ქართველ ლეგიონერთა ერთ ნაწილს მალე ზამთრის პაუზა დაუდგება, ბევრი მათგანისთვის კი სეზონი უკვე დასრულდა. საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც ეროვნული პირველობები "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით იმართება.
ჯერჯერობით გვერდს ავუვლით ბელორუსს, რადგან იქ ჯერ კიდევ ორი ტურია ჩასატარებელი...
ფინეთი: სირბილაძე და სხვები
ამ სეზონში ფინეთში ფეხბურთს ათამდე ჩვენებური თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ 31 წლის ირაკლი სირბილაძე იყო უმაღლესი დივიზიონის - ვეიკაუსლიგის წევრი. მისმა ტურკუს "ინტერმა" 33 თამაშში 40 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა.
მართალია,
ქართველებით დიდად დახუნძლული არც რანგით მეორე - იკიონენლიგა იყო. "კოოტეპეს" რიგებში ითამაშა 28 წლის მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა. მისმა გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა, გიორგიმ კი 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
27 წლის ნახევარმცველი კახაბერ სამსონია "კაიაანის" ღირსებას იცავდა. ამ გუნდმა ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა და კაკონენლიგაში გავარდა. სამსონიას ანგარიშზე 25 თამაში და 5 გოლია.
რანგით მე-3, კაკონენლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე-3 ადგილი დაიკავა ჰელსინკის "ატლანტისმა". ამ გუნდის კარს იცავდა 27 წლის ლევან ლომიძე. "ატლანტისის" 27-დან 24 მატჩში კარში სწორედ ქართველი კიპერი იდგა.
აქვე, მე-6 ადგილზე გავიდა კტპ, რომლის მეკარე ზურაბ ტალახაძეს (25 წლის) ერთ მატჩშიც არ მიუღია მონაწილეობა.
იმავე ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა "ფუტურამ". აქ 25 წლის თეიმურაზ აფრიამაშვილმა 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ჩრდილოეთის ზონაში წარუმატებლად იასპარეზა "ორპამ", რომელიც 27 ქულით გავარდა. ამ გუნდში ორმა ქართველმა ითამაშა - მცველმა ლაშა დეკანოსიძემ (26 წლის, 14 თამაში, 6 გოლი) და ნახევარმცველმა ნიკა კილაძემ (24 წლის, 6 თამაში, 1 გოლი). დეკანოსიძე, შესაძლოა, გახსოვდეთ ბელორუსში გამოსვლით ან ცხინვალის "სპარტაკში" თამაშით.
დაბოლოს, სამხრეთის ლიგაში "კაპამ" მე-7 ადგილი დაიკავა. ამ გუნდში კი 7 მატჩში 1 გოლი 34 წლის ლაშა ჩხაიძემ გაიტანა.
ესტონეთი: ზაქარიას შემდეგ, ზაქარიას მოსვლამდე
ესტონეთის უმაღლეს ლიგაში (მეისტრილიგა) ამ სეზონში ორი ქართველი თამაშობდა.
კალევის "სილამიაემ" მე-3 ადგილი დაიკავა. მის რიგებში 22 წლის ნახევარმცველი დავით ლორთქიფანიძე ირიცხებოდა, მაგრამ მას არ უთამაშია. მისი თანაგუნდელია 19 წლის ირაკლი ტორინავა. ის რუსეთის მოქალაქეა, ისევე, როგორც "ფლორას" ფორვარდი ირაკლი ლოგუა (30 თამაში, 8 გოლი), რომელსაც რუსულ პრემიერლიგაშიც კი აქვს ნათამაშები მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში.
"პაიდე" მე-5 ადგილს დასჯერდა. ამ გუნდში 23 წლის ფორვარდმა თენგიზ ეთერიამ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
რანგით მეორე, ესილიგა A-ში 19 წლის მეკარე კახა მახარაძის გუნდი "ირბისი" ბოლო ადგილზე გავიდა, ჩვენებურმა კი მხოლოდ 4 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ესტონურ ლიგაში 17 გოლი გაიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომელიც "ფლორაში" სექტემბერში ხელახლა ჩაირიცხა, თუმცა 2014 წლამდე ამ გუნდში თამაშის უფლება არ აქვს.
ლატვია: ჩემპიონი თარხნიშვილი
გაცილებით მრავალრიცხოვანი (და წარმატებულიც) იყო ლატვიის ქართული ლეგიონი. "ვენტსპილსმა" ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა "დაუგავას" - 67 ქულით იპირველა 10-გუნდიან ვირშლიგაში. თანაგუნდელებთან ერთად, ლატვიის ჩემპიონი გახდა 23 წლის ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი (21 თამაში, 3 გოლი), რომელიც ბალტიის ამ ქვეყანაში ბოლნისის "სიონიდან" წავიდა.
მეორე ადგილზე "სკონტო" გავიდა, კლუბი, რომელმაც ბოლო ტურში დაკარგა ჩემპიონობის შანსი. ამ გუნდს ჩვენებური სპეციალისტი, 38 წლის თამაზ პერტია წვრთნის. "სკონტოს" რიგებში ოთხმა ქართველმა ითამაშა.
ბუნებრივია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული ირაკლი კლიმიაშვილია - 25 წლის ნახევარმცველმა 15 თამაშში 1 გოლი გაიტანა. 26 წლის მცველი ლადო დათუნაშვილი იშვიათად თამაშობდა (8 მატჩი), ხოლო 18 წლის ლაშა დვალმა (3 თამაში) ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.
მოგეხსენებათ, ლაშა "რედინგში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც მომავალი სეზონიდან ითამაშებს. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად ითვლება.
"სკონტოში" ირიცხებოდა 20 წლის მცველი ლევან ჭაჭიაშვილიც, რომელმაც მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შარშანდელი ჩემპიონი, დაუგავპილსის "დაუგავა" მე-3 ადგილს დასჯერდა. ამ გუნდში სამმა ჩვენებურმა ითამაშა: 24 წლის მცველმა ბიძინა ცინცაძემ (13 მატჩი, 1 გოლი), 26 წლის მცველმა გიორგი ჩიხრაძემ (14 მატჩი) და 27 წლის ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ (16 მატჩი, 1 გოლი).
ღონღაძემ სეზონი "ილუკშტესში" დაიწყო (9 მატჩი, 2 გოლი) და მერე დაუბრუნდა "დაუგავას", სადაც წინა ორი სეზონი ძალზე ნაყოფიერი ჰქონდა (შესაბამისად, 21 და 18 გოლი).
მე-4 ადგილი წარმატებაა რიგის "დაუგავასთვის", რომლის რიგებშიც ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი (25 წლის, 22 მატჩი, 1 გოლი) გამოდიოდა. ღონღაძის ყოფილმა კლუბმა "ილუკშტესმა" კი მხოლოდ 12 ქულა მოაგროვა და გავარდა. ამ გუნდში ითამაშეს: 24 წლის მცველმა გიორგი ხუმარაშვილმა (17 მატჩი, 4 გოლი), 23 წლის ნახევარმცველმა ჯემალ ჯალიაშვილმა (16 მატჩი, 3 გოლი) და 25 წლის ფორვარდმა გიორგი ტუხაშვილმა (12 მატჩი).
პირველი ლიგის "აუდაში" ითამაშეს კობა თორთლაძემ, ილია რეხვიაშვილმა და დავით ბახტურიძემ. სამწუხაროდ, ამ ლიგის სტატისტიკურ მონაცემებს ვერ მივაკვლიეთ, თუმცა ცნობილია, რომ რეხვიაშვილმა სეზონში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ბახტურიძემ - 4.
ლიტვა: არაფრით გამორჩეული
ლიტვის A ლიგის ჩემპიონი "ჟალგირისი" გახდა, სადაც ქართველები არ ირიცხებიან, ისევე, როგორც მეორეადგილოსან "ატლანტისში", რომელსაც მოსკოველი ქართველი კონსტანტინ სარსანია წვრთნის.
მე-5 ადგილზე გასული "კრუოიას" განაცხადში 7-ჯერ მოხვდა 22 წლის გურამ ბედოიძე, თუმცა მოედანზე გასვლა ერთხელაც არ მოუწია.
გარგჟდაის "ბანგამ" 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა. 19 წლის ნახევარმცველმა ვაჟა ბედოიძემ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 წლის ნახევარმცველმა თამაზ ჩარგეიშვილმა 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გუნდში იყო კიდევ ერთი ქართველი - 19 წლის ფორვარდი ირაკლი ღერკენაშვილი (14 მატჩი).
11 ქულით უკანასკნელი ადგილი დაიკავა "ტაურასმა", მაგრამ არ გავარდა (ლიტვაში გაისად 10-გუნდიანი ჩემპიონატი იქნება). ამ გუნდში 21 წლის ნახევარმცველმა ირაკლი თვალავაძემ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. I ლიგაში ითამაშეს გიგა მელიქიშვილმა (ნევეჟისი), გიორგი ოდიშვილმა (პოლონია), ცოტნე ჩანქსელიანმა (პალანგა) და ბესიკ ამაშუკელმა (ტრაკაი).
უზბეკეთი: ვეღარ შესწვდა
შუა აზიის ამ ქვეყანაში ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი გუნდის, ტაშკენტის "ფახთაქორის" ღირსებას იცავდა 26 წლის ნახევარმცველი კახა მახარაძე, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, მალხაზ მახარაძის ვაჟი. შარშან ის უზბეკეთის ჩემპიონი გახდა, ახლა კი მისი გუნდი 54 ქულით მე-4 ადგილს დასჯერდა. კახამ 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
"ფახთაქორს" მხოლოდ ერთი საფეხურით (თუმცა 14 ქულით) ჩამორჩა "ოლმალიქი", რომლის ღირსებას იცავდა 27 წლის მცველი გიორგი კვესიეშვილი (11 თამაში). I დივიზიონის "ანდიჟონში" კი, რომელიც უმაღლესში დაბრუნდა, 31 წლის ფორვარდი ლევან მდივნიშვილი ირიცხებოდა.
ყაზახეთი: გავარდნას გადარჩა
დასრულდა ყაზახეთის პირველობაც. ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში მე-2 ადგილი დაიკავა "ატირაუმ", რომლის შემადგენლობაშიც 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილმა.
ფეიქრიშვილი 2010 წელს "ატირაუში" გამოდიოდა, მერე ორი სეზონი საქართველოში გაატარა (ტორპედო, სიონი), წლეულს კი ისევ ყაზახეთში დაბრუნდა.
ქვედა დივიზიონის "კიზილჟარში" გამოდიოდა 26 წლის ფორვარდი დავით ჩაგელიშვილი. ამ გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"