"აზერიფუტბოლი" აცხადებს, რომ ეს არის ცხადაძის ყველაზე გულახდილი ინტერვიუ, რაც ის აზერბაიჯანში მოღვაწეობს.
"2013 წელს "ინტერის" საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც მსურდა. დიახ, ჩემპიონატში მესამე ადგილი ურიგო შედეგი არ არის, მაგრამ ევროპალიგაზე უფრო შორს გასვლას ვგეგმავდით. "ტრომსიო" უნდა გაგვევლო. ამის შემდეგ ახალ ჩემპიონატში ცუდი დროება დაგვიდგა, მქონდა პრობლემა პრესის წარმომადგენლებთანაც" - განაცხადა ცხადაძემ.
რას
კახა ცხადაძე ერთობ დელიკატურ თემასაც შეეხო, სიტუაცია, რომელიც მას ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეექმნა, არც ისე სასურველია. ბოლო დროს ადგილი ჰქონდა ჟურნალისტთა დემარშსაც ცხადაძის პრესკონფერენციაზე.
ცხადაძე ხსნის ამის მიზეზებს: "პირადად ჟურნალისტებს პატივს ვცემ, მათ შორის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსაც. უბრალოდ, თავად მაქვს რთული ხასიათი და თქვენ ეს კარგად იცით. ისეთ ასაკში ვარ, რომ ხასიათის გამოცვლა ძალიან ძნელია.
ჩემი შეცდომა იყო, წაგებული თამაშების შემდეგ პრესკონფერენციებს რომ ვაცდენდი. საკუთარ შეცდომას ვაღიარებ, მაგრამ სხვაც უნდა ვთქვა - ზოგს ვატყობ "ინტერისა" და ჩემ მიმართ ცუდ განწყობას. ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ ჩემ გამო ჩემს ფეხბურთელებსა და კლუბს ესხმიან თავს. კი ბატონო, ვძულდე მე, მაგრამ კლუბს რას ერჩიან?
ცხადაძე "ინტერის" პრობლემებზეც ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში თავად დაუშვა შეცდომები. "ინტერის" სუსტ წერტილად კი შეტევის ხაზს მიიჩნევს:
"შეტევა გასაძლიერებელია. ბაჩანას ტრავმის მერე იძულებული გავხდი, შეტევის ცენტრში გარემარბები - კოლი და ჯავადოვი მეთამაშებინა. ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთი გამტანი ფორვარდი. შეიძლება, ერთი მცველიც შევიძინოთ. სატრანსფერო პოლიტიკა სიჩქარეში ვაწარმოეთ და შეცდომები დავუშვით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გუნდის შედეგებზე პასუხს მე ვაგებ. ასევე მე ვარ პასუხისმგებელი ტრანსფერებზეც".
ცხადაძემ აღიარა, რომ სეზონის დასაწყისში "ნეფთჩისთან" მატჩის შემდეგ კლუბიდან წასვლაზე განცხადება დაწერა: "ეს ბევრმა არ იცის და თან ორჯერ დავწერე განცხადება წასვლაზე. პირველად, როცა ევროპალიგიდან გამოვვარდით, მეორედ - "ნეფთჩისთან" და "სიმურგთან" წაგების მერე. პრეზიდენტმა ჯახანგირ გაჯიევმა დამარწმუნა, რომ არ უნდა გადავმდგარიყავი".
ცხადაძემ იმ ხმებზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მას საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ: "საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი - თემურ ქეცბაია, რომელსაც პატივს ვცემ. ძალიან სამწუხაროა, რომ მას პრობლემები ჰქონდა ნაკრებში და ეს საჯარო გახდა, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი დალაგდა. ქეცბაიას წარმატებას ვუსურვებ, ის ხმები კი ძალიან შორს იყო სინამდვილესთან.
თან, როცა პრეზიდენტი ასე კარგად მომექცა, "ინტერს" შუა სეზონში როგორ დავტოვებ. "ინტერი" ჩემთვის თითქმის ოჯახია და ეს ცარიელი სიტყვები არაა".
ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძემ ფეხბურთელებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ლაპარაკი აუკრძალა