ლადო დვალიშვილი: პრობლემის მიზეზი მარტო მე არ ვარ

AutoSharing Option
დიდი ხანია, ქართულ ლეგიონს ასეთი უხვმოსავლიანი ტური არ ჰქონია - 7 გოლი ამ უქმეებზე. ერთ-ერთია ლადო დვალიშვილი, რომლის "ლეგიამ" ლუბინის "ზაგლებიეს" 2:0 მოუგო, რაშიც თავად ქართველმა ფორვარდმა დიდი წვლილი შეიტანა.

27 წლის დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და თავადაც შეაგდო.

განსაკუთრებით, მისი საგოლე გადაცემაა აღსანიშნავი - საჯარიმოში მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი მოიპოვა და პენალტის ნიშნულთან უმეთვალყურეოდ მყოფ ჰელიო პინტოს გადააწოდა, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში. თავად ლადომ კი გოლი 11-მეტრიანით გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სულ დვალიშვილის აქტივში 8 გოლია (11 მატჩი).
ანალოგიური მაჩვენებელი აქვს "ვიძევის" ლატვიელ თავდამსხმელ ევგენი ვიშნიაკოვს. ქართველი და ლატვიელი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ვროცლავის "შლასკის" ფორვარდს, პორტუგალიელ მარკო პაიშაოს (10 გოლი) ჩამორჩებიან.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ უკანასკნელს დვალიშვილზე 4 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

- მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში "ლეგიას" მთავარ მწვრთნელ იან ურბანთან კონფლიქტი გქონდათ და პრობლემები შეგექმნათ, მაინც "ლეგიას" საუკეთესო ბომბარდირი ხართ...
- ეს ძალიან მახარებს. კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბუქარესტის "სტიაუასთან" არ დამაყენა, თორემ მანამდეც სულ მათამაშებდა და მერეც. კონფლიქტი რომ ახსენეთ, გაწევ-გამოწევა და სერიოზული დაპირისპირება ნამდვილად არ გვქონია.

- ეს ხომ თავად გვითხარით, უსიამოვნება მოგვივიდაო?..
- მაშინდელი გადასახედიდან მართლაც მეგონა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. მეგონა, ჩემზე გაბრაზებული იყო, არ მათამაშებდა და მომავალშიც ასე გაგრძელდებოდა.

ფაქტია, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში არ დამაყენა, როცა ჩემპიონთა ლიგაში გასვლის საკითხი წყდებოდა. რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მსურდა. მერე დაველაპარაკე და ვუთხარი, ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ-მეთქი. მომისმინა, თავისი შეხედულებებიც მითხრა... შემადგენლობაში მაშინვე დამაყენა და პრობლემაც მოგვარდა.

"ლეგია" კარგ სეზონს ატარებს, პირველ ადგილზე ვართ და იმედია, გუნდიც და მეც ასე გავაგრძელებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ პოლონურმა გაზეთმა "სპორტმა" ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მოგცათ (5-ბალიანი სისტემით დვალიშვილს 4 დაუწერეს - ავტ.), კბილი მაინც გაგკრათ - თამაშის მეოთხედი ინდივიდუალურ ქმედებებში გაატარა და ამის მერე გაახსენდა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშიაო. სწორი შეფასებაა?
- პირველი გოლი ჩემი გადაცემით გავიდა - ეს არის ჩემი პასუხი. ისიც დაწერეს, პირველი მომენტი გააფუჭაო, მაგრამ ორი მცველი მფარავდა და კარში დარტყმაც ძალიან ძნელი იყო, არათუ გადაცემის გაკეთება.

საერთოდ, ინდივიდუალიზმი და გუნდის ინტერესების დავიწყება არ მახასიათებს. მაგრამ მათი ნებაა, წერონ. საერთოდ, ყველგან ასეთი წესია - ლეგიონერებს ლუპით უყურებენ და არც მიკვირს.

- როგორ გავიგოთ ურბანის სიტყვები - დეკემბრის ბოლომდე ლადო უალტერნატივოა და ამას უნდა შევეგუოთო? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დეკემბრის შემდეგ "ლეგიას" ტოვებ?
- არა, მიზეზი სხვა რამ არის. საქმე ისაა, რომ თავდასხმაში ჩემი კონკურენტი მიხალ კუხარსკი დაშავდა და მუხლის ოპერაცია სჭირდება. ის 6 თვით გამოგვაკლდა და წინა ხაზზე მარტო დავრჩი.

- პოლონეთის ჩემპიონატი ხელწამოსაკრავი არ არის და 11 მატჩში 8 გოლის გატანაც არ არის პატარა საქმე, მაგრამ რა გჭირთ საქართველოს ნაკრებში, სადაც ბოლო 730 წუთის განმავლობაში აღარ გაგიტანიათ?
- ნაკრებში მარტო ჩემი კი არა, საერთოდ, თავდასხმის პრობლემაა, რადგან მთელი ყურადღება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გვაქვს გადატანილი. ასეთ დროს შეტევა და შედეგიანი თამაში ძნელია. ქეცბაიას შეტევა არასოდეს აუკრძალავს, პასუხისმგებლობას თავადაც არ გავურბივარ და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. მქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენე, მაგრამ გატანა რომ გვიჭირს, ეს ფაქტია და მეტი მოგვეთხოვება.

- თქვენი აზრით, ამ შემადგენლობით ნაკრებს უფრო თამამი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?
- მოდით, ასეთ საკითხებზე მწვრთნელებმა ილაპარაკონ. მე კი ფეხბურთელი ვარ და ამ თემაზე კომენტარს მოვერიდები, ეს ჩემი საქმე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შვიდგოლეული - უჩვეულოდ ქართული უქმეები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული