75-ე წუთამდე "ვიტესი" 2:0-ს უგებდა "გრონინგენს", ხუთწუთიან მონაკვეთში კი ორი ბურთის გაშვება მოახერხა და დაკარგა ორი ქულაც და პირველ პოზიციაზე გადანაცვლების შანსიც.
მცირედი იმედგაცრუების მიუხედავად, არნემული კლუბის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ამბობს, რომ მთავარი ჩემპიონატის სტარტი კი არა, ფინიშია და დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი ბოლო ტურის მატჩშიც მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
რამდენიმე დღის წინ კლუბის მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ "ვიტესის" აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს ბიზნესმენ
- "გრონინგენთან" მატჩის საწყისი 75 წუთის განმავლობაში "ვიტესმა" სეზონში თავისთვის საუკეთესო თამაში აჩვენა. უამრავი საგოლე ეპიზოდი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გავიტანეთ; მეტოქემ კი სულ სამი მომენტი შექმნა და აქედან ორი გოლად აქცია. იღბალი აშკარად არ გვწყალობს.
- "გრონინგენთან" მატჩში ქართველთაგან მხოლოდ შენ ითამაშე. არადა, განაცხადში ჭანტურია და ყაზაიშვილიც იყვნენ...
- ძალიან მინდოდა, მწვრთნელს რომელიმე მათგანი მაინც შემოეყვანა მოედანზე, მაგრამ "ვიტესში" ძალიან დიდი კონკურენციაა... ისიც გასათვალისწინებელია, რომ "გრონინგენთან" მატჩისას, ხუთ წუთში ორი ბურთი გავუშვით და შესაძლოა, ამან მწვრთნელიც კი დააბნია...
ყაზაიშვილიც და ჭანტურიაც ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მოედანზე გასვლის უფლება დაიმსახურონ.
- ცუდია, რუსეთის ჩემპიონატში მიღებული დისკვალიფიკაცია გიორგი ჭანტურიას ერედივიზიონის მატჩებშიც რომ გადმოჰყვა და ამის გამო შვიდი მატჩი გამოტოვა...
- სამწუხაროა, მაგრამ ამ ამბავს დადებითი მხარეც აქვს: დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გიორგი უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უდგება საქმეს... უკვე ოცი წლის არის და დროა, თავისი სიტყვა კლუბშიც თქვას და ნაკრებშიც!
- ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის კაპიტნობა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც...
- ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახია და ბედნიერი ვარ, ჩემით რომ ამაყობენ! თუმცა, დიდი პასუხისმგებლობაც არის... სამკლავური გიკეთია, ყველა პატივს გცემს, მაგრამ ზოგჯერ უსიამოვნო გადაწყვეტილებების მიღებაც გიწევს, თუნდაც ფეხბურთელებთან მიმართებაში... ზოგჯერ მიფიქრია კიდეც - უკეთესი ხომ არ იქნებოდა, კაპიტანი რომ არ ვიყო-მეთქი...
- ესპანეთთან სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ ამაყობს თავისი ფეხბურთელებით...
- მატჩის წინ ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოვისაკლისეთ. ვინც ითამაშა, იმ ფეხბურთელთა უმეტესობას კი ასეთი დონის მატჩებში თამაშის მცირე გამოცდილება აქვს... ამის მიუხედავად, რაც შეეძლო, ყველა მათგანმა თავდაუზოგავად იბრძოლა. გასახდელში თავად ვნახე, როგორი დაღლილი და იმედგაცრუებული იყო ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი, თუმცა თავს ზევით ძალა არ არის...
- განვლილი შესარჩევი ციკლით კმაყოფილი ხარ?
- ამ ჯგუფში მესამე ადგილი დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, მაგრამ... ისე კი, ჯობდა, ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით და სან-მარინოს ან ანდორას დონის ერთი მეტოქე მაინც გვყოლოდა. ესპანეთთან და საფრანგეთთან ქულების მოპოვება ძნელია, აი, ფინეთთან კი ოთხი ქულა მაინც უნდა აგვეღო, თუმცა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შევძელით...
- ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ თავს ცენტრალური მცველის პოზიციაზე გრძნობ... არადა, ნაკრებში უმეტესად საყრდენ ნახევარმცველად გათამაშებენ. ეს იძულებითი ნაბიჯია?
- სხვათა შორის, ესპანელებთან მატჩში მწვრთნელმა დაცვის ხაზში მათამაშა. ფეხბურთელი ვარ და სადაც დამაყენებენ, იმ პოზიციაზე უნდა ვითამაშო. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ცენტრალური მცველი ვარ; უბრალოდ, ვერც ერთ სხვა პოზიციაზე ვიქნები ისეთივე სასარგებლო, როგორც დაცვის ცენტრში.
- "ზვოლესთან" მატჩის წინ "ვიტესის" ქომაგებმა სტადიონზე უზარმაზარი პლაკატი გამოფინეს, რომელზეც აღბეჭდილია, მხედრულად როგორ ესალმება გურამ კაშია ბერეტიან მამაკაცს...
- სექტემბრის პირველ კვირას არნემელები "ავიაციის დღეს" აღნიშნავენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გერმანელებზე გამარჯვებას ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით, სექტემბერში "ვიტესი" ერთ მატჩს განსხვავებული ფორმით ატარებს ხოლმე.
პლაკატზე ჩემ წინ მდგომი ჭაღარა მამაკაცი კი კაპიტნის ჩინის მქონე სამხედროა. მე, როგორც საფეხბურთო გუნდის კაპიტანს, წილად მარგუნეს, ომის გმირისთვის მიმეგო პატივი. საჩუქრად ჩემი მაისური გადავეცი და მხედრულად მივესალმე - პლაკატზე ორი კაპიტნის შეხვედრის სწორედ ეს ეპიზოდია აღბეჭდილი... ამ შეხვედრას არნემში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
- არნემის "ვიტესს" "რეინის ჰოლივუდს" რატომ უწოდებენ?
- (იცინის) იმიტომ, რომ ყველაფერი უცნაური და სკანდალური "ვიტესის" გარშემო ხდება. მაგალითად, ერთი კვირაა, მასმედიაში სულ ჟორდანიასა და ჩიგირინსკის გვარები ტრიალებს. გარდა ამისა, ისედაც მუდამ ეპიცენტრში ვართ და უამრავ ჭორსაც მაინცდამაინც ვიტესელებზე იგონებენ. ამის გამო შეგვარქვეს ჟურნალისტებმა "რეინის ჰოლივუდი"...
- ჯერჯერობით მერაბ ჟორდანია კლუბში რჩება?
- მერაბმა კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი გაყიდა, თორემ ამ ეტაპზე კლუბში რჩება და ისევ "ვიტესის" ბოსია.
ქართველი ფეხბურთელები მისგან ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. სწორედ მერაბ ჟორდანიასა და გიორგი გახოკიძის დამსახურებაა, "ვიტესის" ფეხბურთელი რომ ვარ. თუმცა მერაბ ჟორდანიას არასოდეს მიუცია თავისთვის უფლება, მწვრთნელის საქმეში ჩარეულიყო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე