არაბული რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფება, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დღე-დღეზე თურქეთიდან ვიზას ელის.
ალბათ, საინტერესო იქნება, თავად ფეხბურთელისგან შევიტყოთ, თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს "ალკორკონი", ესპანელები რაზე ამახვილებენ განსაკუთრებით ყურადღებას და ვისი დაწერილი პროგრამით ვარჯიშობს საქართველოს 17 და 19-წლამდელების ყოფილი კაპიტანი.
- რამდენიმე დღეა, თბილისში ვიმყოფები, ვიზას ვადა გაუვიდა და საქართველოში ჩამოვედი. ახლა თურქეთიდან ვიზას ველოდები, მაქსიმუმ 10 დღეში
ყველაფერი წესრიგშია. იმედია, მალე ეს პრობლემაც მოგვარდება და "ალკორკონში" ოფიციალურ შეხვედრებშიც მივიღებ მონაწილეობას".
- ბაჩანა, მოდით, თავიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც "ალკორკონში" აღმოჩნდით...
- ესპანურ კლუბამდე რამდენიმე ვარიანტი იყო, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ამ კლუბში ჩარიცხვა აღმოჩნდა. მე და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე წავედით ესპანეთში. იქ გადაწყდა, რომ ნახევარი წლით "ალკორკონში" ვითამაშებდი. შემდეგ, თუ ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებოდით, გაგრძელდებოდა ხელშეკრულება.
კონტრაქტის თანახმად, იანვრამდე "ალკორკორნს" ვეკუთვნი. შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
- ელოდით მსგავს შეთავაზებას?
- არ ველოდი, შეიძლება ითქვას, დიდი სიურპრიზი იყო. ამ ვარიანტის შესახებ რომ გავიგე, ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. მინდოდა, ქვეყნის გარეთ მომესინჯა ძალები.
- გუნდში როგორ დაგხვდნენ?
- ძალიან თბილად, კმაყოფილი ვარ. მალე შევეჩვიე იქაურობას. მართალია, ესპანური ენა არ ვიცოდი, მაგრამ ინგლისურად ვსაუბრობ. ამ კუთხით პრობლემა არ შემქმნია. "ალკორკონი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბუნებრივია, მათ ყველა ოფიციალურ მატჩს ვესწრები.
თავდაპირველად გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა მაინცდამაინც არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში. სატურნირო ცხრილში 22 გუნდიდან მე-17 პოზიციაზე ვართ, რაც გუნდისთვის მიუღებელი შედეგია.
იმედია, მალე ეს ყველაფერი გამოსწორდება და გუნდის წინსვლაში გარკვეულ წვლილს მეც შევიტან.
- ზემოთ ენობრივ ბარიერზე ისაუბრეთ. ესპანურს არ სწავლობთ?
- ესპანურს ნელ-ნელა ვეუფლები, თუმცა საფუძვლიანად სწავლას, ალბათ, იანვრის შემდეგ გადავწყვიტავ. იმედია, კლუბთან ხელშეკრულება მომავალშიც გაგრძელდება და ამის შემდეგ ესპანურსაც უკეთ ვისწავლი. თუმცა, სავარჯიშო პროცესზე ყველაფერი მესმის, თუ რას საუბრობს მთავარი მწვრთნელი.
- ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს. "ალკორკონს" როგორი ხელწერა აქვს?
- ბურთზე კონტროლს დიდ ყურადღებას აქცევენ, ტექნიკური გუნდია; ბუნებრივია, ფიზიკურ კონდიციებსაც დიდ ყურადღებას უთმობენ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე, ამდენს თუ ირბენდნენ.
- თავდაპირველად ფიზიკურ ვარჯიშებთან გამკლავება ხომ არ გაგიჭირდათ?
- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. გუნდში რომ ჩავედი, მოსამზადებელი პერიოდი არ მქონდა გავლილი, მწვრთნელებმა ამის შესახებ იცოდნენ. ახლა ვგრძნობ, რომ აშკარად უკეთ ვარ, შევდივარ ფორმაში. სამწვრთნელო შტაბმა პროგრამა გამომატანა და თბილისში მათი დაწერილი პროგრამით ვვარჯიშობ.
- თქვენ გარდა, კლუბში კიდევ რამდენი ლეგიონერია?
- ორი ფრანგი, დანარჩენები ესპანელები არიან.
- წამოსვლისას მწვრთნელებთან ან კლუბის ხელმძღვანელებთან თუ გქონდათ შეხვედრა და რაზე ისაუბრეთ?
- სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. მათაც ძალიან სურთ, რომ ვიზის პრობლემა მალე მოგვარდეს და თამაშის უფლება მქონდეს. სჯერათ ჩემი და მეც იმედების გამართლებას ვეცდები. ისინიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ მალე ოფიციალურ მატჩებშიც მივიღებ მონაწილეობას.
გავიცანი კლუბის ერთგული გულშემატკივრები. ძალიან ემოციურები არიან, ყველა თამაშზე მრავლად ესწრებიან ქომაგები, ფეხბურთი ძალიან უყვართ.
- ესპანეთში ჩასვლიდან მალევე ადგილობრივები აალაპარაკეთ. გაიხსენეთ "ხეტაფესთან" ამხანაგური შეხვედრა...
- საქართველოდან რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, ჯერ კარგად არც ვიცნობდი კლუბს. "ხეტაფესთან" ამხანაგური მატჩი გვქონდა. სტუმრები ძირითადი შემადგენლობით იყვნენ. საწყისი წუთები გამიჭირდა, მაგრამ დაახლოებით პირველი ტაიმის შუაში გავიხსენი. პირველ ნახევარში 3:0 მოვიგეთ, სამივე გატანილ გოლში შევიტანე წვლილი. კმაყოფილები იყვნენ კლუბის ხელმძღვანელები. მეც გამიხარდა, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო.
- გუნდი მეჩვიდმეტე ადგილზეა, ბურთების შეფარდება უჩვეულო გაქვთ - 8 გატანილი და 7 მიღებული, რაც დამეთანხმებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩანს, რომ შეტევაში გუნდს უჭირს, თუმცა დაცვაში საიმედოდ გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
- მართლაც კარგი დაცვა გვყავს. მოწინავე გუნდებს, რომლებიც ლიდერობენ გათამაშებას, მინიმუმ 15 ბურთი უკვე გაშვებული აქვთ. რაც შეეხება თავდასხმას, ნამდვილად ცოტა გოლი გვაქვს გატანილი. თითქოს მომენტებს ვქმნით, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ. არ გვიმართლებს თუ რა ხდება, ვერ გეტყვით. მწვრთნელიც შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, ვერ ვიტყვი იმას, რომ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ.
- თავად ქალაქი როგორია, ალბათ, დაათვალიერებდით...
- მყუდრო ქალაქია, არც ისე პატარა. მადრიდთან ძალიან ახლოსაა. ნელ-ნელა ვეგუები იქაურობას.
- როგორ ერთობით ხოლმე, ვისთან მეგობრობთ?
- გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დავუახლოვდი, ხშირად ერთად ვატარებთ დროს. ესეც რომ არ იყოს, ესპანეთში ქართველები მრავლად არიან და რამდენიმე ქართველი გავიცანი.
- თუ გქონდათ საშუალება, "რეალის", "ბარსელონას" ან რომელიმე გრანდის მატჩისთვის ტრიბუნებიდან გედევნებინათ თვალყური?
- ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც "რეალისა" და "ბილბაოს" მატჩს დავესწარი. რა თქმა უნდა, განსხვავებული შეგრძნება იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, რაც თვალში მომხვდა, ეს რონალდოს თამაში იყო - პორტუგალიელი მაინც განსხვავებულია, მაგარი "გიჟია" (იცინის).
- და საუბრის ბოლოს - "საბურთალოში" გატარებულ პერიოდს, ალბათ, ყოველთვის კარგად გაიხსენებთ...
- თავისთავად! "საბურთალო" არასდროს დამავიწყდება, ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის, მთლიანად ხელმძღვანელების. რასაც მივაღწევ, მთლიანად "საბურთალოს" დამსახურება იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
წყარო: fcsaburtalo.ge