ჯანო ანანიძე: მოსკოვის "სპარტაკს" დავუმტკიცებ...

AutoSharing Option
"როსტოვში" იჯარით მყოფმა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რუსულ საიტ Championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის საფეხბურთო მიზნებზე, თანაგუნდელ არტიომ ძიუბასთან მეგობრობაზე, როსტოვურ ყოფასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 20 წლის ჰავბეკმა რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ვოლგასთან" თამაშში გაიბრწინა - გოლიც გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. შედეგად, მისი გუნდი ახლა სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, ჯანო კი თითქმის ყველა პრესტიჟულმა რუსულმა გამოცემამ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

Championat.com:
როგორც წესი, რუსეთში ჯანო ინტერვიუს არ
იძლევა, თუმცა ჩვენთვის მან გამონაკლისი დაუშვა. მით უმეტეს, რომ დროც შესაფერისია. ჯერ ერთი, მან ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად ჩაატარა სრული შეხვედრა და მეორეც, ამ თამაშში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა - გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

- თქვენმა თანაგუნდელმა და ამხანაგმა არტიომ ძიუბამ ახლახან თქვა: "ჩემთვის ყოველი მატჩი კონცერტივითაა". თქვენთვისაც ასეა?
- მართლაც ასეა. თავი უნდა გამოვიჩინოთ და "სპარტაკში" სხვა მოთამაშეებად უნდა დავბრუნდეთ.

- მაინც როგორ მოთამაშეებად?
- სახელიან ფეხბურთელად, რომელსაც ენდობიან და რომელიც ამართლებს ამ ნდობას.

- "ვოლგასთან" შენი წარმატებული თამაშის შემდეგ თანაგუნდელები "როსტოვში" არ მიგანიშნებენ, რომ ამას "დასველება" უნდა?
- იცით რას გეტყვით? თუ ეგრეა, მაშინ ძიუბას ყოველდღე პურ-მარილი უნდა ჰქონდეს გაშლილი (იცინის)! არა, ამაზე არავის არაფერი უთქვამს.

- "სპარტაკიდან" ვინმემ თუ მოგილოცათ "ვოლგასთან" წარმატება?
- გაგატოვმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგზავნა. მასთან ვმეგობრობ.

- "როსტოვში" შენც ბრწყინავ და ძიუბაც. რაშია ამის საიდუმლო - მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩში, მისგან გამოცხადებულ ნდობაში?
- ვთამაშობთ, ვცდილობთ. მატჩის 90 წუთის განმავლობაში არ ვაძლევთ თავს მოდუნების უფლებას.

თანაც, ყველა ფეხბურთელი გამარჯვებაზეა მომართული და ამას შედეგი მოაქვს.

- და ეს ყველაფერი ასე მარტივადაა?
- მთავარი ისაა, რომ ლაღად ვთამაშობთ. წნეხის ქვეშ არავინ გვაქცევს. ამიტომაცაა, რომ ყველაფერი გამოგვდის. მაგალითად, "სპარტაკში" აუცილებლად ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლო, აქ კი სხვა ამოცანები გვაქვს.

- ჯერჯერობით კი "როსტოვია" ლიდერი და ასეთი კარგი სტარტის შემდეგ ეგებ ევროთასების საგზურსაც გამოჰკრათ ხელი...
- რატომაც არა? ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ ლიდერთა შორის ადგილი.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "როსტოვის" წარმატება დროებითია...
- სად წერენ ამას? გაზეთებში? გაზეთებს არ ვკითხულობ.

- პირველ მატჩებში სასტარტოში ყოველთვის არ ხვდებოდით. განიცდიდით?
- რა თქმა უნდა, თუმცა ვიცოდი - დასამტკიცებელი მქონდა. რახან გუნდმა იჯარით აგიყვანა, ეს სასტარტო შემადგენლობაში ავტომატურად მოხვედრის გარანტიას სულაც არ გაძლევს. მეც მოვინდომე, ვარჯიშებზე თავი არ დავზოგე და შედეგად მივიღე შანსი, რომლის გამოყენებაც შევძელი.

- რაიმეს დამტკიცება "სპარტაკის" ხელმძღვანელობისთვისაც გსურთ?
- რა თქმა უნდა და კვლავაც დავუმტკიცებ: გავიტან, გავაკეთებ საგოლე გადაცემებს.

- ახლა სისულელე იქნება უარყოფა, რომ "როსტოვში" იჯარა საჭირო ნაბიჯი იყო...
- შესაძლოა. უკვე 20 წლის ვარ, მალე 21 შემისრულდება და მუდმივად საჭიროა სათამაშო პრაქტიკა. მსურს, მოედანზე მთელ 90 წუთს ვატარებდე. და აი, ამ ორშაბათს პირველად მომეცა შანსი, მოედანზე ორივე ტაიმი, შეუცვლელად გამეტარებინა.

- "სპარტაკის" გამოსვლას თვალს ადევნებთ?
- ყოველთვის ვუყურებ, თუკი მისი მატჩები ჩვენს შეხვედრებსა და ვარჯიშებს არ ემთხვევა. და, რა თქმა უნდა, ბიჭებს ვგულშემატკივრობ.

- სასიამოვნოა, რომ სატურნირო ცხრილში "სპარტაკზე" მაღლა დგახართ?
- ცოტა არ იყოს, კი (იცინის). თუმცა, მაინც "სპარტაკის" გულშემატკივრად ვრჩები და მსურს, მაღალი ადგილი ეკავოს. ახლა "სპარტაკში" ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი.

- ორშაბათს მოედნიდან უგოლოდ არც ძიუბა გავიდა. ასე თუ გააგრძელა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობასაც შეძლებს.
- მე პირადად ძალიან მინდა, რომ ბომბარდირთა დავაში გამარჯვებული არტიომი გამოვიდეს. ყველანაირად ვეცდები, ამაში დავეხმარო და საგოლე პასებით მოვამარაგო. ჩემთვის დღეს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი სწორედ ძიუბაა.

- მეგობრები ხართ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ "სპარტაკშიც" ვმეგობრობდით და დღესაც ყოველთვის ერთად ვართ. ძალიან მიხარია, რომ "როსტოვში" ერთად მოვედით. ეს ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციაში ძალიან დაგვეხმარა.

- ამას წინათ რატომ არ ისურვეთ გუნდთან ერთად პეინტბოლის თამაში, სადაც ძიუბაც იყო, არ გიყვართ?
- ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მქონდა. სხვა დროს, თუკი ბიჭები კიდევ შეიკრიბებიან, აუცილებლად შევუერთდები.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი მატჩის განმავლობაში მიზანმიმართულად ძიუბაზე თამაშობთ.
- და რა არის ამაში უცნაური? ის ჩვენი უმთავრესი თავდამსხმელია. სხვათა შორის, თვითონაც, თუ დააკვირდით, სულაც არ "ძუნწობს", კარგად ათამაშებს "კედელს". მასთან სასიამოვნოა კომბინაციის გაკეთება.

თანაც, ძიუბამ უკვე შვიდი გოლი გაიტანა. რატომ არ უნდა მოვამარაგოთ ის საგოლე გადაცემებით მომავალშიც, როცა ის მათ იყენებს?

- გასულ სეზონში "სპარტაკის" შემადგენლობაში ძიუბამ თითქმის ორჯერ ნაკლები გაიტანა - სულ ოთხი გოლი. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ამის შესახებ თავად ძიუბას ჰკითხეთ. მე კი ვფიქრობ, რომ თავდაჯერება აკლდა. ახლა კი ის თვალებანთებულია და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მართლაც მაღალი კლასის თავდამსხმელია.

გასულ სეზონში მან დიდი დრო გაატარა სათადარიგოთა სკამზე და შესაძლოა, გარკვეულწილად ესეც მოქმედებდა.

- როსტოვში თავს როგორ გრძნობთ, მოსკოვის შემდეგ აქ მოსაწყენი ხომ არაა?
- ნორმალური ქალაქია, კარგი, კეთილი ადამიანებით. და კიდევ, აქ ძალიან ცხელა.

- საბანაოდ დადიხართ?
- მხოლოდ აუზზე. დონში ჯერ არ მიბანავია. მთლიანობაში კი, როსტოვში თავს კარგად ვგრძნობ. ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ზოგჯერ - ბაზაზე. არანაირი პრობლემა არ მაქვს.

- შარშან ჟანოს გეძახდნენ, ახლა ჯანოს. რატომ?
- სწორი ჯანოა, რადგან ჩემი სახელი ქართულად სწორედ ასე გამოითქმის. ჯერ კიდევ ორი წლის წინ "სპარტაკში" ყოფნისას ვაცხადებდი, რომ ჯანო უნდა გამოითქვას და დაიწეროს. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამას ჩემთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთში ჟანოს სახელით ოთხი წელი გავატარე.

- ძიუბა ამბობს, რომ ამ სეზონში მისი მიზანი "როსტოვიდან" მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაა. თქვენ რაზე ოცნებობთ?
- პირველი, მინდა დავამტკიცო, რომ "სპარტაკში" თამაშს ვიმსახურებ. მეორე - საკუთარი ძალების ევროპაში გამოცდაა, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. მე ჯერ რუსეთშიც არავისთვის არაფერი დამიმტკიცებია.

წელს "როსტოვში" დაახლოებით ექვსი-შვიდი გოლის გატანა მინდა. აი, ასეთი გეგმა მაქვს დასახული.

- თითქმის არასდროს იძლევით ინტერვიუს. რატომ? რეპორტიორებს არ ენდობით?
- მგონია, რომ რუსულად მთლად კარგად ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობ.

- დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ცდებით...
- არა, არა, პირდაპირი ეთერისთვის ჯერ კიდევ არ მოვმწიფებულვარ... (იცინის).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძის აღიარება - "ის ნამდვილი ჯოკერია!"
ჯანო ანანიძე რუსეთში ტურის MVP-ად აღიარეს და სიმბოლურში შეიყვანეს [VIDEO]
ჯანო ანანიძემ "ვოლგა" ამოაყირავა - გოლი და 2 საგოლე პასი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგებ აცალოთ,ერთი ორი თამაშიც და მერე აქოთ და ადიდოთ,წინასწარ ნუ თარსავთ ხალხს,რა დახმარება გაუწია თქვენმა ქება დიდებამ ყენიას გეხსომებათ, არ შეიძლება ერთი გატანილი გოლით, ერთი თამაშით შეაფასო და ცაში აიყვანო,ფეხბურთელი...
giorgi
12:26 22-08-2013
0
აუ ჯანო შენ გენაცვალე..
zviad
20:32 21-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული