სანდრო კობახიძე: აქეთ-იქით სირბილს "დნიპროში" დარჩენა მირჩევნია

AutoSharing Option
სააგენტო "უკრაინიან ფუტბოლმა" გაავრცელა ცნობა, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დააინტერესებს.

სეზონის დასაწყისში "დნიპრომ" ლვოვის "კარპატიში" რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით გაუშვა - პაშაევი, ფედორჩუკი, ბარტულოვიჩი, ლიოპა, გლადკი და ბოხაშვილი. გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, მათ კვალს დნეპროპეტროვსკელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი სანდრო კობახიძეც მიჰყვეს.

როგორც ამბობენ, 26 წლის ნახევარმცველით "კარპატის" მწვრთნელი ალექსანდრ სევიდოვი დაინტერესდა და არც "დნიპროს" ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი, კობახიძე ნახევარწლიანი იჯარით დათმოს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრების შემტევი დნეპროპეტროვსკელებთან წინადადებას დათანხმდა და ხელშეკრულება კიდევ 4 წლით გააგრძელა, ანუ მისი ტრანსფერი "დნიპროს" 2017 წლამდე ეკუთვნის.

რამდენად რეალურია "კარპატის" დაინტერესება? ინფორმაციის გადამოწმება თავად კობახიძესთან ვცადეთ.

"არაფერი ვიცი, ასეთი წინადადებით ჩემთვის არავის მოუმართავს და სიმართლე გითხრათ, აქეთ-იქით სირბილს "დნიპროში" დარჩენა და დამკვიდრება მირჩევნია.

მართალია, ჯერჯერობით შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები, მაგრამ ჩემს მომენტს ველოდები და მჯერა, ადრე თუ გვიან შანსი გამიჩნდება",
- გვითხრა "დნიპროს" ქართველმა ლეგიონერმა.

შეგახსენებთ, რომ "კარპატიში" სამი ქართველი თამაშობს - ახლახან გუნდს საქართველოს ნაკრების საყრდენი მურთაზ დაუშვილი დაუბრუნდა. ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში დააწინაურეს კიდევ ერთი საყრდენი ამბროსი ჩაჩუა, ხოლო, როგორც ზემოთ ვთქვით, "დნიპროდან" იჯარით თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი დაიმატეს.

თუმცა, აქვე შევნიშნავთ, რომ ჩაჩუა და ბოხაშვილი უკრაინის მოქალაქეები არიან და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. ბოლო ტურში, ხარკოვის "მეტალისტთან", ჩაჩუა "კარპატის" განაცხადშიც მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.

"კარპატის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილ ჩაჩუას "უკრაინელთა იმედსაც" უწოდებდნენ, იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. ბოხაშვილმა კი 22 და 25 მარტს ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩეხეთსა და იტალიასთან ამხანაგურად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში "კარპატის" მაისურით მან 5 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ტრავმის გამო 5 ოქტომბრის შემდეგ შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოდა , ხეხე სკამი :)) შენ ძირითადი , კი არა ფული გინდა ! :))
Shukovani
18:17 30-10-2013
0

სიახლეები პოპულარული