ალექსანდრე იაშვილი: თემურ ქეცბაიამ ბოდიში მომიხადა

AutoSharing Option
36 წლის გახლავთ და, შესაძლოა, მომდევნო სეზონშიც ითამაშოს პროფესიულ დონეზე. ის ახლა ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელია.

გერმანიაში გატარებული 15 წლის შემდეგ აზერბაიჯანს მიაშურა და იქაც სიამოვნებით აგორებს ბურთს.

თავმდაბლობა და პუნქტუალურობა ცხოვრებაში, მიზანდასახულობა და სწორი თამაში მოედანზე - იაშვილს ასეთად იცნობენ. მან ნაკრებში 67 მატჩი ითამაშა და 15 გოლი გაიტანა - ესეც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

საახალწლო დღეებში იაშვილი თბილისში გახლდათ და "ლელო წეეკ-თან" ინტერვიუსთვისაც მოიცალა:

- როგორ შეეწყვეთ ბაქოს "ინტერს"? რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თამაშით?
- ჩემპიონატის პირველი წრე კარგად ვერ დავიწყეთ,
მერე ყველაფერი უკეთ წარიმართა. მეორე წრის ბოლოს უშუალო კონკურენტ "ყარაბაღთან" წავაგეთ, არადა, რომ მოგვეგო, ორი ქულით მივუახლოვდებოდით ლიდერებს. ახლა, პირველ ადგილზე მყოფ "ყარაბაღს" 9 ქულით კი ჩამოვრჩებით, მაგრამ სეზონის მეორე ეტაპზე ყველას ორ-ორჯერ უნდა ვეთამაშოთ და შეუძლებელი არაფერია. მეორე წის 9 მატჩიდან 6 მოვიგეთ და ოპტიმიზმის საფუძველს ესეც გვაძლევს.

- "ინტერი" საშინაო მატჩებს ხელოვნურ საფარზე თამაშობს. ეს დისკომფორტს არ უქმნის 36 წლის ფეხბურთელს?
- რა თქმა უნდა, კარგ მინდორზე თამაშს არაფერი სჯობს. აზერბაიჯანში ორჯერ ისეთ ცუდ მინდორზე მოგვიწია თამაშმა, ამას ნამდვილად სჯობია ჩვენი ხელოვნური საფარი, რომელიც ძალიან კარგი ხარისხისაა, ბოლო თაობის მოედანია. მოკლედ, ხელოვნურ საფარზე თამაშს მივეჩვიე.

- შეგიძლიათ იმის თქმა, რომ გერმანიიდან აზერბაიჯანში გადასვლას არ ნანობთ?
- არანაირად. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ, ამის შემდეგ აღარ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, რა სჯობდა და რა - არა. რადგან მივიღე ეს გადაწყვეტილება, ესე იგი, ამისთვის მზად ვიყავი. მსიამოვნებს ის ურთიერთობა, რაც "ინტერშია". კახა ცხადაძესთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ვაფასებ მას, როგორც ადამიანს და როგორც მწვრთნელს. რაც შეეხება "ინტერის" დანარჩენ ქართველებს - გიორგი ლომაიას, ლაშა სალუქვაძეს და ბაჩანა ცხადაძეს, მსიამოვნებს მათთან ერთ გუნდში თამაში.

- პარალელურად, საფეხბურთო მენეჯერის კურსებსაც გადიხართ გერმანიაში ინტერნეტის საშუალებით. რა ხდება ამ მიმართულებით?
- სერიოზული სწავლა მიდის, რთული პროცესია, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. იანვრის ბოლოს პირველი გამოცდის ჩაბარება მიწევს.

- ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო ვითარება დაიძაბა. შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ დაგირეკათ. თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გაგვიმხილოთ, რაზე ისაუბრეთ? ნაკრების მწვრთნელს ხომ არ ეგონა, რომ თქვენც აპირებდით მწვავე კომენტარების გაკეთებას? ფაქტია, ნაკრებიდან მიუღებელი ფორმით გაგიშვეს...
- რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი და ვფიქრობ, აღარ არის საჭირო ისევ იმას მივუბრუნდე. ქეცბაიამ რომ დამირეკა, იმის ახსნას შეეცადა, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით. მან ბოდიში მომიხადა და ისიც მითხრა, რომ ვერ შეძლო ამის თქმა თავის დროზე.

- სეზონის დასრულების შემდეგ რას აპირებთ? მენეჯერობას თუ ისევ ფეხბურთელობას?
- ჯერ არ ვიცი. გადაწყვეტილებას მარტში ან აპრილში მივიღებ. 50/50-ზეა იმის შანსი, რომ ისევ ვითამაშო ფეხბურთი. მინდა, ისეთ დროს დავანებო თამაშს თავი, როცა ჯერ კიდევ კარგ ფორმაში ვიქნები.

- ისევ ეროვნულ ნაკრებზე გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის მთავარი გუნდისთვის აქვს მნიშვნელობა იმას, მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი?
- არა, მწვრთნელის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- ამ ცოტა ხნის წინათ, შოთა არველაძემ გვითხრა - ლუის ვან გაალი რომ იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ბევრ რამეს შეცვლიდაო. ახლა თქვენ გკითხავთ - საქართველოს ნაკრები იურგენ კლოპმა რომ ჩაიბაროს, რას გააკეთებდა?
- კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა თეორიულადაც ძნელია იმის თქმა, რა შედეგს მივიღებდით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რომ გამხდარიყო.

- საქართველოს ჰყავს რამდენიმე საინტერესო მწვრთნელი. ერთ-ერთი მათგანი კახა ცხადაძეა. თქვენი თვალთახედვით, როგორი სპეციალისტია ის?
- სულ რომ საოცრება გააკეთო და მაგარი გოლი შეაგდო, მას მაინც ის ურჩევნია, რომ ეს ყველაფერი მისი ნახაზის მიხედვით მოახერხო. ცხადაძეს ისეთი ვარჯიშები აქვს, მის გუნდს რომ შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ იდეა მისია. სწორი, დალაგებული თამაში, სადაც ბევრი მოკლე პასია - ცხადაძე სწორედ ისეთ ფეხბურთელებს იწვევს, ასეთ სქემაში რომ ჩაჯდებიან. მე ხან მარცხენა, ხან კი მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მათამაშებს. უკან ჩასვლა არ მიწევს, თუმცა ერთ-ერთი "სტოპერის" ამოკეტვა მევალება. ჩემი ფლანგიდან თუ წავა მეტოქის მცველი შეტევაში, მისკენ ჩვენი განაპირა მცველი მიდის. სულ იმას ვცდილობთ, მოედნის კონკრეტულ მონაკვეთზე სამკუთხედი შევქმნათ და რიცხობრივი უპირატესობა მოვიპოვოთ.

- მონახაზი, თამაშის სტილი ერთია, მაგრამ მეორე საკითხია ურთიერთობა ფეხბურთელებთან, რაშიც ყველა მწვრთნელი ვერ არის წარმატებული...
- ეს ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ფოლკერ ფინკე სულ იმას ამბობდა - როცა ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი, სულ ომი და ჭიდაობა მქონდა ფეხბურთელებთან, წლების მერე კი მივხვდი, რომ ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, როცა არ თამაშობსო. ნორმალური ურთიერთობა და პატივისცემა ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს მწვრთნელისგან, იმის მიუხედავად, უწევს თამაში თუ არა. ამის გარეშე წარმოუდგენელია გუნდის შენება.

წლების წინათ სხვანაირად იდგა საკითხი - ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ერთ ფეხბურთელს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასეთები ახლაც ხდება, მაგრამ თუ გუნდური სული არ არის, თუ ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ნაკრებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თუ გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია ეგოისტი, არადა, საქმე მოითხოვს, რომ გუნდში თითოეული ფეხბურთელი უნდა იყოს მთავარი.

2004 წელს პორტუგალიაში საბერძნეთის ნაკრები რომ გახდა ევროპის ჩემპიონი, ამას სწორი თამაშის გარდა იმითიც მიაღწია, რომ გუნდური სული ჰქონდა, თორემ სხვა ნაკრებებს უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდათ.

- საქართველოს ნაკრებს არ ჰქონდა გუნდური სული მაშინ, როცა თქვენ თამაშობდით ქვეყნის უპირველეს კრებულში?
- ჩვენ სულ იმას ვცდილობდით, რომ ერთი გუნდი ვყოფილიყავით. და, რატომ არ გვქონდა შედეგი? იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა, ბევრი რამის თანხვედრაა საჭირო...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარე იაშკა, მუდამ კარგი ფეხბურთელი და კარგი კაცი იყავი. ღმერთმა დაგლოცოს და ჯანმრთველობა მოგცეს.
gizog
14:11 19-01-2014
0
ქეცბაიას კაცობა არ ეშლება, იმასაც კარგად ხვდება თუ შეცდომა დაუშვა რომ მერე ბოდიში მოიხადოს. თქვენ იკითხეთ,რისთვის ხართ ამ სამყაროში გაჩენილები, ლანძღვის და ჩირქის მოცხების გარდა რომ არაფერს აკეთებთ ვაი ჟურნალისტებო და ფეხბურთელებო.
zuka
15:24 19-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული