინჯვაზე. სამი თამაში ჩავატარე და სამი გოლი გავიტანე, მწვრთნელებსაც მოვეწონე, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება ჰოლანდიაში მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვების გამო ვერ მოვახერხე.

მერე შოთა არველაძეც დაინტერესდა, მოლაპარაკება ახლაც გრძელდება და მალე ყველაფერი მეცოდინება.

მანამდეც მქონდა მცდელობა, უფრო მაღალი დონის გუნდში რომ წავსულიყავი - თებერვალში "რუბინში" მიმიწვიეს. ყაზანში კარგა ხანს დავრჩი, გუნდში ამიყვანეს კიდეც, მაგრამ რუსული პასპორტი არ მქონდა და ვერ მათამაშებდნენ - ლტოლვილის სტატუსმა მაშინაც ხელი შემიშალა. ასე გაჩერება არ მსურდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "რუსში" დავბრუნდი.

აქ მოქალაქეობის გამო პრობლემა არ შემქმნია. თუმცა რეალობა გავითვალისწინე და იძულებული გავხდი, რუსეთის პასპორტი ამეღო - ჩემი ასაკის ბიჭი აქ რომ თამაშობს, მოქალაქეობაზე უარს ვერ იტყვის. სხვაგვარად, წინსვლა გაუჭირდება. ასეა რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა.

რუსულ ფეხბურთში უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ, აქაური პრემიერლიგა ყველაზე წარმატებული და ფინანსურად მდიდარი ლიგების ხუთეულშია და აქ თამაში უკვე პრესტიჟულიცაა. ცხადია, საკუთარი ნებით ამაზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნებოდა...

თუმცა ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ. იმედია, ადრე თუ გვიან ამას მოვახერხებ. ჯერჯერობით კი არათუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ მითამაშია, ჩემით საერთოდ არც დაინტერესებულან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაშუუუკ
ani.omana
01:08 12-09-2013
0
აუ, ეს მურმან ომანიძის ბიჭია!
Artur
12:16 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული