ავთოს პირველი გაძევება
ბუნდესლიგის ყველაზე ხანდაზმული - მინდვრის მოთამაშე, 36 წლის ლევან კობიაშვილი მორიგ ტურს დააკლდა - "ჰოფენჰაიმთან" საგარეო მატჩში ("ჰერტამ" მოიგო 3:2) იოს ლუჰუკაიმ ის არ წაიყვანა. ამ სეზონში "კობის" ანგარიშზე მხოლოდ 2 თამაშია.
II ბუნდესლიგაში ლევან ყენია სათადარიგო იყო, ხოლო მისმა "ფორტუნამ" "ზანდჰაუზენს" 1:0 მოუგო.
III ბუნდესლიგაში
პორტუგალიის თასის მორიგი, მე-4 რაუნდი გაიარა "ჟილ ვისენტემ". "კოვა პეიდადესთან" შეხვედრა 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი ელიტის წარმომადგენელმა 4:3 მოიგო. მაგრამ ამ სერიამდე ვეღარ მიაღწია ავთანდილ ებრალიძემ, 92-ე წუთზე ქართველი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
ჰოლანდიაში "ვიტესმა" 3:1 მოუგო "უტრეხტს" და "ფეიენოორდი"-"ალკმაარის" მატჩის დასრულებამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 86-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, შემდეგ კი მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.
თავიდან ბოლომდე ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ, ხოლო "აიაქსთან" თამაშის გმირი ვალერი ყაზაიშვილი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. კვლავ არ მიეცა თამაშის საშუალება გიორგი ჭანტურიას.
ვინაიდან "ალკმაარმა" "ფეიენოორდთან" ფრედ (2:2) ითამაშა ამ ტურში, მერაბ ჟორდანიას კლუბი პირველ ადგილზე გადავიდა - პირველად, ამ სეზონში.
არველაძის ზედიზედ მეხუთე
რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტური პარასკევს დაიწყო - ჯანო ანანიძის "როსტოვმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ურალი". ქართველს საგოლე მომენტებში მონაწილეობა არ მიუღია. "ჩემპიონატმა" მისი თამაში 6 ბალით შეაფასა.
ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვი" შინ 1:2 დამარცხდა მოსკოვის "დინამოსთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 5 ბალი მიიღო.
პერმში "ამკართან" 0:1 დამარცხდა ბოლოადგილოსანი "ანჟი", რომლის შემადგენლობაშიც შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ (5,5 ბალი).
სოლომონ კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა "კრასნოდართან", ქართველი მცველის "რუბინი" კი შინ 0:1 დამარცხდა.
რუსეთის I დივიზიონში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას "ნალჩიკმა" 2:0 მოუგო "სიბირს". რუხაია ბოლო წამებზე გამოჩნდა, სირაძე კი განაცხადში არ იყო.
სარანსკის "მორდოვიამ" აკაკი ხუბუტიას გარეშე მოუგო "სკა ენერგიას" - 1:0. წაგებულთა რიგებში გოგიტა გოგუამ 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს).
წინა ტურში სენსაციის მომხდენი "ზორია" (კიევის "დინამოს" მოუგო) შინ "ტავრიას" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში ჯაბა ლიპარტია 56-ე წუთზე გამოჩნდა, მატჩის ბოლოსკენ კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ჯაბა კანკავას და სანდრო კობახიძის "დნიპროს" თამაში არ მოუწია, რადგან მათი მეტოქე "არსენალი" დაიშალა.
თურქეთის სუპერლიგაში ძალიან უჭირს ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორს" - 6 ქულით ბოლო ადგილზეა. შაბათს "ქაისერი" შინ 0:3 განადგურდა "ბეშიქთაშთან". ხიზანიშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს.
სამაგიეროდ, დიდებულად თამაშობს შოთა არველაძის "ქასიმფაშა" - ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო ჩემპიონატში და 24 ქულით მეორე ადგილზეა. "ქასიმფაშამ" "გაზიანთეფი" 3:0 გაანადგურა.
ხორვატიაში, "ისტრასთან" 2:0-ით მოგებულ მატჩში, ტრავმის გამო არ უთამაშია "ჰაიდუკის" შემტევ გიორგი ილურიძეს.
პარასკევს "იაგელონია"-"ზავიშას" მატჩში ქართული დუეტიდან მხოლოდ გიორგი ფოფხაძემ ითამაშა. ეს შეხვედრა 1:1 მორჩა, ხოლო გიორგიმ 90 წუთი დაჰყო მოედანზე (გააფრთხილეს). სამწუხაროდ, ცუდი ამბავი გვაქვს "იაგელონიას" მეორე ქართველზე - ახლახან გამოჯანმრთელებულმა ნიკა ძალამიძემ მუხლი დაიზიანა და წლის ბოლომდე იძულებით დაისვენებს.
ლადო დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა, მისმა "ლეგიამ" კი სტუმრად "ვიძევი" დაამარცხა (1:0) და ლიდერობა განიმტკიცა. კვირას გამართულ შეხვედრაში ლადოს თავი არაფრით გამოუჩენია.
ქართველ მწვრთნელთა დუელი
კვიპროსში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისი" ლიმასოლის აელ-თან დამარცხდა - 1:3. ქართველს არ უთამაშია.
ბელორუსში "ბრესტმა" სტუმრად 4:0 დაამარცხა "ბელშინა". ამ გამარჯვებით უჩა გოგოლაძის გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა გადარჩენისკენ. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება.
აზერბაიჯანში ქართველ მწვრთნელთა დაპირისპირება ფრედ დასრულდა - კახა ცხადაძის "ინტერმა" გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს" ვერ მოუგო - 0:0.
ცხადაძემ "ინტერის" ოთხივე ქართველი სასტარტოში დააყენა: გიორგი ლომაია კარში შეუცვლელად იდგა, ლაშა სალუქვაძე შესვენებისას გამოცვალეს, ალექსანდრე იაშვილი - მე-80 წუთზე, ბაჩანა ცხადაძე კი - 89-ეზე.
აზალ-ს სტუმრად დაუზავდა ლიდერი "ყარაბაღი", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა. ამჯერად მას თავი არ გამოუჩენია.
ჩემპიონი და ბოლოადგილოსნები
დასრულდა ლატვიის ვირშლიგა და "ვენტსპილსთან" ერთად, ჩემპიონის ტიტული თორნიკე თარხნიშვილმაც მოიპოვა. ბოლო ტურში "ვენტსპილსმა" 1:0 მოუგო რიგის "დაუგავას". ამ შეხვედრაში წაგებულთა შორის 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი დიაკვნიშვილმა, ხოლო გამარჯვებულებში 87-ე წუთზე გამოჩნდა თარხნიშვილი. ჩემპიონატი მან ბოლო წამებზე მიღებული ყვითელი ბარათით დაასრულა.
23 წლის ნახევარმცველმა 21 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ის ლატვიაში ბოლნისის "სიონიდან" გადავიდა. "ვენტსპილსი" მეხუთედ გახდა ლატვიის ჩემპიონი.
თამაზ პერტიას "სკონტო" ვერცხლის მედლებს დასჯერდა - ბოლო ტურში ქართველი მწვრთნელის გუნდი შინ "იელგავასთან" 0:2 დამარცხდა. "სკონტოს" რიგებში 51-ე წუთამდე გაისარჯა ირაკლი კლიმიაშვილი, ხოლო ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო.
ბოლოადგილოსანი და უკვე გავარდნილი "ილიუკშტე" შინ 2:10 შერცხვა "მეტალურგსთან". მასპინძელთა რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ხუმარაშვილმა. 90-90 წუთი გაისარჯნენ ჯემალ ჯალიაშვილი და გიორგი ტუხაშვილი.
"დაუგავა" "მეტას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ბიძინა ცინცაძე 94-ე წუთზე გააძევეს, ხოლო "დაუგავას" მეორე ქართველმა მამუკა ღონღაძემ მეორე ტაიმი ითამაშა. გიორგი ჩიხრაძე განაცხადში არ იყო. ქართველთა ამ სამეულმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ჩემპიონატი დასრულდა ლიტვაშიც. ყველაზე "ქართულმა" გუნდმა "ბანგამ" მე-6 ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში ის "ატლანტასს" ესტუმრა და 1:1 ითამაშა. თამაზ ჩარგეიშვილი სასტარტოში იყო. 88-ე წუთზე ის ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.
ბოლო ადგილზე გავიდა "ტაურასი", რომელმაც ბოლო ტურში 0:1 წააგო "ეკრანასთან". ირაკლი თვალავაძემ წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "ტაურასი" არ გავარდება, რადგან 9-გუნდიან ჩემპიონატს გაისად I ლიგის გამარჯვებული "გრანიტასი" დაემატება.
ჩემპიონატი ესტონეთშიც მორჩა - თენგიზ ეთერიას "პაიდემ" მე-5 ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში ამ გუნდმა "კალევს" 1:0 მოუგო. ეთერია მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
უზბეკეთის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა კახა მახარაძის "ფახთაქორმა". ბოლო ტურში ტაშკენტური კლუბი სტუმრად "ნავბახორს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა სრულად ითამაშა. 26 წლის ქართველმა ჯამში 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"