ლეგიონი: ებრალიძემ და გრიგალაშვილმა გოლების ანგარიში გახსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
ეს უქმეები ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის - ჩვენებურებმა ჯამში 6 გოლი გაიტანეს. თუმცა საქმე მხოლოდ გოლებშიც არ არის.

338-ე
კაცი 36 წლისაა და ლეგიონის უქმეების მიმოხილვას მაინც მისით ვიწყებთ - ლევან კობიაშვილი ხომ ერთადერთია 100-ზე მეტ ქართველ ლეგიონერს შორის, რომელიც მოწინავე 5 პირველობიდან ერთ-ერთში თამაშობს.

თამაშობს და არა ირიცხება - შაბათს ლევანმა ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, მისმა "ჰერტამ" კი 1:0 მოუგო მიონხენგლადბახის "ბორუსიას". ეს კობიაშვილის 338-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში!

მწვრთნელმა ლევანი სასტარტოში შულცის ნაცვლად ათამაშა, თანაც, შემტევი
ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო და ის მე-60 წუთზე შეცვალეს ("ჰერტა" უკვე იგებდა). "შპორტალმა" მას 3,5 ბალი დაუწერა, რაც საშუალო შეფასებაა. 60 წუთში ჩვენებურმა 7,56 კილომეტრი გაირბინა, გააკეთა 17 ზუსტი და 5 არაზუსტი პასი, 6 ორთაბრძოლა მოიგო და ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში.

დღეისათვის "ჰერტა" 15 ქულით მე-4 ადგილზეა, ეს ადგილი კი ჩემპიონთა ლიგაზე ძალების მოსინჯვის შანსს იძლევა.

II ბუნდესლიგაში ლევან ყენიას გარეშე მოთამაშე "ფორტუნამ" სტუმრად "ინგოლშტადტი" დაამარცხა - 2:1.

III ბუნდესლიგაში მოასპარეზე ლუკა ჰუფნაგელი გამოჯანმრთელდა და "უნტერჰახინგს" დაუბრუნდა, თუმცა 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "ვეენთან" მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ.

"უნტერჰახინგი" 22 ქულით მე-5 ადგილზეა და მეორეადგილოსან "ლაიპციგს" სულ 2 ქულით ჩამორჩება.

მოკითხვა მარკო ვან ბასტენს
მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "ჰეერენვენს" ესტუმრა, რომელსაც მარკო ვან ბასტენი წვრთნის და 5-გოლიან თრილერში მოუგო - 3:2.

დიდი ხანია, "ვიტესის" სამივე ქართველს არ უთამაშია ერთად. ამ შეხვედრის ბოლო წუთებზე სწორედ სამივე ჩვენებური მოედანზე იყო.

კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი გაატარა მოედანზე, ერთხელ ბურთი მეტოქის ძელსაც გაარტყა, ხოლო მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგი ჭანტურიას, როგორც იქნა, დაუსრულდა 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც მან "ალანიაში" თამაშისას მიიღო და 83-ე წუთზე ჩაერთო ბრძოლაში, ხოლო ვალერი ყაზაიშვილი მოედანზე 67-ე წუთიდან ვიხილეთ.

სხვათა შორის, ყაზაიშვილის გამოსვლისთვის "ვიტესი" 1:2-ს აგებდა. პატრიკ ვან აანჰოლტის გამარჯვების გოლში კი (93-ე წუთი) მონაწილეობა ყაზაიშვილმაც მიიღო და ჭანტურიამაც.

"ვიტესმა" 10 მატჩში 17 ქულა მოაგროვა.

სირბილაძის მეცხრე
23 წლის ლევან მჭედლიძემ გასულ კვირაში ვარჯიშზე ტრავმის მიღებაც მოასწრო და გამოჯანმრთელებაც. "ემპოლი"-"ვარეზეს" შეხვედრაში ლევანი 78-ე წუთზე გამოჩნდა მასიმო მაკარონეს ნაცვლად. "ემპოლი" 2:0-ს უკვე იგებდა და თამაშიც ასე მორჩა.

ირაკლი შეყილაძე კვლავ ტრავმირებულია. "ემპოლი" 20 ქულით მეორე ადგილზეა, რომელიც სერია A-ში აღზევების უფლებას იძლევა.

ფინეთში გაიტანა ირაკლი სირბილაძემ. ტურკუს "ინტერმა" სტუმრად 2:1 მოუგო კუპს-ს. ირაკლიმ 36-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს 31 წლის ფორვარდის მე-9 გოლია ჩემპიონატში.

"ინტერი" 40 ქულით მე-9 ადგილზეა, ჩემპიონატში კი მხოლოდ ერთი ტური დარჩა.

ნაკრებში გამოძახების მერე
ფაქტია: ეროვნულ ნაკრებში გამოძახება წაადგათ ავთანდილ ებრალიძეს და შოთა გრიგალაშვილს, მათ სანაკრებო პაუზის შემდეგ გოლები გაიტანეს.

ავთო ებრალიძემ პორტუგალიის თასზე "კალდესის" განადგურებაში მიიღო მონაწილეობა - "ჟილ ვისენტემ" 5:0 მოიგო. ავთო მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო.

76-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 3:0 გახადა. 22 წლის ქართველმა "ჟილ ვისენტეს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსში "ანორთოსისმა" "ეთნიკოსს" უმასპინძლა (2:1). გრიგალაშვილმა 39-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ეს გრიგალაშვილის პირველი გოლი იყო "ანორთოსისში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ქართველი ზურაბ ხიზანიშვილი 21 ოქტომბერს ვერ ითამაშებს "ბურსას" წინააღმდეგ, ის ტრავმირებულია. აი, შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" კი სტუმრად მოუგო "გენჩლერბირლიგის" (3:1) და დროებით მე-2 ადგილზე გადავიდა.

თამაშის შემდეგ ქართველი თავკაცი კმაყოფილი იყო:
"მართალია, თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვსწორდით და მიზანს მივაღწიეთ".

ლადოს დუბლი
პოლონეთის ექსტრაკლასაში თავი გამოიჩინა ლადო დვალიშვილმა, მისმა "ლეგიამ" "პიასტს" 4:1 მოუგო, გოლების ნახევარი კი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა - მან პირველი (32-ე წუთი) და მესამე (63-ე) გოლები გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


დვალიშვილის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს ედუარდს ვიშნიაკოვსთან ("ვიძევი") იყოფს.

ანანიძეც და ამისულაშვილიც...
რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ტური გაიმართა, აუტსაიდერმა "ანჟიმ" 0:1 წააგო მოსკოვის "სპარტაკთან". დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაჰყო გია გრიგალავამ (5 ბალი "ჩემპიონატისგან").

როსტოვში ორი ისეთი ქართველი ლეგიონერი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ესპანეთში საქართველოს ნაკრებს დააკლდნენ - ჯანო ანანიძის "როსტოვი" შინ 1:2 დამარცხდა ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვთან". ჯანომ 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ამისულაშვილმა - სრულად. "ჩემპიონატმა" ანანიძეს 6,5 ბალი დაუწერა, ამისულაშვილს - 6.

მხოლოდ ჯაბა
უკრაინული პრემიერლიგის მე-13 ტურში "დნიპრომ" ქვა-ქვაზე არ დატოვა ლვოვის "კარპატისგან" - 4:0. სტუმართა რიგებში მხოლოდ ჯაბა კანკავა გაისარჯა, სანდრო კობახიძე განაცხადში არ ყოფილა.

"დნიპრო" 29 ქულით მესამე ადგილზეა.

"ილიჩევეცი"-"შახტარის" მატჩი (1:3) განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო ქართველებისთვის, რადგან თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე "შახტარის" წევრები არიან, მაგრამ პირველს ტრავმის გამო არ უთამაშია, მეორე კი მწვრთნელმა სკამზე დატოვა.

მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლი" სტუმრად 0:3 დამარცხდა ჯაბა ლიპარტიას "ზორიასთან". ქართული დუელი არ შედგა, ორივე სათადარიგო იყო.

ქართველთა აზიური გოლები
სანაკრებო პაუზა და საქართველოში ვარჯიში არ წაადგა კახა ცხადაძის "ინტერს", გუნდი შინ 0:1 დამარცხდა "გაბალასთან", რომელსაც იური სიომინი წვრთნის.

ალექსანდრე იაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ 90-90 წუთი ითამაშეს, ლაშა სალუქვაძე კი მიკელ ალვარომ 86-ე წუთზე შეცვალა, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" შინ 1:2 დამარცხდა "ხაზართან".

ყაზახეთში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუ" ელიტაში დასარჩენად იბრძვის და ეს საქმე კარგადაც გამოსდის - "ატირაუმ" სტუმრად "ვოსტოკი" 2:1 დაამარცხა, ანგარიში კი ქართველმა მე-3 წუთზე გახსნა.

ეს 30 წლის ნახევარმცველის მეორე გოლია ჩემპიონატში.

უზბეკეთში "ფახთაქორმა" 2:1 სძლია სტუმრად სამარყანდის "დინამოს". გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე კახა მახარაძემ გაიტანა. ეს უკვე მისი მე-6 გოლია ჩემპიონატში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიგალა დაფრინავს!!! რა გოლი გაიტანა! ))) გრიგალაზე რატო არაფერს არ ამბობთ, სუფთა ფეხბურთელია!
zviadi
22:25 22-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული